რობერტ სტურუა გასტროლზეა დასავლეთ საქართველოში... მერე ჩამოდის და მეორე დღესვე სადღაც ქრება რამდენიმე დღით. ბრუნდება, რეპეტიციაზე შედის. სანახავად მივდივარ და ისევ არ არის... ღიმილით მახსენდება მისი ახლო მეგობრის, დიმა ბათიაშვილის ნათქვამი: - ეგ სტურუა კი არა, სტურუადესაა, სულ ჰაერშია და იმიტომო... მართლაც სულ ჰაერშია! გადატვირთული გრაფიკის გარდა, რომელიც აიძულებს, ხან აქ იყოს, ხან - იქ, გულიც არ უჩერდება "მიწაზე"... რა გასაკვირია, შურითა და ბოღმით, სიცრუითა და მლიქვნელობით სავსე რეალობაში, რომელსაც წითელი ხაზივით გასდევს მასობრივი უწიგნურობა, ისევ "ჰაერში" ყოფნა არჩიოს ხელოვანმა...
როცა, როგორც იქნა, შევხვდი, ვკითხე, ცხოვრების გზამ, რომელსაც აგერ უკვე შვიდ ათეულზე მეტი ხანია, მოჰყვებით, თუ მიგიყვანათ თავისუფლებამდე, რომელსაც მუდმივად ესწრაფოდით-მეთქი. გაეღიმა:
- მეჩვენება, რომ არც წარსულში ვყოფილვარ და არც ახლა ვარ შეზღუდული და დამონებული. თავისუფლების უნარიც, მგონი, ნიჭივითაა... ჩემი სიცოცხლის აუცილებელი ნაწილია, ვიყო თავისუფალი. თუ იცი, რა გინდა, თუ არ გადაუხვევ გზას, რომლისაც გჯერა, ნამდვილად იქნები თავისუფალი. მამაჩემი ბედნიერი კაცი იყო, რადგან მაშინაც კი, როცა ისე იქცეოდა, რაც თითქოს კონიუნქტურულია, ახერხებდა ყოფილიყო სილამაზის მოტრფიალე... მინდოდა, მისი გამოფენა გამეკეთებინა - "ქალები და ეკლესიები". ეს იყო მისი მრწამსი. ძალიან უყვარდა ქალები, ლამაზ ქალებს ლამაზად ხატავდა და შედარებით ნაკლებად ლამაზს - გაცილებით ლამაზად. შიგნიდან, სულიდან მომავალ სილამაზეს ამჩნევდა და იმიტომ. ეკლესია კი მის შემოქმედებაში დგას, როგორც რწმენის ნიშანი... ვერ ვიტყვი, ეკლესიური იყო-მეთქი. ორთოდოქსი ბოლშევიკის შვილი რელიგიურობას არ ამჟღავნებდა, მაგრამ მერე, რომ დავაკვირდი, ამდენი ეკლესია არც ერთ მხატვარს არ დაუხატავს.
მაგალითად, სვეტიცხოველი ისეთი მხრიდან აქვს დახატული - დასავლეთის მხრიდან, საიდანაც ცოტა ძნელია, სრულად დაინახო ტაძარი. ან გალავანთან ახლოს უნდა დაჯდე, ან შორს წახვიდე, რომ მთლიანად გამოჩნდეს. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო გამოვიდა. მერე ეს კუთხე გია დანელიამ გამოიყენა თავის "არ იდარდოში", შორიდან გადაიღო ეს მხარე. მამამ მოიარა ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი საქართველოში. ზოგჯერ მეც ვახლდი. IX კლასში რომ ვიყავი, მე და ჩემი კლასელი წავედით მცხეთაში, ნავით გადავცურეთ მტკვარი და ფეხით ავედით ჯვარზე, საკმაოდ ძნელად ასასვლელი გამოდგა... ამას წინათ, ყრმა მოვნათლე ჯვარზე, მზიანი ამინდი იყო, მაგრამ ცათუკან შავი ღრუბელი მოჩანდა... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოს გამოხატავდა - მრისხანე ფონი და მზით განათებული ჯვარი - ტაძარი, როგორც იმედი ამ ფონზე.
