ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ოპოზიცია რევოლუციური და საბოტაჟური სცენარებისკენ მიდრეკილი არ იქნება, ბარიერთან დაკავშირებული საკითხის განხილვას გავაგრძელებთ

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ოპოზიცია რევოლუციური და საბოტაჟური სცენარებისკენ მიდრეკილი არ იქნება, ბარიერთან დაკავშირებული საკითხის განხილვას გავაგრძელებთ

თუ ოპოზიცია რევოლუციური და საბოტაჟური სცენარებისკენ მიდრეკილი არ იქნება, ბარიერთან დაკავშირებული საკითხის განხილვას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გენპროკურორის არჩევის წესი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია და ამის დაკავშირება ბარიერის საკითხთან არასწორია. რაც შეეხება გენპროკურორის 3/5- ით არჩევის წესს, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ კომპრომისზე მიდის და აქ ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება, რომ გენერალური პროკურორი 6 წლით აირჩეს.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი იღებს, მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე არ მოვირგოთ. ის, რომ როგორ უზრუნველვყო ჩემი შემდეგ პარლამენტში მოხვედრა, გადამწყვეტი არ არის სხვა საკითხებთან მიმართებით. ცოტა უხერხულიც არის, როცა 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირებ იმას, პარლამენტში მაღალი ბარიერით მოხვდები თუ დაბალი ბარიერით. ამიტომ ამ საკითხის წინ წამოწევა არარელევანტურია. ზოგადად, ბარიერს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია რევოლუციური და საბოტაჟური სცენარებისკენ მიდრეკილი არ იქნება, მაშინ ჩვენ კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ წასვლას და ამ საკითხის განხილვას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის ("ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი," "ნაციონალური მოძრაობა") პოზიციაა, რომ გენპროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მას შემდეგ დაუჭერენ მხარს, რაც პარლამენტი მეორე მოსმენითაც მიიღებს პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას გულისხმობს.