ბოლო დროს ბევრი ბრალდება გაისმის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მისამართით. ამჯერად მის ოჯახს რამდენიმე თანასოფლელი უპირისპირდება და თანხების გამოძალვაში ადეიშვილის მამას, შალვა ადეიშვილს ამხელენ.
ზურაბ სეფიაშვილი წართმეული თანხის დაბრუნებას მოითხოვს. შალვა ადეიშვილს პრეტენზიას კიდევ 7 მოიჯარე უყენებს. მათი მტკიცებით, ადეიშვილი ხალხს ჩაბარებულ კილოგრამ ყურძენში 20 თეთრს სძალავდა.
ზურაბ სეფიაშვილი: - 2004 წლიდან ჩემი ცხოვრება აირია - ახალ მთავრობას ვერ მოვერგე. ბაკურციხეში ჯიხური და თონე მქონდა. არჩევნების წინა პერიოდში "ნაციონალებმა" ფულადი დახმარება მთხოვეს, უარი ვუთხარი და ეს არ მაპატიეს. ერთ დღეს ჩემი ჯიხური გადაგდებული დამხვდა, თონეც დამიკეტეს და უშემოსავლოდ დავრჩი. ვალების გამო იძულებული გავხდი, სახლი გამეყიდა. უსახლკაროდ დარჩენილი თბილისში ჩამოვედი და არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი. მებარგულად ვმუშაობდი, ვვაჭრობდი, საღამოს ტაქსიზე ვიჯექი, სამი შვილი რომ მერჩინა. ბინის ქირას ვიხდიდით და თავი ძლივს გაგვქონდა. სოფელ მთისძირში, ჩემს დედულეთში, ბიძაშვილს სახლი დაკეტილი ჰქონდა და დამითმო. გახარებული წავედი, ვიფიქრე, ღორებს გავზრდი და შემოსავალი გამიჩნდება-მეთქი.
ღორების საყიდელი ფული არ მქონდა და 2006 წელს, შპს "ჭიკაანის" ღვინის მარანში მე და ჩემმა მეუღლემ მუშად დავიწყეთ მუშაობა. დღეში 10-15 ლარს გვაძლევდნენ. აგრობრიგადირს ვთხოვე, სამუშაოს დასრულების შემდეგ დამატებით ვიმუშავებთ-მეთქი. დაგვთანხმდა და დამატებით 20 ლარისას კიდევ ვმუშაობდით. ასე მოვაგროვეთ ცოტა ფული და ღორები ვიყიდეთ, მაგრამ ჭირმა გაგვიწყვიტა. გადავწყვიტეთ, ნაკვეთი აგვეღო და დაგვემუშავებინა. მართალია, ჩემი შვილები 12-13 წლისანი იყვნენ, მაგრამ ჩვენ გვერდით მუშაობდნენ. შემდეგ მეპატრონემ გადაწყვიტა, იჯარით დაენაწილებინა ვენახი. 2009 წლიდან ჩვენც ერთ-ერთი მოიჯარე გავხდით, სულ რვანი ვიყავით. ორი ჰექტარი ავიღე და საფერავის ჯიშის ვენახს ვამუშავებდი. მეპატრონე მარტო მიწის გადასახადის გადახდას გვთხოვდა. ასევე გვეხმარებოდა წამლისა და ტრაქტორის მოძიებაში და წლის ბოლოს გაწეულ ხარჯს ვფარავდით. მეპატრონის მოგება ის იყო, რომ ვენახი შეენახებოდა... ასე ვმუშაობდით, სანამ წილში ადეიშვილის მამა არ ჩაგვიჯდა.
რა კავშირი ჰქონდა ამ ფირმასთან?
- მთელ ყვარელს აკონტროლებდა და მშრომელ ხალხს ფულს სძალავდა. მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს გახსნიდი. სკოლაში ბუფეტის გახსნა გადავწყვიტე და ამ საკითხზე მასთან რომ მივედი, იმის წილში ჩაჯდომაც მოინდომა, არადა, სულ რაღაც 20 ლარი შეიძლებოდა დამრჩენოდა. უარი ვთქვი.
