რიკი მარტინის დისშვილმა ბიძის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

რიკი მარტინის დისშვილმა ბიძის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა

რიკი მარტინის დისშვილმა ბიძის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი გაიტანა, შესაბამისად, საქმე დაიხურა, მომღერალი კი გამართლდა. 21 წლის პირი ცნობილ მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

მარტინის ადვოკატებმა ამბავთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთეს. მათი თქმით, როგორც მოელოდნენ, სასამართლომ დროებითი შემაკავებელი ორდერი არ გაახანგრძლივა.

"ბრალმდებელმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ სარჩელის გამოტანის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, ყოველნაირი გავლენისა და ზეწოლის გარეშე. მან ასევე დაადასტურა, რომ საქმის დახურვით კმაყოფილი იყო — ეს თავად ბრალმდებელმა მოისურვა. საქმე ხომ ისედაც ცრუ ბრალდება იყო, რომელსაც არაფერი ამყარებდა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტი გამართლდა და ახლა შეუძლია, თავის ცხოვრებასა და კარიერაში შემდეგი ნაბიჯები გადადგას", — აცხადებენ მომღერლის ადვოკატები.

პუერტო-რიკოს სასამართლოს პროცესს თავად მარტინი ვირტუალურად დაესწრო. რამდენიმე კვირის წინ მას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. მომღერალმა ბრალდებები უარყო, მისი სახელით განცხადება კი ადვოკატმა გააკეთა.

"რიკი მარტინი, რა თქმა უნდა, არასდროს ყოფილა და არასდროს იქნებოდა რაიმე სახის სექსუალურ ან რომანტიკულ ურთიერთობაში თავის დისშვილთან", — განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა, მარტინ სინგერმა, — "ეს განცხადება არა მხოლოდ ცრუ, არამედ ამაზრზენიცაა. ვიმედოვნებთ, მომღერალი მიიღებს დახმარებას, რომელიც დაუყოვნებლივ ესაჭიროება. თუმცა, ყველაზე მეტად იმის იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე მაშინვე დაიხურება, როგორც კი მოსამართლე ფაქტებს შეხედავს".

საქმის დახურვის შემდეგ მარტინის ქმარმა მასთან გადაღებული სელფი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა "სიმართლე იმარჯვებს".

ამ საქმის დახურვის მიუხედავად, მარტინი სხვა არაერთ სასამართლო დავაშია ჩართული. მათ შორის — მისი ყოფილი მენეჯერი ვალის გადაუხდელობის გამო უჩივის და ზარალის $3 მილიონით ანაზღაურებას ითხოვს.