ლევან ბეჟაშვილი სახალხო დამცველის არჩევაზე: პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დაემუქრა, რომ თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, არ მოხდება მათი კონსულტაციებში ჩართვა - ასეთი ულტიმატუმების დროს რთულია მხარდაჭერის გამოხატვა

ლევან ბეჟაშვილი სახალხო დამცველის არჩევაზე: პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დაემუქრა, რომ თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, არ მოხდება მათი კონსულტაციებში ჩართვა - ასეთი ულტიმატუმების დროს რთულია მხარდაჭერის გამოხატვა

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დაემუქრა, რომ თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, არ მოხდება ოპოზიციის კონსულტაციებში ჩართვა და მათი აზრის გათვალისწინება კომისიაში - ასეთი ულტიმატუმების დროს რთულია კანონპროექტის მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნოს ის სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი კონსულტაციების გაწევა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაზე, ასევე შემფასებელ ჯგუფზე.

„საპარლამენტო ოპოზიციამ ბრძანების ტექსტი უნდა იცოდეს, კერძოდ, დოკუმენტში რა იქნება გაწერილი. მნიშვნელოვანია, შემფასებელი კომისიის შემადგენლობაზე წინასწარი კონსულტაციები, ეს იქნებოდა ის ნაბიჯი, რითაც შეგვეძლებოდა, რომ ცვლილებებისთვის მხარი დაგვეჭირა. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის სადავო საკითხია ის, პარლამენტის თავმჯდომარე ერთპიროვნულად განსაზღვრავს საორგანიზაციო წესებს კონკურსის ჩასატარებლად და ასევე შემფასებელ ჯგუფს. თუ როგორ მოხდება ეს რეალობაში, ამაზე უნდა იყოს წინასწარი კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენით საუბარი ოპოზიციასთან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო.

პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ დეპუტატებმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.