ჯენიფერ ლოპესს 24 ივლისს 53 წელი შეუსრულდა. მომღერალმა თავის დაბადების დღეზე საზოგადოებას კანის მოვლის ახალი საშუალება რეკლამის მეშვეობით წარუდგინა. ჯენიფერ ლოპესი დიდი ხანია, რაც კანის მოვლის საშუალებების კომპანია JLo Beauty-ს ფლობს და რეკლამებშიც მონაწილეობს. დაბადების დღეზე კი მომღერალმა კანის მოვლის ახალი ხაზის, JLo Body-ს, შესახებ ერთგულ მომხმარებლებს ამცნო.
JLo Body-ს პირველი პროდუქტი საჯდომისთვის განკუთვნილი ბალზამია, რომლის რეკლამისთვისაც მომღერალმა თავად იპოზიორა. "მე ყოველთვის სიურპრიზებით ვარ სავსე და პირველ რიგში, მათი გაზიარება თქვენთვის მინდა", — სწორედ ასე დააანონსა ჯენიფერ ლოპესმა ახალი პროდუქტი სოციალურ ქსელებში.
"ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახის კანს, მაგრამ ზოგჯერ სხეული გვავიწყდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კანის მოვლის ისეთი რუტინა შევქმნა, რომელიც სხეულის უნიკალურ და სპეციფიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ეს სწორედ საჯდომით დავიწყე", — ვკითხულობთ რეკლამის აღწერაში.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი ახლახან ბენ აფლეკზე დაქორწინდა. თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად დაინიშნნენ. მართალია, მაშინ წყვილის ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჯენიფერი და ბენი ლას-ვეგასში დაქორწინდნენ.
რაც შეეხება ჯენიფერ ლოპესის სხეულის მოვლის საშუალებებს, მომღერალს საკუთარი ვებგვერდი აქვს, სადაც მსურველებს ფასების ნახვასთან ერთად პროდუქციის შეძენაც შეუძლიათ.