"ჭიკაანის" ღვინის მარანში შალვა ადეიშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფირმის აღმასრულებელი დირექტორი ილია ჩოხადარი დაიჭირეს. მას მერე დირექტივებს შალვა ადეიშვილი იძლეოდა. მიწის გადასახადი სასწრაფოდ გაგვიორმაგა და ყურძნის ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გამოგვიცხადა, კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრი უნდა მომცეთო. როგორც კი ჩავაბარე, დამირეკა, ფულის გადახდაზე რას ფიქრობ, 11 ტონა ჩააბარე და 2.200 ლარი უნდა მომცეო. რაში მახდევინებ-მეთქი? როგორც გითხარი, ისე მოიქეციო. მაშინ წერილში დამიწერე, რა მაქვს გადასახდელი, ბეჭედი დაარტყი, ანგარიშის ნომერიც მიაწერე და თანხას გადმოგირიცხავ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ჩივილს ხომ არ მიპირებო? უსახლკარო კაცი ვარ, ვცდილობ, ჩემი შრომით დავაღწიო თავი გაჭირვებას და რატომ უნდა მოგცე ფული-მეთქი? შენ თუ არ გაგანადგურო, ნახავ, ხომ იცი, ვინც მე მიღალატა, ყველა გაუბედურდა და შენც გაუბედურდებიო.
ვიცოდი, ყველაფრის გამკეთებელი იყო. ერთხელ თვითონ მომიყვა, დედოფლისწყაროში პატრული როგორ დასაჯეს მის გამო. მანქანით მთვრალი მოვდიოდი და პატრული მაჯარიმებდა. ვუთხარი, კარგად დახედე საბუთებს, გვარი არაფერს გეუბნება-მეთქი? მიპასუხა, რას ამბობთ, ძია, რა მნიშვნელობა აქვს გვარს, მთვრალს მანქანით ვერ გაგიშვებთ, უნდა დაგაჯარიმოთო. მაშინვე ჩემს ბიჭს დავურეკე, 10 წუთში 4 პროკურორი მოვიდა, ოლქის პროკურორმა დაადო ხელბორკილი იმ პოლიციელს და წაიყვანესო. ეს ამბავი დედოფლისწყაროელებთანაც გადავამოწმე, მითხრეს, პატიოსანი ბიჭი დაღუპა, უდანაშაულოდ ციხეში გამოკეტაო.
ჩემმა ძმამ და მეუღლემ მირჩიეს, შალვასთვის ფული მიმეტანა. იმ თანხას გაორმაგებული მიწის გადასახადი და შესაწამლავში გადახდილი თანხაც დაემატა და 3.450 ლარი ჩავუტანე კახეთში.
რა გითხრათ?
- ყვარლის საკრებულოში ჰქონდა კაბინეტი. "ნაციონალების" ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ბოდიშის მოხდით შევედი, მიხაილოვიჩ, შემეშალა, აგერ მოგიტანე ფული და მაპატიე-მეთქი. გამომართვა. იქიდან თბილისში დაბრუნებული "ოცნების" ოფისში მივედი და გავწევრდი. პოლიტიკაში ჩაბმას არასოდეს ვაპირებდი, მაგრამ ისე გამამწარა ამ ხალხმა, რომ ერთი სული მქონდა, მათი პარპაში დასრულებულიყო. ადეიშვილმა ყველა მოიჯარეს კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრი წაართვა. ამას სხვებიც ადასტურებენ. უკვე ყველა დაჰკითხეს.
ამ კაცს მთელი ყვარელი გამწარებული ჰყავდა. თუ სადმე რამე მუშაობდა, წილში იჯდა. ამიტომაც "ყვარლის ფაშას" ეძახდნენ. ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა, სხვა რა გზა ჰქონდათ?! ახლაც ბევრს ეშინია, ამიტომ ჯერ ისევ ჩუმად არიან. ჩემნაირ გაჭირვებულს რომ ამხელა თანხას წაართმევს, ის ადამიანია?
საქმეს ყვარლის პოლიცია იძიებს. გამომძიებელ რობა ჭილაურიშვილთან გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ თავი შეიკავა: "მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ", - გვითხრა გამომძიებელმა.
ბატონ შალვა ადეიშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.