ბრედ პიტმა გვიჩვენა, რომ წითელ ხალიჩაზე კოსტიუმის ნაცვლად კაბაც შეიძლება გეცვას

ბრედ პიტმა გვიჩვენა, რომ წითელ ხალიჩაზე კოსტიუმის ნაცვლად კაბაც შეიძლება გეცვას

ბრედ პიტი თავისი ახალი ფილმის, Bullet Train-ის წარდგენისას წითელ ხალიჩაზე ქვედაბოლოთი წარდგა. 58 წლის მსახიობს ყავისფერ ქვედაბოლოსთან ერთად ყავისფერი ჟაკეტი, ვარდისფერი პერანგი და მაღალყელიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა.

ბრიტანული ვოგის მიხედვით, ბრედ პიტი 2004 წელს, ფილმ Troy-ის წარდგენისას ამბობდა, რომ კაცები თავიანთ გარდერობს კაბებს მალე შემატებდნენ:

"კაცები შემდეგ ზაფხულს უკვე ქვედაბოლოებს ჩაიცვამენ. ეს ჩემი პროგნოზი და საჯარო განცხადებაა", — განაცხადა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ ბრედმა კაბა ჯერ კიდევ 1999 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ფოტოსესიისთვის მოირგო. ფოტოსესიის იდეა თავად მსახიობს დაებადა, ფოტოები კი ცნობილმა ფოტოგრაფმა მარკ სელიგერმა გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტის გარდა კაბებს ხშირად ცნობილი მომღერალი ჰარი სტაილსიც ირგებს, რითაც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოდას გენდერი არ აქვს.

კაბებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმით ცნობილი გერმანელი ინჟინერი მარკ ბრაიანიც გახდა, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს ყოველდღიურად ამსხვრევს.

სამწუხაროდ, მსგავსი ჩაცმის სტილის გამო უამრავ გეი თუ ტრანსგენდერ ადამიანს დევნიან — მათ, ვისაც ბრედ პიტისა თუ ჰარი სტაილსის მსგავსად შესაძლებლობა არ აქვთ, საკუთარი თავი ჩაცმულობით თამამად და უსაფრთხოდ გამოხატონ. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ ცნობილი ადამიანების მიერ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა საბოლოოდ ტანსაცმლის თავისუფლად არჩევისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას სხვა ადამიანებსაც მისცემს.