იმედი ახსენეთ და, "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი", ასე მგონია, ყველაზე უიმედო განწყობით დადგით... იქ ისინიც კი, ვინც ცეცხლს უნდა აქრობდნენ, ცეცხლის მოსაკიდებლად ასანთს ეძებენ... ანუ დამანგრეველი ძალაა საშინელი, მაგრამ ძალა, რომელიც მას უნდა დაუპირისპირდეს, მის წისქვილზე ასხამს წყალს... ასე რომ, სად არის იმედი?
- თუ შენ არ თქვი გადამეტებული და ზოგჯერ პესიმისტური სიმართლე, ვერ გამოაფხიზლებ საზოგადოებას. მე ამას არ აღვიქვამ გამოუვალი სიტუაციის დაფიქსირებად, არამედ გაფრთხილებად: ნუ მივალთ იქამდე, რომ თვითონ წავუკიდოთ ცეცხლი საკუთარ სახლებს. ეს სპექტაკლი იქით კი არ მიდის, რომ ყველაფერი დაღუპულია და ფარ-ხმალი დავყაროთ...
ფინალი ხომ საოცრად პესიმისტურია, მთავარ პერსონაჟს მეუღლესთან ერთად სახლსაც უწვავენ და კლავენ კიდეც.
- სპექტაკლზე რომ ვმუშაობდი, ფინალი ჯერ არ იცოდნენ მსახიობებმა... როცა დავდგი ფინალი, შემოვიდნენ გოგოები და მთხოვეს, დაგიჩოქებთ, ოღონდ ასეთი დასასრული არ გააკეთოთ, მერე ახდება ხოლმე თქვენი სპექტაკლების მისნობაო. გამეცინა, ცხადია, სულაც არ არის წინასწარმეტყველური ჩემი სპექტაკლები... ისე, ფინალი ახლა ცოტა შევცვალე... ბოლოს, გარდაცვლილი პერსონაჟები კითხულობენ: სადა ვართ? სამოთხეა?
არა სამოთხე არ არის, - ამბობს ზაზა პაპუაშვილი (მთავარი როლის შემსრულებელი).
აბა, ჯოჯოხეთია? ზაზა ეთანხმება: - ალბათ ჯოჯოხეთია... კი, მაგრამ რატომ? ზაზა პასუხობს, - იმიტომ... აი, ასე... იმიტომ!
საუკუნე გავა და თქვენი სპექტაკლებით იმსჯელებენ, როგორ ფიქრობდით, რა განწყობა გქონდათ, ვინ იყავით...
- ჩვენი ხელობაც წარმავალია, თვალსა და ხელს შუა ქრება... კი, ახლა იციან, ვინ არის ახმეტელი, მაგრამ ხომ არ იციან, ვინ იყო ის თავისი არსით. ვიცით გადმოცემით რამდენიმე ამბავი, მაგრამ არ ვიცით მისი სპექტაკლები, მისი ხასიათი. რეჟისორი რომ გავხდი, მამას ხშირად ვეკითხებოდი სანდრო ახმეტელზე - ახმეტელის ვაჟი მამაჩემის ახლო მეგობარი იყო. მისი ნაამბობით იხატებოდა ჩემთვის ახმეტელი. ისე ვერ ვხვდებოდი, რა ფენომენი იყო - აბა, მის სპექტაკლებს სად ვნახავდი?!
ჩემი დადგმული "ყვარყვარეც" გაქრა... აღარ არსებობს... არც ერთი კადრი არ არის დარჩენილი, გარდა ერთი პატარა ეპიზოდისა...
