ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ნავთობპროდუქტით ( 1 972 ტონა მაზუთი) დატვირთული სარკინიგზო ვაგონები. აღნიშნული ტვირთის გამგზავნი ქვეყანა არის ყაზახეთი, ხოლო მიმღები ქვეყანა თურქეთი (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე, არც მფლობელ/მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.