თბილისმა საცობებს თავი ვერაფრით დააღწია

თბილისმა საცობებს თავი ვერაფრით დააღწია

თბილისში საცობების მოსპობას ვერც გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელმა ევროსტანდარტების მაგისტრალმა უშველა. უფრო მეტიც, პიკის საათებში მოედანზე საკმაოდ დიდი საცობი წარმოიქმნება, რაც როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების გაღიზიანებას იწვევს. არადა, ამ მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე სააკაშვილიც და უგულავაც ერთხმად ირწმუნებოდნენ, რომ მისი ერთი ფრთის გახსნის დღიდანაც კი თბილისის ცენტრალურ უბნებში მოძრაობა თუ სრულებით არა, ნაწილობრივ მაინც განიტვირთებოდა.

მიუხედავად პარალელური ქუჩებისა, მუდმივი საცობია აღმაშენებლის გამზირზეც, რომელსაც სააკაშვილი საფეხმავლოდ გადაკეთებას უპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი რეალურად განხორციელდა, მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ეს მონაკვეთი, გარდა აღმაშენებლის ქუჩისა, საერთოდ გაუვალი გახდეს.

ხშირად არა, მაგრამ საცობს წააწყდებით მტკვრის როგორც ერთ, ასევე მეორე სანაპიროზე, განსაკუთრებით კი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე საცობია ვახუშტის ხიდზეც და რომ არა ქუთაისის ქუჩის კუთხეში ე.წ. სამკუთხედი, საბურთალო-დიდუბის რაიონების ამ დამაკავშირებელ ხიდზე პიკის საათებში გავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა.

ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თითქმის სრულდება, მაგრამ ამით თბილისში გადაადგილების პრობლემა არ მოგვარებულა. საცობი გმირთა მოედანზე ისევეა, როგორც მანამდე იყო. უფრო მეტიც, გზის დავიწროვების გამო ხშირად, განსაკუთრებით კი პიკის საათებში, მოედანზე გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

თავად ამ მაგისტრალის მშენებლობა სწორედ საცობების განტვირთვისა და მოძრაობის მოწესრიგების მიზნით მერიამ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. თითქოს ევროპული სტანდარტების მიხედვით აშენებული გზის სიგრძე ოთხი კილომეტრია. ახალი გზა გარეგანათების სისტემით და საგზაო ნიშნებით არის აღჭურვილი. მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გზის ორივე მხარეს მონტაჟდება ბეტონის თვალამრიდები. აღსანიშნავია ისიც, რომ გზის მშენებლობისას გამოიცვალა მაგისტრალური წყალსადენის, გაზსადენისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე გმირთა მოედნის გვირაბს, სადაც გამოიცვალა დაზიანებული გზის საფარი და განათების სისტემა.

ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა კი თბილისის მერიას მთლიანად 80 მლნ ლარი უჯდება. "მაგისტრალის მშენებლობა მთლიანობაში 80 მლნ ლარი ჯდება. მშენებლობა შარშან დაიწყო, ამიტომ თანხის ნაწილი - 30.8 მლნ ლარი ქალაქის 2009 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო, დანარჩენი 49.2 მლნ კი წლევანდელიდან", - განაცხადეს მერიაში.

ესტაკადის მშენებლობა ივლისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მდინარე ვერეზე ხუთი ხიდი აშენდება, ორდონიანი კვანძი გმირთა მოედანზე ხილიანის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით. გარდა ამისა, მაგისტრალზე მოეწყობა სამი ესტაკადა. მათ შორის, თამარაშვილის ქუჩიდან გასასვლელი 480მ სიგრძისა და გმირთა მოედანზე გასასვლელი 520-მეტრიანი ესტაკადები.

"მაგისტრალი ვაკე-საბურთალოს გზაზე სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს და ასევე, ვარაზისხევში ეკოლოგიურ სიტუაციას გამოასწორებს. კერძოდ, მაგისტრალის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება ჭავჭავაძის გამზირზე, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და პეკინის ქუჩებზე", - აცხადებდნენ მერიაში.

