ბათუმში კვლავ გრძელდება ასლან აბაშიძის ჩამოგდებით გამოწვეული ეიფორია და ყველა უკვე იმაზე საუბრობს, თუ როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე, ვინ გაჰყვა მას და ვინ - არა, იმ დანაშაულებრივ საქმეებზე მსჯელობენ, რომელსაც წლების მანძილზე სჩადიოდნენ ასლანი და მისი გარემოცვა. ამის მიუხედავად, ასლან აბაშიძის გაქცევისა თუ გაპარვის დეტალები კვლავაც უცნობია.
გაურკვეველია, ასევე, ვინ გაჰყვა ასლან აბაშიძეს. საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ იმას აცხადებენ, იგორ ივანოვის თვითმფრინავს ასლანი და მისი ვაჟი გაჰყვნენ, მეორე თვითმფრინავს კი - უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე და ასლანის გარემოცვის კიდევ 50-მდე წევრიო, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა. მათ ვინაობას ვერც პრეზიდენტის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს წევრები აზუსტებენ.
ყოფილი ოპოზიციონერი გურამ სალაძე კი ირწმუნება, რომ დაზუსტებული ინფორმაცია აქვს და აბაშიძეს, მაქსიმუმ, 30-მდე კაცი გაჰყვა. მოკლედ, მისი ინფორმაციით, 6 მაისს, ღამით, მოსკოვში გაფრინდნენ ასლან აბაშიძე, მისი ვაჟი გიორგი, აბაშიძის ცოლისძმა და აჭარის უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე, მეუღლით და ქალ-ვაჟით. ამ თვითმფრინავში იყო დავით ხალვაში, აბაშიძის დაცვის უფროსი, მეტსახელად „ქელფეთა“, ისიც მეუღლით და ორი ქალიშვილით. ასევე, „ქელფეთას“ დაცვის წევრები - ტყუპი ძმები მჟავანაძეები და გიორგი აბაშიძის რამდენიმე მეგობარი.
დანარჩენების ვინაობას ვერც სალაძე აკონკრეტებს. როდესაც ასლან აბაშიძის თვითმფრინავი ასაფრენად გამზადებულა და ჩასხდომა დაწყებულა, აღმოჩენილა, რომ ასლანთან ერთად გაქცევის მსურველი ბევრი ყოფილა, თვითმფრინავში კი საკმარისი ადგილი არ იყო. ზუსტად ვერავინ ამბობს, რა ეწყო თვითმფრინავის სალონში, მაგრამ ფაქტია, გაქცევის ბევრი მსურველი იძულებით დარჩენილა ბათუმში. მათ შორის ყოფილან ასლანის დაცვის წევრები - სულიკო ვასაძე და იური მჟავანაძე, ასევე გიორგი აბაშიძის დაცვის წევრები - თამაზ ლომიძე და მურთაზ კიკნაძე. ეს ის ხალხია, ვინც ასლან აბაშიძეს ბოლომდე გვერდში ედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, აბაშიძის კუთვნილ საზღვაო ბანკში არც ერთი თეთრი არ აღმოჩნდა. დაუზუსტებელია იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ასლან აბაშიძემ წაიღო მოსკოვში. „ალიას“ გადამოწმებული ინფორმაციით, „საზღვაო ბანკი“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მუშაობდა და ბოლო დღეებში ბანკიდან არაფერი გაუტანიათ (ცოცხალ თანხას ვგულისხმობთ). თუ რამე გასატანი იყო, მას ერთი კვირის წინ ჰქონია გატანილი. უკვე ეჭვს აღარ იწვევს იქაურებში ის ფაქტი, რომ ორი კეისი, რომელიც აბაშიძემ მოსკოვში გაიყოლია, სავსე ყოფილა სხვადასხვა სახის ძვირფასეულობით, მაგრამ ყველაფრის წაღება აბაშიძემ და მისმა გარემოცვამ ვერ მოახერხა.
სოსო გოგიტიძის ბინაში აღმოჩენილია აჭარის სხვადასხვა ეკლესიებიდან წამოღებული უძვირფასესი ხატები, რომლებიც იმავე ეკლესიებს გადაეცემათ, საიდანაც დაიტაცეს.
