სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა  

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის მხარეები,  სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა.

 მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივოვბაა 27 თვე და ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სემეკი.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სატარიფო სისტემის რეფორმის ჩარჩოს შექმნაზე  გადაცემისა  და განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით. ასევე, შემუშავდება საცალო ბაზრებზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის, შემუშავდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო, ყურადღება გამახვილდება განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის  გაძლიერებაზე.