პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ექსპერტებთან ერთად, თამბაქოს კონტროლის საკითხზე იმსჯელა. მათი ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს აქტიური მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით უკვე 11 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო პასიური მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს შეადგენს.
ამ საგანგაშო ვითარების გამო, შექმნილია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების სახელმწიფო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიც თამბაქოს მოხმარების პრევენცია და შემცირებაა.
მიმდინარე წელს თამბაქოს აქციზის ფასი კვლავ მოიმატებს, რასაც თამბაქოს ფასის ზრდა მოჰყვება.
ეს არის ის მშრალი ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვამ გაავრცელა.
დეტალების დასაზუსტებლად "ალია" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა:
- აქციზზე ფასის ზრდა, თამბაქოს წინააღმდეგ სახელმწიფოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება. ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სამოქმედო გეგმაშია გაწერილი - ყოველწლიურად თამბაქოზე აქციზის ფასი უნდა გაიზარდოს.
ეგ რანაირად, ასე უნდა და ამიტომ? რის საფუძველზე?
- აქციზზე ფასის ზრდა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ხდება, რაც უფრო იზრდება აქციზის ფასი, ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება თამბაქო. განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დამწყებ მწეველებში. ამიტომაა ჩადებული ეს საკითხი სახელმწიფო სტრატეგიაში.
თამბაქოზე აქციზი გასულ წელსაც გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემები გაქვთ, რამე შედეგი მოიტანა ამან?
- ბოლოს, 2014 წელს ჩატარდა ფართო კვლევა ამ საკითხზე და წინასწარი მონაცემებით, 2%-იანი კლებაა.
აქციზის გაზრდის შემდეგ, რამდენით გაიზრდება თამბაქოს ღირებულება?
- ჯერ გარკვეული არ არის, ამ საკითხს ფინანსთა სამინისტრო გადაწყვეტს მთავრობასთან შეთანხმებით.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვების გადახედვა ხომ არ იგეგმება. რამდენად ეფექტურად მუშაობს ის შეზღუდვები, რაც უკვე დაწესებულია?
- იქ, სადაც აღსრულების მექანიზმები კარგად მოქმედებს, შედეგიანია, სადაც სუსტია, ვერ მუშაობს. აკრძალვების გამკაცრებასთან დაკავშირებით მუშაობა ისევ მიმდინარეობს. მიზანი თამბაქოს მოხმარების პრევენცია და შემცირება, თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება, სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაა.