100 წელიწადზე მეტი გავიდა "ტიტანიკის" ტრაგედიიდან, თუმცა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ამ უზარმაზარი გემის ჩაძირვის მიზეზად მეცნიერები ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ...
1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან იმ დროისათვის უდიდესი სამგზავრო ლაინერი შორეული ამერიკისკენ გაემგზავრა. როგორც წესი, ოკეანეში გასულ გემს ნათლავენ”(შამპანურის ბოთლს გემის კორპუსზე ამსხვრევენ), "ტიტანიკი" კი”მოუნათლავი გავიდა პორტიდან, ცრურწმენას აყოლილ მეზღვაურებს ეს ამბავი ცუდად ენიშნათ, მაგრამ გემის დაღუპვას მაინც ვერავინ წარმოიდგენდა. საუთჰემპტონის დატოვებიდან 4 დღის შემდეგ, 14 აპრილს "ტიტანიკი" აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. ბრიტანელი მკვლევრების აზრით, როგორც კი გემი სანაპიროს მოშორდა და გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო, კაპიტანმა ედუარდ სმიტმა სწრაფი სვლის ბრძანება გასცა, რადგან ოკეანის რეკორდულ დროში გადასერვას ცდილობდა. სწორედ ეს სისწრაფე გახდა "ტიტანიკის" დაღუპვის მიზეზი - აისბერგის დანახვისას გემმა მყისიერად გაჩერება ვერ შეძლო... თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
"ტიტანიკის" 2 223 მგზავრს შორის საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული პოლონელი ლუდვიგ როპიაკიც იყო, რომელიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა.
ცირა ჩიქოვანი (ლუდვიგ როპიაკის, შვილიშვილის შვილი) -„ჩემი დიდი ბაბუა, ლუდვიგ როპიაკი, პოლონეთში, ქალაქ ლოძში ცხოვრობდა. კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობდა და საქართველოში მათი დავალებით XX საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. ბაბუა დურგალი იყო და თან ჩამოიტანა ხელნაკეთი მაგიდა, რომლის ფეხებში დამალული იყო სასტამბო შრიფტი (ეს მაგიდა დღეს ბათუმში, მუზეუში ინახება). სწორედ ამ შრიფტს იყენებდნენ შემდგომ იატაკქვეშა ორგანიზაციები პროკლამაციებისა თუ არალეგალური გაზეთების დასაბეჭდად. ლუდვიგ როპიაკი მეგობრობდა სტალინთან, რომელიც ბათუმში ყოფნისას უსათუოდ სტუმრობდა ბაბუას და ხშირად რამდენიმე დღეც რჩებოდა ხოლმე. საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე, ბაბუამ სოფელ შრომაში გაიცნო ბებია - ხომერიკის ქალი და დაქორწინდნენ კიდეც. მათ 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.
ბებია როგორ შეხვდა ბაბუას კომუნისტებთან ურთიერთობას?
- როგორც ჩანს, ბებიაც თანაუგრძნობდა პარტიას, რადგან როცა კრება ტარდებოდა, ყარაულად იდგა და თუ რაიმე სახიფათოს შენიშნავდა, მაშინვე აცნობებდა ხოლმე თავისიანებს.
რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ლუდვიგი და მისი მეუღლე საქართველოში?
- ჩამოსვლიდან 7-8 წლის შემდეგ ბაბუა აქ ვეღარ გაჩერდა, ძალიან აქტიური კაცი ყოფილა, და ევროპაში წავიდა. ბებიას დაჰპირდა, რომ როგორც კი მოეწყობოდა, ცოლ-შვილსაც წაიყვანდა.
ევროპაში ჩასული თუ ეხმიანებოდა ცოლ-შვილს?
- კი, ევროპიდან სისტემატურად გზავნიდა წერილებს. ბოლო წერილი ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან იყო და 1912 წლის აპრილით თარიღდებოდა. როგორც უკვე გითხარით, ბაბუა დურგალი იყო და ამ წერილში წერდა, რომ გემზე თავისი ხელობით მუშაობდა და მალე ოჯახსაც წაიყვანდა... ამის შემდეგ ბაბუას კვალი იკარგება. ბებია ისე გარდაიცვალა, რომ ქმრის ასავალ-დასავალი არ იცოდა...
დაახლოებით 4 წლის წინ სტუმრად ვიყავი ისრაელში ნათესავთან, რომელმაც მითხრა, რომ ბაბუას კვალს მიაგნო. თურმე ევროპაში მყოფ ბაბუას გადაუწყვეტია, ამერიკაში ეცადა ბედი და არც მეტი, არც ნაკლები, "ტიტანიკით" განუზრახავს იქ ჩასვლა. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვერ ვიჯერებდი, სანამ "ტიტანიკის" მგზავრთა სიაში არ ამოვიკითხე ლუდვიგ როპიაკის გვარი.
ამის შესახებ მანამდე არაფერი იცოდით ან თქვენ ან ბებიამ?
- როგორც გითხარით, ბაბუას ბოლო წერილი საუთჰემპტონიდან იყო გამოგზავნილი, 1912 წლის აპრილში, როგორც ჩანს, გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. ალბათ, გეგმავდა, რომ ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ გაემხილა ოჯახისთვის თავისი ადგილსამყოფელი და არ ჩათვალა საჭიროდ წერილში დეტალების დაკონკრეტება...
ეს წერილები შენახული გაქვთ?
- ბებია ყველა დოკუმენტს, წერილსა თუ ნებისმიერ საბუთს ერთ შავ საკვოიაჟში ინახავდა, რომელთან მიკარებაც ბავშვებს გვეკრძალებოდა, თუმცა მაინც მივიპარებოდით ხოლმე და შიგნით ვიქექებოდით... სამწუხაროდ, საკვოიაჟი ოჯახიდან დაიკარგა. იქ ბებიასა და ბაბუას ფოტოებთან ერთად ლუდვიგის ყველა წერილიც იყო, მათ შორის, ის ბოლო წერილი, რომელიც "ტიტანიკზე" ასვლამდე გამოგზავნა.
ქალბატონო ცირა, დღეს თქვენ როპიაკის გვარს აღარ ატარებთ, რატომ?
- 70-იან წლებში მამას თანამდებობაზე ნიშნავდნენ და როცა მისი გვარი გაუგიათ, ვიღაცას მწარედ უთქვამს, - ეს რუსი (როპიაკი რუსული გვარი ეგონათ) რომ არ დავნიშნოთ, ქართველები აღარ არიანო?! მამა იძულებული გახდა, დედის გვარზე გადასულიყო. სწორედ ამიტომაც ვარ დღეს ჩიქოვანი.
1913 წელს, "ტიტანიკის" დაღუპვის შემდეგ, მიღებულ იქნა პირველი საერთაშორისო კონვენცია "ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ". შეიქმნა წესდება, რომელსაც ყველა გემი უნდა დამორჩილებოდა: მგზავრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ სასწავლო განგაშში; გემზე მყოფი ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ადგილი მაშველ კანჯოში და ა.შ. ეს კონვენცია ტრაგედიამდე რომ მიეღოთ, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ლუდვიგ როპიაკის ცხოვრება, რომელმაც სამუდამო განსასვენებელი საქართველოდან და მისი ოჯახიდან ძალიან შორს, ატლანტის ოკეანის ფსკერზე პოვა.