ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ „ქართული ოცნების“ საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად, არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების საკითხს, რასაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. სამაუწყებლო რეკლამის ეთერში განთავსებას კანონის მიხედვით მკაფიო წესები აქვს, რომლებიც მაუწყებლებმა კარგად იციან. დავაში ჩართული ტელევიზიების წარმომადგენლები აპელირებენ, რომ სადავოდ გამხდარი ვიდეო-რგოლი განეკუთვნება სოციალურ და არა პოლიტიკურ რეკლამას, რომლის განხილვაც კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციას სცილდება. კანონმდებლობის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის განთავსების მართლზომიერების გადაწყვეტა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაა, შესაბამისად, როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი სწორედ კომუნიკაციების კომისიის განსახილველია. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური და პოლიტიკური რეკლამა კომისიის საზედამხედველო არეალშია, არ არსებობდა სადაო ვიდეო-რგოლთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ვიდეო-რგოლის შინაარსობრივ განხილვას, კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ. დავაში ჩართულ მაუწყებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დავის არსებითად განხილვა - ვიდეო-რგოლის შინაარსობრივი შეფასება და მისი ეთერში განთავსების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტა არ ხდება კომუნიკაციების კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. კომუნიკაციების კომისიამ მოსამზადებელი სხდომის ფორმატში დაადგინა, რომ სადავო იყო მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსების კანონიერების საკითხი. კანონის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს უშუალოდ სადავო ვიდეო-რგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემედგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მაუწყებლების სანქცირებით მედიის შეზღუდვას და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საკითხს - დავაში ჩართული ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს ფინანსურ ჯარიმებს აკისრებს იმისთვის, რომ მედიამ ვერ შეძლოს ფუნქციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ რეკლამის კანონიერების საკითხი კანონმდებლობით მკაფიოდ რეგულირდება, მაუწყებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკლამის ეთერში განთავსებით კანონდარღვევა არ განხორციელდეს.
კანონის დაცვით რეკლამების განთავსებისას კომუნიკაციების კომისიას საქმის წარმოების დაწყების არავითარი საფუძველი არ ექნება. შესაბამისად, ტელევიზიები კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან ეთერში არასათანადო სარეკლამო რგოლები არ განათავსონ და დაიცვან კანონის მოთხოვნები, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური რეკლამის განთავსებისას.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2014 წლიდან არ არსებობს კომუნიკაციების კომისიის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს, პირიქით, როგორც კომისიის მიდგომა და ყველა გადაწყვეტილება, ისე არსებული კანონმდებლობა, ადასტურებს და ცალსახად მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში მედია პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად გაიზარდოს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა შინაარსობრივი ნაწილი, გარდა რეკლამისა, დერეგულირებულია, შესაბამისად, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური რეკლამის საკითხზე კომუნიკაციების კომისიას არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. კომუნიკაციების კომისიის მიდგომა და გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა იციან, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს და შემდგომ კანონის მოთხოვნების მიხედვით რეაგირებაზე კომუნიკაციების კომისიას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.