საერთოდ, ეს გამიჯვნა მუდმივად გვესმის: ელჩი გაემიჯნოს, არასამთავრობო სექტორი გაემიჯნოს - ეს უკვე რაღაცა პარანოიად ექცა "ქართულ ოცნებას", რომ ყველას ყველაფრისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ISFED სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ულტიმატუმებს მოხსნიან.
"სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" კვლავ არ ითვალისწინებს არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, არც არასამთავრობო სექტორის, არც პოლიტიკური სექტორის, არც საზოგადოების აზრს. ისევ და ისევ არის მოწოდებული გამიჯვნაზე, არაინკლუზიურ პროცესზე ისევ ცდა, ისევ წინაპირობებს უყენებს თავისივე პროცესში მონაწილე მხარეებს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ "ქართულ ოცნებას" არც ერთი რეკომენდაციის შესრულება, არც ერთი რეფორმის განხორციელება და მათ შორის, არც არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა არ სურს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პაპუაშვილის განცხადებამ," - განაცხადა სერგი ჩიხლაძემ.
კითხვაზე, უნდა გაემიჯნოს თუ არა ISFED ტექნიკური თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას, ჩიხლაძე პასუხობს, რომ ამას პროცესთან კავშირი არ აქვს.
"ეს საერთოდ კავშირში არ არის ამ პროცესთან. იმიტომ რომ ეს იყო კონკრეტულად ივნისის დღეებში და აქ იყო საუბარი ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე და ეს იყო მოწოდება, რომელსაც ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი და ჩვენი ევროპელი კოლეგაც მხარს უჭერდა. ამიტომ ეს არ ყოფილა რაღაცა განსაკუთრებული პოლიტიკური მოთხოვნა და საერთოდ პოლიტიკური მოთხოვნა. ეს სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთი ვარიანტი იყო," - განაცხადა ჩიხლაძემ.