ექსპერტ გია ხუხაშვილს ძალიან უნდა, რომ თბილისის მერი გია ჭანტურია გახდეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ნახოს, "მოტყუებულ ამომრჩეველს რა პასუხს გასცემს", გაზის ტარიფი 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი რომ ვერ გახდება და დედაქალაქის წყლით უფასო მომარაგება რომ ვერ მოხერხდება.
ექსპერტების ძალიან დიდი ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებას "ქრისტიან- დემოკრატების" მერობის კანდიდატის სწორედ ეს დაპირება იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნოდ მთავარი სლოგანი "დასაქმება და დაბალი ტარიფებია", ვინაიდან მათ ეს დაპირება არარეალურად მიაჩნიათ.
საარჩევნოდ დაპირებების გაცემა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის უცხო.
მაგრამ, მეორე საკითხია, საზოგადოება რამდენად ინტერესდება დაპირებების რეალურობით. თუკი ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, დენის და გაზის ტარიფის ამ დონეზე შემცირება, ცხადია, საკმაოდ მომხიბლავი წინადადებაა, მაგრამ რამდენადაც მომხიბლავია, მით უფრო მეტად ჩნდება კითხვები შესრულებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ საუბარია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევაზე და უფრო მეტადაც თუ დავკონკრეტდებით, თბილისის მერის არჩევაზე, ვინაიდან ამ დაპირებას თბილისის მერობის კანდიდატი იძლევა.
ამ დაპირების შესრულება კი, ჭანტურიას თქმით, "სურვილის შემთხვევაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს."
მისი თქმით, საქართველოში ყოველი ოჯახი 62%-დან 85%-მდე შემოსავალს ენერგოპროდუქტების გადასახადში ხარჯავს, რაც ძალიან დიდი ციფრია. ჭანტურიას მაგალითისთვის მოაქვს ევროპის ქვეყნები, სადაც აღნიშნული მიზნით ოჯახების შემოსავლის 11% იხარჯება, სხვა ქვეყნებში - 20-22%-მდეც ადის.
ჭანტურია აღნიშნავს, რომ დღეისთვის ქვეყანაში მოსახლეობისთვის არსებული გაზის 51 თეთრიანი და წარმოებებისთვის 75 თეთრიანი ტარიფები წარმოუდგენლად მაღალია.
"ამის შემდეგ ბიზნესის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მაღალი ტარიფები პროდუქციის თვითღირებულებას აძვირებს," - აცხადებს ჭანტურია.
მისივე თქმით, საქართველოს წელიწადში 1, 230 მლრდ კბმ გაზი სჭირდება. შეთანხმების თანახმად, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან საქართველო წელიწადში 5%-ს ანუ 330 მლმ კბმ გაზს უფასოდ უნდა იღებდეს. რუსეთ-სომხეთის გაზსადენიდან - წელიწადში 10%-ს, რაც 200 მლნ კბმ-ია. გარდა ამისა, ასევე შეთანხმებით, საქართველოს შეუძლია 500 მლნ კბმ გაზის ყოველი 1000კბმ 55 დოლარად შეიძინოს, დარჩენილი 200 მლნ კბმ გაზის ყოველი 1000 კბმ კი 160 დოლარად. შესაბამისად, მისი გათვლებით, 1,230 მლრდ კბმ გაზის შესაძენად საქართველოს 59,500 მლნ ლარი სჭირდება, რითაც 1 კბმ გაზის ღირებულება 8 თეთრს შეადგენს. საოპერაციო ხარჯისა და მოგების გათვალისწინებით კი ეს თანხა 10 თეთრამდე გაიზრდება.
რაც შეეხება დენის ტარიფს, როგორც ჭანტურია განმარტავს, "გაზის ტარიფის შემცირება ავტომატურად გამოიწვევს დენის ტარიფის შემცირებასაც იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ შევძლებთ, დავაგროვოთ წყალი და ზაფხულში დავწვათ იაფი გაზი. ზაფხულის გაზი 40%-ით იაფია ზამთრის გაზზე. ამიტომ ჩვენ თუ ზაფხულში მოვიხმართ იაფიან გაზს და შევინახავთ წყალს, ზამთარში უკვე 40%-ით იაფი ელექტროენერგია გვექნება. გარდა ამისა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამით ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობაც გაიზრდება და გაორმაგდება, თუ სწორი მენეჯმენტი იქნება და აქედან გამომდინარე, ტარიფი ჩამოიწევს."
რაც შეეხება უფასო წყალს, ჭანტურია აცხადებს, რომ "საქართველოს წყლის საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია და აქაც სწორი მენეჯმენტი საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობის წყლით მომარაგება უფასო იყოს."
თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ზუსტი გათვლების პრეზენტაცია დაახლოებით ათ დღეში მოხდება, ვინაიდან, მისი თქმით, "წყლის ხარჯვის მოცულობის სრული დადგენა ახლა მიმდინარეობს."
მიუხედავად ამისა, სლოგანებიც გამოფენილია და დაპირებებიც უკვე გაცემულია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი და ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე კი ამ დაპირებებს არარეალურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ "მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება" (ხუხაშვილი).
