კრის ჰემსვორტმა კოცნის სცენის გადაღების დღეს ხორცი არ ჭამა, რადგან ვეგანი ვარ — ნატალი პორტმანი

კრის ჰემსვორტმა კოცნის სცენის გადაღების დღეს ხორცი არ ჭამა, რადგან ვეგანი ვარ — ნატალი პორტმანი

Thor: Love and Thunder-ის (თორი: სიყვარული და ქუხილი) ერთ-ერთ სცენაში მაყურებელი კრის ჰემსვორტისა და ნატალი პორტმანის კოცნას იხილავს. ამის შესახებ ნატალი პორტმანმა ახალ ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ რადგან თავად ვეგანია, კრისმა ეს გაითვალისწინა და სცენის გადაღების დღეს ხორცი არ ჭამა. თუმცა მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ კრის ჰემსვორტის კვების რაციონში ხორცი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დღიური პროდუქტია.

"იმ დღეს, როცა კოცნის სცენა უნდა გადაგვეღო, კრისმა ხორცი არ ჭამა, რადგან მე ვეგანი ვარ. რეალურად კი, ის ხორცს ყოველ ნახევარ საათში ჭამს, თუმცა ჩემს კვების რაციონს პატივი სცა. კრისმა ამ ყველაფერზე წინასწარ იფიქრა და ის უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანია", — ამბობს ნატალი პორტმანი.

ამ ფაქტის შესახებ Thor: Love and Thunder-ის ვარსკვლავმა ტესა ტომფსონმაც ისაუბრა. "არც კი მეგონა, რომ კრისს ხორცის ჭამის გარეშე გაძლება შეეძლო, ყოველ დილით თითქოს მთლიან ბიზონს ჭამს. ასე რომ, მისი მხრიდან ეს ძალიან ყურადღებიანი საქციელია", — განაცხადა ტესა ტომფსონმა.

გარდა კოცნის სცენისა, ნატალი პორტმანმა Thor: Love and Thunder-ის შესახებ ისიც აღნიშნა, რომ მაყურებელს წინ საინტერესო ფილმი და ვიზუალურად ძალიან ლამაზი სცენების ნახვაც ელის. შეგახსენებთ, რომ Thor: Love and Thunder-ის პრემიერა მსოფლიოს კინოთეატრებში უკვე დაიწყო.