კალმახელიძის უწყება

კალმახელიძის უწყება "სიკვდილის ექსპორტში" დაადანაშაულეს

"სასჯელაღსრულების სამინისტროს გარდაცვლილ პატიმართა სიაში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სამოქალაქო სტაციონარში გადაყვანილი პატიმრები არ შეჰყავს", - ნათქვამია სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამიტომაა გარდაცვლილ პატიმართა სასჯელაღსრულების სია სახალხო დამცველის სიასთან შეუსაბამო. ანგარიშის მიხედვით, პატიმრები სამკურნალო დაწესებულებებში ხშირად მაშინ გადაჰყავთ, როდესაც სიკვდილის პირას არიან და საავადმყოფოში მათი გადაყვანით სამინისტრო ცდილობს, მათი გარდაცვალება უწყებას არ მიეწეროს. სახალხო დამცველი ამას "სიკვდილის ექსპორტს" უწოდებს. სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამინისტრომ არ მიაწოდა გარდაცვლილ პატიმართა სრული სია.

"საბოლოოდ, ინფორმაციის ჩვენს ხელთ არსებული ყველა წყაროს შეჯერებით, 2010 წლის მეორე ნახევარში დადგინდა პატიმართა გარდაცვალების 83 შემთხვევა.

ტრადიციისამებრ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, სადაც ვითხოვდით ინფორმაციას გარდაცვლილი პატიმრების შესახებ, სამოქალაქო ტიპის სტაციონარებში გარდაცვლილი პირები სიაში არ შეიყვანეს, რაც მიუთითებს, რომ წინა წლების მსგავსად, ადგილი აქვს გარდაცვლილთა რაოდენობის ხელოვნური შემცირების აშკარა მცდელობას", - ნათქვამია ანგარიშში, რომლის მიხედვით, სიკვდილიანობის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას სამინისტრო აწვდიდა არა მარტო სახალხო დამცველს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.