აჭარის ახალი ხელისუფლება აქტიურობს აბაშიძის მიერ შეიარაღებული ხალხის განიარაღებაში. ზოგიერთი მათგანი საკუთარი ნებით აბარებს იარაღს. უკანასკნელი ინფორმაციით, განიარაღდნენ ზურაბ ფუტკარაძის, ჯემალ ბასილაძის, თანალიშ კაკულიას, ანზორ დავითაძის, ზია ზოიძის, ედნარ ფუტკარაძის, მურთაზ კიკნაძის, ანზორ ცინცაძის, შაქრო გოგოლაძის, ზურაბ მიქელაძისა და ვასაძეების შეიარაღებული ფორმირებები. თავისთავად იგულისხმება, რომ განიარაღებულია ქობულეთის გამგებლის, ტარიელ ხალვაშის შეიარაღებული დაჯგუფება. მაგრამ ჯერჯერობით მაინც მოქმედებს რამდენიმე დაჯგუფება, რომელთა მეთაურებიც ტყეს აფარებენ თავს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი კაცი გაჰყვა ამ მეთაურებს. ფაქტია, რომ ამ ბანდების განეიტრალება ჯერ არ მომხდარა. ესენი ყოფილან რამაზ ტარიელაძის, რომან ბერიძის, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის ანზორ დევაძის, შაქრო ზაქარიაძის, ჯონი ხოზრევანიძისა და როლანდ ბერიძის ჯგუფები. როლანდ ბერიძე გიორგი აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსია. იმასაც ამბობენ, ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს ანზორ დევაძის დაჯგუფება და მისგან საფრთხეს არ ელის, რადგან დევაძე ორმაგ თამაშს თამაშობდაო. ოპოზიციას ეუბნებოდა, ასლან აბაშიძესთან არ გამამხილოთ, თორემ დამიჭერს და დაცვის გარანტიები არ მექნებაო.
დროებითი საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ამ ჯგუფების წევრებთან და მეთაურებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იარაღს ჩააბარებენო. ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ვაჟა თაბაქიძე მართალია, ასლან აბაშიძეს არ გაჰყოლია, მაგრამ ბათუმიდან თურქეთში 5 მაისს გაიპარა, როდესაც უნივერსიტეტთან გამართულმა მიტინგმა აპოგეას მიაღწია. მას არც გარანტიები მოუთხოვია პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არც ასლან აბაშიძისთვის უთქვამს რამე.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გარანტიებს აძლევს მძიმე დანაშაულებებში გაუსვრელ ხალხს, მაინც არიან ისეთები, რომელთა პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს აჭარის საზოგადოება.
ესენი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ალიკა დავითაძე და ელგუჯა ჯინქარაძე, მეტსახელად „რემბო“, ბათუმის ყოფილი მერი და სანაოსნოს ყოფილი უფროსი, ასლან სმირბა. ამ უკანასკნელს ცუდად უხსენებენ გაყიდულ თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულ გემებს. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ფორმით პასუხი აგებინონ მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს როსტომ ჯაფარიძეს, აჭარის სენატის ყოფილ სპიკერს გიორგი ცინცქილაძეს, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელს ანზორ დევაძეს, ხულოს გამგებელს შოთა აბაშიძეს, ქედას გამგებელს ედნარ დევაძეს, პორტის ყოფილ უფროსსა და ბათუმის ვიცე-მერს ჯამბულ ნინიძეს, ქობულეთის ყოფილ გამგებელს ტარიელ ხალვაშს.
საზოგადოება მათზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ციხეში ჩასმას არ მოითხოვს. უბრალოდ, ამ ადამიანებს სთხოვეს, რომ უკან დააბრუნონ მიტაცებული მილიონები. არ არის გამორიცხული, რომ აქაც იგივე სცენარი განმეორდეს, რაც თბილისში. ყოფილი ბობოლა ჩინოსნები ხელისუფლებამ დაიჭიროს და შემდეგ მიტაცებული ფულის გადახდის სანაცვლოდ გაუშვას. ყოველი შემთხვევისთვის, ყოფილი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ამ ვარიანტზე თანახმაა და ცხადია, ისინი საზოგადოების აზრს ითვალისწინებენ.