შესაძლოა კა-გე-ბეში კი იყოს მთლიანად გადაღებული. მოგეხსენებათ, გამსახურდიას დროს ფონდები დაიწვა. იქნებ რუსეთის რომელიმე არქივშიც არის. მოსკოვში ნაცნობებს ვკითხე, როგორ ვიშოვო-მეთქი... ერთი იქაური ქართველი დამპირდა, - ვეცდები, მოგიძებნოო. კარგია, რადგან პრაქტიკულად ჩემთვის ყველაზე საყვარელი სპექტაკლი აღარ არსებობს. რომ დავდგი, 20-ჯერ წავიდა სპექტაკლი, მერე რამაზს ფეხი მოსტყდა და ვეღარ ვითამაშეთ. ხალხიც აღარ დადიოდა. ვერ ვიგებ ხოლმე მიზეზს, რატომ აღარ დადის ხალხი სპექტაკლზე. ძალიან სანახაობრივი იყო, თამამიც, მსახიობებიც კარგად თამაშობდნენ... ასეთ სპექტაკლზე უნდა მოსულიყო მაყურებელი. ახმეტელის სპექტაკლებზეც მაყურებელი თურმე მხოლოდ პრემიერებზე დადიოდა, მერე კი ნახევრად ცარიელი ყოფილა დარბაზი. ვერ გეტყვით, რატომ ხდება ასე.
ახმეტელზე ვსაუბრობდით... ვლადიმერ ჯიქიას აივანზე მომხდარი ინციდენტი, როცა მან ბერიას შეაგინა, როგორც ამბობენ, მისი დაპატიმრებისა და დახვრეტის მიზეზი გახდა. თქვენ თუ შეძლებდით პირში შეგეგინებინათ ხელისუფლების წარმომადგენლის, ან საზოგადოებაში დაწინაურებული ძლევამოსილი პირისთვის, თუკი ის ბერიას მსგავსი საქმეების ჩამდენი იქნებოდა?
- ვერ ვიზამდი ამას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ძალიან ცუდად მოვიქეცი... ახლა ვერ დავასახელებ, ვისთან... მაშინ სტუდენტი ვიყავი. ბიბლიოთეკის დარბაზში შემოვიდა კაცი, რომელსაც ხელი ერია ახმეტელის სიკვდილში. მე ამ ამბავს ვიკვლევდი, დავდიოდი არქივებში, ბიბლიოთეკებში. ბიბლიოთეკის გამგე რუსუდან მიქელაძე იყო. ის კაცი შემოვიდა თუ არა, ავდექი და გავედი. ქალბატონმა რუსუდანმა, - რატომ მიდიხარო? არ შემიძლია მკვლელთან ერთად ვიყო ოთახში-მეთქი. შეწუხდა ჩემი პასუხით. ძალიან კულტურული, განათლებული თავადის ქალი იყო, ცუდად გახდა, თაროს მიეყრდნო ხელით. მერე მეც ვინანე... ბოლოს და ბოლოს, ისე კარგად ხომ არ ვიცოდი ყველაფერი, რომ ასეთი განცხადებების უფლება მქონოდა.
ამბობენ, რომ ასაკში დაგირბილდათ ხასიათი, თორემ ახალგაზრდობაში ძალიან მკაცრი იყავით...
- მართლა? პირიქით მგონია. ჩემები ამჩნევენ, რომ გავმკაცრდი... კი არ გავმკაცრდი, უფრო სწორად, ახლა ნაკლებად მწამს სიკეთისა. ეტყობა, გამოცდილებამ დამამძიმა.
ზოგადად სიკეთეზე ბრძანებთ თუ ხელისუფლებებში მყოფ, ან მატერიალურად დაწინაურებულ ადამიანებზე?
- ზოგადად ადამიანზე ვამბობ... პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის ბინძური და უზნეო რამ იყო. ვიცი, რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი უკან არაფერზე იხევს, და მერე ყველაფერი თავიდან იწყება... "ჰამლეტი" გაიხსენეთ... გაიგო, რომ ბიძამისი მამამისის მკვლელია. განსაცდელშია, თუ შური იძია და მოკლა ბიძა, თვითონაც ხდება მკვლელი და მას, როგორც ბუნებით კეთილ ადამიანს, ეცვლება ყველაფერი. ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს... ამაშია მთელი ტრაგედია. არადა, პოლიტიკა ბრძოლაა და ბრძოლის გარეშე არაფერი გადაწყდება...