ახალი მაგისტრალი პრეზიდენტმა სააკაშვილმა და უგულავამ სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გახსნეს და პირველი მონაკვეთი "ფორმულა 3"-ის მანქანით გაიარეს. მაშინ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გზის მშენებლობით მთავრობა თბილისში მოძრაობის გაადვილებას ცდილობს.

"თბილისში ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგდა და ამიტომ ხელისუფლებას შესაბამისი ზომები უნდა მიეღო. რაც უნდა ვილაპარაკოთ გაჭირვებაზე, მანქანების რაოდენობა მატულობს. ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წლების განმავლობაში მანქანების რაოდენობა გაორმაგდა, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ავტომობილების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ვულოცავ ყველა თბილისელს ამ ახალი გზის გახსნას. მე თავის დროზე ხილიანზე ვცხოვრობდი და ბინა მხოლოდ იმის გამო გადავცვალე, რომ გადაადგილება შეუძლებელი იყო. გზის მშენებლობა რომ დასრულდება, ქუჩა მთლიანად განიტვირთება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ თითქმის 5 თვე გავიდა, ამ პერიოდში მაგისტრალის კიდევ ერთი ფრთა გაიხსნა, თუმცა დღემდე თბილისში, კერძოდ კი გმირთა მოედანზე საცობის პრობლემა არ მოგვარებულა. როგორც თბილისელი მძღოლები აცხადებენ, დედაქალაქში ეს პრობლემა კიდევ დიდხანს იარსებებს.

"თბილისში საერთოდ გადაადგილება ძალიან ჭირს, განტვირთული გზები მხოლოდ ზაფხულშია, როდესაც თბილისელების დიდი ნაწილი ქალაქიდანაა გასული. როგორც კი სასწავლო პროცესი დაიწყება, თბილისი ისევ საცობების ქალაქად იქცევა. აღმაშენებლის გამზირი, ვახუშტის ხიდი, გმირთა მოედანი, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის გამზირი - მთელი ქალაქი საცობია. მერიაში ამბობენ, რომ აპირებენ შემოვლითი გზების მშენებლობას, ქუჩების განტვირთვას, მაგრამ როგორც ჩანს, არ გამოსდით", - გვითხრა 35 წლის მერაბ მაღალაშვილმა, რომელიც უკვე 15 წელია მძღოლია.

"საბჭოთა პერიოდში თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე ავტომანქანით სიარული პრობლემა არ იყო. მართალია, პიკის საათებში საცობები მაშინაც იქმნებოდა, თუმცა ის, რაც დღეს ხდება, საშინელებაა. სამსახურიდან სახლში 20-წუთიანი გზის დაფარვას ხანდახან ერთ საათზე მეტი სჭირდება. განსაკუთრების მძიმდება სიტუაცია, როდესაც "პრობკა" იმ ადგილასაა, სადაც ქუჩა ვიწროა და მანქანების მოძრაობაც ორმხრივია. მთავრობამ ამ პრობლემას როგორმე უნდა მიხედოს და დაარეგულიროს მოძრაობის წესები.

თბილისის მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ ახალი ესტაკადით ეს პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, უფრო მეტად დაიტვირთა გმირთა მოედანი. მოკლედ, თბილისს ამ მხრივ არაფერი ეშველება", - გვითხრა 50 წლის მამუკა ძნელაძემ.

სპეციალისტების თქმით კი, საცობი თბილისში მუდმივად იქნება, რამდენადაც რელიეფიდან გამომდინარე ტაფობში მდებარეობს და მდინარე მას ორ ნაწილად ჰყოფს, რაც გზებს, პრაქტიკულად, გაუვალს ხდის. გარდა ამისა, თბილისის კალთებზე შეფენილია პატარ-პატარა ქუჩები, რაც მოძრაობას ასევე აფერხებს.