ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოში მის ელჩს რაიმე სახის ორგანიზებული დესტრუქცია მოვუწყოთ ან შეტევა განვახორციელოთ, ეს არის გამორიცხული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩის მიმართ დასმული კითხვები თავდასხმად არ უნდა იყოს აღქმული. როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეს არის არა თავდასხმა, არამედ მცდელობა, რომ გაურკვეველი საკითხები არ არსებობდეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაჩნდა და ელჩის მიმართ ეს კითხვები არის დასმული. ის, რომ რაღაც საკითხები გაირკვეს, აღქმული არ უნდა იყოს, როგორც თავდასხმა. პირიქით, ეს არის მცდელობა, რომ გაურკვეველი საკითხები არ იყოს და ყველა საკითხი ღია, ნათელი იყოს. თუ რას ნიშნავს ელჩებზე თავდასხმა, შეგიძლიათ, ნახოთ ოპოზიციური არხებით გასული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები და სიუჟეტები კელი დეგნანის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.