მოსკოვში რომ "რომეო და ჯულიეტა" დავდგი, ტიბალტს ძალიან ღონიერი ახალგაზრდა კაცი თამაშობდა, რომეოს - შედარებით ტანმორჩილი. ორთაბრძოლაში რომეოს ტიბალტი სჯობნის, რომეოს სხვა არაფერი დარჩენია, უკნიდან უნდა დაარტყას მახვილი. სჩადის არაზნეობრივ საქციელს, მაგრამ სხვანაირად ვერ მოკლავს... მახსოვს, გია დანელიამ დამირეკა, აღშფოთებული იყო, - რა არის ასეთი გადაწყვეტაო. რა არის და, ცხოვრება!.. ვუთხარი: რა ვქნა, გია, ხომ ხედავ, სიკეთე ისე ვერ იმარჯვებს-მეთქი. კი მაგრამ, ახლა ეგ ზოგადდებაო... ბევრი ვიკამათეთ. მერე დავეთანხმე, რადგან ძალიან ღელავდა. არის მომენტები, როცა მეტად რთულია სიკეთის გადარჩენა. მაშინ წმინდანი უნდა იყო და განზე გადგე ამ ბრძოლიდან. ამას ცოცხალი ადამიანი, თუ ბერი არ ხარ, ვერ გააკეთებ...
როცა მოგმართავენ პოლიტიკური ამბების შესაფასებლად, განცხადებების გასაკეთებლად, რას ფიქრობთ?
- ეგ მოვალეობაც არის, რომ სიმართლე უნდა ილაპარაკო. ახლა დიდი ხანია, აღარსად გამოვსულვარ. მოსკოვიდან დამირეკა ვიღაც ქართველმა გოგონამ, - პოზიცია ხომ არ შეიცვალეთო... რატომ უნდა შემეცვალა-მეთქი. აბა, რომ არ ჩანხართო? ცოტას დავასვენებ ხალხს-მეთქი. ხშირად გამოვდიოდი "მაესტროში". არ მინდა მოლაყბედ გადავიქცე. ჩვენ, ხელოვნების მსახურნი, როცა არ ვლაპარაკობთ, მაშინაც ვლაპარაკობთ ჩვენი ენით, ანუ სპექტაკლებით. მარტო ლაპარაკი არ კმარა, საქციელია მთავარიო. ჰოდა, ჩემი საქციელი ჩემი სპექტაკლებია. თუ მაყურებელი თეატრში არ მოვიდა, ვერც ვეტყვი, რისი თქმა მინდა...
ყველაზე უიმედო ფიქრში მაინც თუ მოგსვლიათ აზრად, რომ შეიძლება თეატრიდან დაგითხოვონ?
- როგორ არა... მაგრამ ამის საპასუხოდ გეტყვით: არის რაღაც, რის გამოც ოჯახში მსაყვედურობენ... აღარ ვხატავ, აღარ ვუკრავ, ცოტა სმას მოვუხშირე - სტრესიდან გამოსვლა მჭირდება. თუ გამიშვეს, ერთი პატარა სახლი მაქვს გრიგოლეთში, თუ არ ჩამომართვეს, იქ წავალ, წავიღებ წიგნებს, ქაღალდს, ფანქრებს, დავხატავ... პატარა იონიკა ვიყიდე, წავიღებ და დავუკრავ, ვიდრე ყველაფერი დამვიწყებია...
რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავთ?
- ფორტეპიანოზე. ვაპირებდი ვიოლინოზე დაკვრის სწავლას, მაგრამ მივხვდი, რომ გვიანაა, ჯობია ისევ ფორტეპიანოს მივუბრუნდე...
