რატომ სვამს დილაობით კონიაკს და ვინ აჩენს ბავშვს კობა ბექაურისგან?

რატომ სვამს დილაობით კონიაკს და ვინ აჩენს ბავშვს კობა ბექაურისგან?

(იბეჭდება შემოკლებით)

კობა ბექაურს ჩაკეტილ კართან ზუსტად 20 წუთს ველოდე. ნერვები „მომეშალა“ და „დავიფიცე“, რომ „ნაციონალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს „სამაგიეროს“ გადავუხდიდი, თუმცაღა მასპინძელი წინასწარ არ გავაფრთხილე, რომ პროვოკაცია უნდა „მომეწყო“ და პირდაპირ „შეტევაზე“ გადავედი:

კობა, გახსოვს, საკრებულოს წევრობის დროს რა კარგი ბიჭი იყავი?

- ახლა, რა, ცუდი ბიჭი ვარ?

ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჟურნალისტებს „იქით“ ელოდებოდი, ახლა კი შეხვედრაზე თითქმის ნახევარ საათს დაიგვიანე...

- კომიტეტის სხდომაზე ვიყავი, ბოდიშს ვიხდი და ერთხელ მეპატიება.

ე.ი. პირობას დებ, რომ დეპუტატობა და უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობა „თავში“ არ „აგივარდება“?

- არა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ იმ პარლამენტში მომიწევს მოღვაწეობა, რომელმაც ქვეყანაში უამრავი პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. მეც ბევრი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული.

ისე, პულტებით მანიპულირება და „ხმების“ გაყალბება უკვე ისწავლე?

- არა, რადგან ყველას საკუთარი პულტი გვაქვს.

კი, ბატონო, მაგრამ ბიჭები მოსაწევად რომ გადიან, დავიჯერო, თავიანთ პულტებს არ გიტოვებენ?

- ეს რომ გითხრა, მერე ამ ინტერვიუს მანდატური გამოიყენებს.

ხმებს გივრცელებენ, მშიშარააო. მართალია?

- მთიული ვარ და აქედან გამომდინარე არ შეიძლება, რომ მშიშარა ვიყო.

რა ამის პასუხია და, ხელფასი რამდენი ლარი გაქვს?

- 800 ლარამდე.

ღვაწლმოსილ ადამიანებს პენსია 17-20 ლარი აქვთ და ამხელა ხელფასს შენ რაში იღებ?

- მართალია, გამაფრთხილე, რომ ტრაფარეტული ფრაზებით არ ვილაპარაკო, მაგრამ პარლამენტარს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან რაღაც კორუფციულ გარიგებაში არ შევიდეს.

უკვე ორი თვეა, დეპუტატი ხარ და აბა, მითხარი, ამ ხნის მანძილზე ისეთი რა გააკეთე, რომ სანაცვლოდ 800 ლარი მოგცეს?

- ჩვენ მივიღეთ ბიუჯეტი და აჭარასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

ამბობენ, რომ პრეზიდენტის კაბინეტის კარს, თურმე, ფეხით აღებ...

- ეს ჭორია და გამორიცხულია, რომ ვინმეს კაბინეტის კარი ფეხით გავხსნა.

„მოქკავშირის“ გოგოები, როგორც მითხრეს, თურმე სულ „გაღადავებდნენ“ და „არაპრესტიჟულ ბიჭად“ ითლებოდი...

- არ ვიცი, ეს ვინ გითხრა, მაგრამ გოგოებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და პრესტიჟულიც ვიყავი. 1994 წლიდან „მოქკავშირის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი, 1998 წელს კი საკრებულოს წევრი გავხდი.

ეს „ნოუთ-ბუქი“ ვინ მოგცა?

- მეგობრებმა მაჩუქეს.

კობა, თუ გინდა, ჩემი მეგობარი გახდი და რაღაცეები მაჩუქე ხოლმე, კარგი? სხვათაშორის, დღეს ჩემი დაბადების დღეა.

- სულითა და გულით გილოცავ, საჩუქარსაც „გაგიკეთებ“.

კომპიუტერი მაჩუქე, რა?

- პარლამენტში კომპიუტერების დეფიციტია.

