(იბეჭდება შემოკლებით)
თქმა არ უნდა, დიდი ვნებათაღელვა მოუტანა არჩევნებმა საქართველოს - პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მამაზეციერმა თუ იცის, როგორ დასრულდება და ვისი გამარჯვებით ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს სიტუაცია, წილი, ასე თუ ისე, ნაყარია და მართალია მორიგმა არჩევნებმა ერთხელაც აჩვენა, თუ როგორ ჰგავს საქართველოში მიმდინარე „სტაბილიზაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი“ სიზმარას ზღაპარს, ქართული სპორტიდან ქართულ პოლიტიკაში „გამოქცეულმა ბიჭებმა და გოგონებმა“ უკვე გაარკვიეს თავისი ადგილი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
იმერეთიდან დავიწყოთ და რკინებთან მოჭიდავე გიორგი ასანიძისა და მისი საჩხერელი ვიზავი გელბახიანის სპარინგის შესახებ მოვყვეთ: კი, მართალია, გიორგის ფალავნებთანაც უჭიდავია და გოლიათებთანაც, მაგრამ ამჯერად პოლიტიკაში განსწავლულმა მეტოქემ შანსი არ დაუტოვა და როცა პოლიტიკურ ფიცარნაგზე შტანგასავით განთავსებული საჩხერული საბიულეტენო ყუთები დაითვალეს, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოს გელბახიანს უდრო დიდი სიმძიმე აუწევია, ვიდრე პოლიტიკოსობის მოსურნე გიორგი ასანიძეს.
მართალი ვთქვათ, მოსალოდნელიც იყო სიტუაციის ამგვარი განვითარება საჩხერეში: გიორგი ასანიძე რომ უყვართ და ესიმპათიურებათ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ერთია სპორტი, მეორე კი - პოლიტიკა და სპორტში წარმატება პოლიტიკოსობას არ ნიშნავს.
ყველაფერთან ერთად კი გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასანიძე სამთავრობო ბლოკის სახელით წარუდგა თავისი რაიონის ამომრჩევლებს და ეს კი ყოველგვარ კომპრომატთა შორის უდიდესი კომპრომატია ქვეყანაში არსებული სისტემისგან უსაშველოდ შეჭირვებულ საჩხერეში. ასანიძე კი არა, აკაკი წერეთელი რომ წამომდგარიყო, სხვიტორის საშუალო სკოლაში მისულიყო და ჩემო საჩხერლებო, სამთავრობო ბლოკის კაცი ვარ, დამიჯერეთ და შევარდნაძელებს მიეცით ხმაო, მასაც არ დაუჯერებდნენ.
აი, არჩევნების მხრივ ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვიეს საჩხერეში გელბახიანმა და ასანიძემ.