21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამბერ ჰერდმა 1 ივნისს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ჯონი დეპის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბერს ყოფილი ქმრის სასარგებლოდ $10.4 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ამბერ ჰერდის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან მეორე დღესვე განაცხადეს, რომ მსახიობი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა. ცოტა ხნის წინ კი ამბერმა საჩივარი ოფიციალურად შეიტანა.
"მიგვაჩნია, რომ სასამართლომ შეცდომები დაუშვა, რის გამოც კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან შესაბამისი სამართლიანი ვერდიქტი არ გამოტანილა. შესაბამისად, გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ტვიტერზე ხანძრებს გააჩენს, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა კანონიერება და სამართლიანობა უზრუნველყოფილი იყოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.