ამასწინათ რედაქციაში ერთი გოგო მოვიდა, რომელიც ამტკიცებს, რომ შენგან ფეხმძიმედაა...

- სერიოზულად მეუბნები თუ „მეღადავები“?

გეფიცები არ გატყუებ. ჰოდა ჯობია, იმ ქალს დაასწრო და ყველაფერი მომიყვე, რა და როგორ იყო. მერე რედაქტორს ვეტყვი, რომ ჩემი მეგობარი ხარ და ამ სიტუაციიდან როგორმე „გამოგაძვრენ“.

- ისეთი ურთიერთობა არავისთან მქონია, რომ ასეთ თემებზე მელაპარაკოს.

ვინ დაიჯერებს, რომ ეს „სათვალიო“ ბიჭი ქალებს არ ეფარცქვალები?

- ქალებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთ შეცდომებს ნამდვილად არ ვუშვებ.

რა ამის პასუხია და ჩვენი საუბრისას შენი ტელეფონები ქრონიკულად „წკრიალებენ“. თვეში რამდენი ლარისას ლაპარაკობ?

- 150-200 ლარისას.

ამ თანხას პარლამენტი გაძლევს?

- არა, მე თვითონ ვიხდი.

მაშასადამე, ზემოხსენებული 800 ლარიდან „ხელზე“ ექვსასიღა გრჩება და მთელი თვე ეს თანხა გყოფნის?

- დიახ, ჩემი მეუღლეც მუშაობს, მთაწმინდა-კრწანისის გამგეობაში.

ეს სამსახური შენ „გაუჩალიჩე“, არა?

- არა. გამგებელი ჩემი მეგობარია და ჩემი მეუღლეც აპარატში წაიყვანა.

შენ ფიქრობ, რომ ეს კორუფცია არ არის?

- ჩემი მეუღლე უცხო ენების სპეციალისტია და რა, აკრძალული მაქვს, რომ ჩემმა მეუღლემ რიგით თანამშრომლად იმუშაოს?

სუფრაზე როგორი ხარ?

- ძალიან კარგი ვარ და თუ ცოტა „შევზარხოშდი“ სიმღერაც მიყვარს.

როგორც ვიცი, „პახმელიაზე“ ლოგინიდან თავს ვერ წევ ხოლმე, არა?

- „პახმელია“ მაშინ მაქვს, თუ ღვინო შაქარზეა „ნაჩალიჩარი“, მაგრამ დილით ერთ ჭიქა კონიაკს ვსვამ და ყველაფერი მთავრდება.

წიგნებს კითხულობ და ბოლოს რა წაიკითხე?

- რამდენიმე წიგნი წავიკითხე. დეტექტივებს და ეგეთ რაღაცეებს არ ვკითხულობ. ამასწინათ „დიდოსტატის მარჯვენა“ კიდევ ერთხელ წავიკითხე და ხანდახან ვაჟა-ფშაველას ვკითხულობ ხოლმე.

ამ ცხოვრებაში გიქურდია?

- დიახ. ბავშვობაში მარწყვი მომიპარავს.

საკრებულოში საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე იყავი და დავიჯერო, ბიუჯეტიდან არაფერი „მოგიპარავს“?

- საკრებულო მხოლოდ ბიუჯეტს ამტკიცებდა, ფულს კი მთავრობა ხარჯავდა.

რამდენი პიჯაკი გაქვს?

- ექვსი. ზოგი ფასდაკლებით ვიყიდე, ზოგი მეგობრებმა მაჩუქეს.

კობა, მეგობრები აღარ ახსენო, თორემ გავგიჟდები...

- კარგი გეხუმრები. პარლამენტის წევრი რომ გავხდი, ერთი პიჯაკი მაშინ ვიყიდე. სხვათა შორის, ლილოს ბაზრობაზეც დავდივარ.

„მეღადავები“?

- არა, იქ ტანსაცმელი იაფია.

თავისუფალ დროს როგორ „კლავ“ ხოლმე?

- მეგობრებთნ ერთად, რესტორანში, ქეიფი...

ფულს, ცხადია, მეგობრები იხდიან, არა?

- რა თქმა უნდა. მე არ მახდევინებენ და რა ვქნა?