საყვარელი ნაწარმოებები თუ გაქვთ?
- ბელა ბარტოკის მიერ რედაქტირებული ბახის პრელუდიები და ფუგები... კიდევ ბეთჰოვენს ვუკრავდი, მოცარტს და ჯაზს, რა თქმა უნდა. ჩემი მეგობარი დიმა ბათიაშვილი არაჩვეულებრივად უკრავდა ბახს... ბახის მენუეტი პატარა ალბომიდან, რომელიც შვილს უძღვნა, ისე დაუკრა, გავოცდი. არადა მე გამოტოვებული მქონდა ეს ნაწარმოები, არ ვუკრავდი... ბევრი საინტერესო რამ გამახსენდა ახლა, დიმას სახლი, სადაც ღამეებს ვათენებდით საუბარში, დაკვრაში...
მე კი დიმა ბათიაშვილის დაკრძალვა გამახსენდა, ქუჩაშიც და ყოველ სართულზეც ბადრაგი რომ იდგა, რადგან მამის დაკრძალვაზე პატიმარი შვილი, ირაკლი ჰყავდათ მოყვანილი.
- მეც ავედი იმ ჩაბადრაგებულ სადარბაზოში... ავედი იქ, სადაც ბრწყინვალე დრო გაგვიტარებია.
ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას. ერთხელაც წარმოვიდგინე ჩემი განვლილი გზა... გზის დასაწყისში, შუა გზაში დარჩნენ ჩემი მეგობრები, ზოგი გალოთებული, ზოგიც უიღბლო... მე კი თითქოს სმა არ მცვლის, მიკვირს ხოლმე, როგორ გადავრჩი.
ცოტა ხნის წინ მოსკოვში ბრძანდებოდით, რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა კი ახლა ქარცეცხლში გატარების საწინდარი შეიძლება გახდეს...
- მოსკოვში წავედი ტოვსტონოგოვის პრემიის მისაღებად. მაფრთხილებდნენ, არ წახვიდეო... ეს არის ოჯახის დაარსებული პრემია, რომელიც ძალიან საპატიოა ჩემთვის-მეთქი. ამან გამახსენა საბჭოთა ანეკდოტი: ახალგაზრდა მევიოლინე მიდის კონკურსზე პარიზში. რუსებს ეშინიათ, იქ არ დარჩესო და გააყოლებენ ვითომ ბიძას - კა-გე-ბეს თანამშრომელს. მართლაც გაიმარჯვებს და ჟიური 5 წლით უსასყიდლოდ დაუთმობს სტრადივარიუსის ვიოლინოს. ბედნიერი ბრუნდება შინ და კოცნის ამ ვიოლინოს. არ მესმის, რა გიხარია, ვიოლინო ვიოლინოაო, - ეუბნება კაგებეშნიკი... უხსნის, ეს უნიკალურია, XVII საუკუნისაა, მილიონები ღირს, მე ვერასოდეს გადავიხდიდი ამითი სარგებლობის საფასურსო... იმან - მაინც არ მესმისო... ბოლოს, აუხსნა: შენ რომ ძერჟინსკის მაუზერი გაჩუქონო... ო, ახლა კი მესმისო! ჩემთვის ეს პრემია სტრადივარიუსის ვიოლინოც არის და ძერჟინსკის მაუზერიც... რადგან ისეთ დროს ვცხოვრობთ, ზოგჯერ რეჟისორებსაც სჭირდებათ მაუზერი... მართალია, არ მაქვს, მაგრამ...
ამ დიდმა რეჟისორმა ბრწყინვალედ იცოდა ქართული - დედა ქართველი ჰყავდა. ცხოვრობდა 25 თებერვლის ქუჩაზე, ახლა ტოვსტონოგოვისაა და მგონია, ისინიც ვერაფერს მეტყვიან, ვისაც ნამეტანი არ მოსწონთ მოსკოვში ვიზიტები...