ხორცის ფასისა და სასაკლაოების თემის გამო დეპუტატები ლევან ვეფხვაძე და აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პარლამენტის სხდომაზე ბობოხიძემ ლევან ვეფხვაძეს მატყუარა უწოდა.
"ბატონო ლევან, გეფიცებით ამის თქმას არ ვაპირებდი, თუმცა, უნდა ვთქვა: თქვენ, ორჯერ იცრუეთ, თქვენ ხართ მატყუარა კაცი", – მიმართა ბობოხიძემ ლევან ვეფხვაძეს.
ბობოხიძის თქმით, ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თბილისში თითქოს ხორცი მხოლოდ ორი სასაკლაოდან შემოდის.
დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ აპელირებს ვეფხვაძე იმ ტელევიზიის სიუჟეტით, რომლებისთვისაც მოსული წყალი დაწყვეტილია.
აკაკი ბობოხიძემ ლევან ვეფხვაძეს შესთავაზა, შემოიარონ ყველა სასაკლაო და ყველა სუბიექტი – რეალური სასაკლაოები და არა ლოტკინელი სპეკულანტები, რომლებიც ვირის ხორცით ვაჭრობენ.
ასევე, ბობოხიძემ ვეფხვაძეს კონკრეტულად ყარაჯალას სასაკლაოზე წასვლაც შესთავაზა.
"მერე აღმოაჩენთ, რომ ყარაჯალას სასაკლაოს ელემენტარული რამ აქვს გასაკეთებელი, რატომ ვერ აკეთებს, ვერ ვხვდები, დარეგისტრირდეს საგადასახადო სისტემაში, იმიტომ, რომ ნებისმიერი მწარმოებელი უნდა იყოს დარეგისტრირებული", – მიმართა ბობოხიძემ ვეფხვაძეს.
ლევან ვეფხვაძემ აკაკი ბობოხიძის შეთავაზება მიიღო, თუმცა დეტალური პასუხი არ გასცა.
"მე არ დავალ თქვენს დონეზე ბატონო კაკო და არ ვიტყვი იმ სიტყვებს რითაც თქვენ მომმართეთ – მატყუარა" – განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ამ ტერმინებით საუბარი, მისი ღირსებისთვის შეუსაბამოა.