უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, დღეს ინვესტორთათვის ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება. ამის შესახებ Forbes-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე ულრიხ კორნერი დაინიშნა; პირველი ოქტომბრიდან ბანკის ახალი ფინანსური ოფიცერი (CFO) დიქსიტ ჯოში იქნება; საოპერაციო ოფიცრის (COO) თანამდებობას კი ფრანჩესკა მაკდონაგი დაიკავებს. გარდა ამისა, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად მაიკლ რონგეტი დაინიშნა.
„შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია“, - აღნიშნულია სტატიაში.
შვეიცარიული ბანკის ახალ გუნდს 59 წლის კორნერი გაუძღვება, რომელიც გამოცდილი ფინანსისტი და ბანკირია, ის ათწლეულების განმავლობაში UBS-სა და Credit Suisse-ში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა. კორნერი აწ უკვე ყოფილ CEO-ს, თომას გოტშტაინის ანაცვლებს, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც Credit Suisse-მა ყველზე ცუდი კვარტალური შედეგები დააფიქსირა.