შესაძლოა, აქვთ სურვილი იმისა, უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალონ - არავის აქვს მიზეზი აქ რაიმე ფორმით გაგვაკრიტიკოს, - ასე ხსნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული პროექტისთვის ხმის არმიცემას.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, უმჯობესია ოპოზიციამ პოზიციას გადახედოს და საკუთარი მხარდაჭერა მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს გამოხატოს, როგორც მათ ეს პირველი მოსმენის ეტაპზე გააკეთეს.
„ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ მათ პოზიციას, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ულტიმატუმს ჰქონდა ადგილი. პირიქით, გაკეთდა შეთავაზება იმის თაობაზე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოსცეს. განა რა არის აქ საულტიმატუმო ან ისეთი, რაც შეიძლება უარის თქმის მიზეზს იძლეოდეს?! არ მგონია, რომ ოპოზიციამ მართებული პოზიცია დაიკავა. ვაითუ, არიან ოპოზიციის რიგებში ისეთი დეპუტატები, ვისაც მიზეზი ჰქონდა მოსაძებნი იმისთვის, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ. წარმოდგენილ ინიციატივას არაფერი აქვს დასაწუნი, ამის გასამართლებელი არგუმენტიც არ აქვთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭისყრისას, პირველი მოსმენით კენჭისყრისაგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ლელოს" დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
კანონპროექტი დღეს სესიაზე მესამე მოსმენით გადის.