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი, ვინც ჩართული იყო ენერგეტიკულ საკითხებში, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. უფასო წყალი კომუნისტების დროსაც არ იყო და ხომ არ შეიძლება, რიტორიკაში ყველაზე უფრო მემარცხენე ორიენტაციასაც აჯობო? კომუნისტებსაც და სოციალისტებსაც კი არ ჰქონიათ ასეთი პოლიტიკა. ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ ეს არის არაკვალიფიციური განცხადებები და რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ "ერთად-ერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ის არის, რომ ვისურვებდი, გახდეს ქალაქის მერი, რათა ის ადამიანები, ვისაც ამით შეცდომაში შეიყვანს, დაპირებების შესრულებას რომ მოსთხოვენ, როგორ შეასრულებს და რა პასუხს გასცემს. მე ამ პასუხის გაცემის ნახვა და მოსმენა მინდა ძალიან."
დავით ებრალიძე კი განმარტავს, რომ უფასო პროდუქციაში არ არსებობს და, თუკი ქვეყანაში რაიმე პროდუქცია არის უფასო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება სახელმწიფოს მხრიდან დოტაციაზე აყვანა. რაც შეეხება გაზის და დენის საფასურს, ებრალიძე მიიჩნევს, რომ ჭანტურიას მხრიდან ხდება საკითხების არევა.
"თუ შეძლებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ გაზი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგია 5 თეთრი და წყალი უფასო, მაგრამ ეს იქნება სრულიად არასწორი. ამ ლოგიკით ყველაფერი უფასოც შეიძლება იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმით იქნება შესაძლებელი, რომ განსხვავება დაფაროს ბიუჯეტმა, ანუ იყოს დოტაციური და ეს იქნება არასწორი. არ გამოიწვევს იმ ეფექტს, რა ეფექტიც ერთი შეხედვით არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ მოხდება უყაირათო მოხმარება," - აცხადებს დავით ებრადიძე.
რაც მთავარია, ებრალიძე და ხუხაშვილი იმ პრობლემაზე საუბრობენ, რომ, ერთის მხრივ, ამ დაპირების შესრულება არ იქნება ეფექტიანი და, რაც მთავარია, მერს თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ საკრებულოში ჰყავდეს თავისი უმრავლესობა, ამ საკითხების გადაჭრა არ შეუძლია.
"პირველი პრობლემა არის ის, რომ გაზის საფასურის ეს ოდენობა საექსპლუატაციო ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. გაზის ფასში ხდება ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, იბეგრება გადასახადებით და ა.შ. ამიტომაც, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს ამ სფეროზე. სხვა საკითხია ის, რომ დღეს ტარიფები არის გაბერილი და მისი შემცირება და რეალური ფასის დადგენა მოვითხოვოთ. მაგრამ ის, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. აზერბაიჯანშიც კი გაზის საფასური ათ თეთრზე ბევრად მეტია და არ ვიცი, საქართველოში ეს როგორ უნდა მოხდეს, თუკი არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან დოტაციური. მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რომ ეს კაცი დოტაციაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ გვიტკიცებს, მე ვიცი, რომ რეალური ფასი ეს არისო," - აცხადებს ხუხაშვილი.
ებრალიძე კი მიუთითებს, რომ ის გაზი, რასაც სახელმწიფო გაზის ტრანზიტისთვის იღებს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობას ამ ფასად მიეწოდოს.
"ეს გაზი შეიძლება იქნას იმისთვის გამოყენებული, რომ სამართლიანი ფასი იქნას გამოანგარიშებული. სამართლიანი ფასი კი 10 თეთრი კი არ იქნება, არამედ სადღაც 40 თეთრის ფარგლებში," - აცხადებს ებრალიძე. მისივე თქმით, დენის რეალური ფასი 9-დან 12 თეთრამდე უნდა მერყეობდეს.
ხუხაშვილი კი მეორე პრობლემად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ფასების დადგენა ხდება მარეგულირებული კომიის მეშვეობით, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში არ შედის და კითხულობს, თუ "როგორ აპირებს ჭანტურია ამ საკითხების გადაჭრას მერის პოსტიდან."
ასეთივე პოზიცია აქვთ დენის ფასთან დაკავშირებითაც და მიიჩნევენ, რომ ეს დაპირებები კეთდება ან "უვიცობით ან საგანგებოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის" (ხუხაშვილი).
"როდესაც სხვებს ეუბნება, რომ მასტერკლასებს ჩაგიტარებთო, დაჯდეს მრგვალ მაგიდასთან და ღია საუბრები გამართოს თავის ოპონენტებთან ჟურნალისტების თანდასწრებით... მაგრამ წარმოუდგენელია, მან ეს ყველაფერი არ იცოდეს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში. მას მეტი ამოცანა არა აქვს და ეს ძალიან სამწუხაროა. პოლიტიკას ძალიან მკაცრი წესები აქვს და, როგორც ჩანს, მას ამის საკუთარ თავზე გამოცდა მოუწევს," - აცხადებს ხუხაშვილი.