ცნობილმა რუსულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, LITTLE BIG, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ დაგმო ღიად — ამჯერად, სიმღერით და მასზე გადაღებული კლიპით. ამასთან, ბენდმა ქვეყანაც დატოვა და, გავრცელებული ცნობით, ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფებიან.
სიმღერა, სახელწოდებით Generation Cancellation ("თაობის გაუქმება"), ისევე, როგორც მასზე გადაღებული კლიპი, სიმბოლოებითა და ალუზიებით მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება. ამასთან, იუთუბზე ატვირთული ვიდეოს აღწერაში ჯგუფი წერს:
"ომი არ დამთავრებულა. შეაჩერეთ ომი უკრაინაში. შეაჩერეთ ომი მსოფლიოში. ომს არავინ იმსახურებს".
ვიდეოკლიპში პოლიტიკური ფიგურები ჩანან, რომლებიც ჭადრაკის დაფაზე ჯარისკაცებს მართავენ. ისინი ასევე ჩნდებიან ტელევიზიაში, რომლის ეკრანზეც წერია "ყალბი ამბები". საინტერესოა სურათი, სადაც ეკრანის წინ მსხდარი ადამიანები ეთერში უნიტაზზე მჯდომ ადამიანთან სატუმბი მილით არიან დაკავშირებულები — ეს იმაზე მიანიშნებს, თუ როგორ იქცევა მედია პროპაგანდის იარაღად.
ვიდეორგოლში ასევე ვხედავთ ალუზიას ეკლესიაზე — სამხედრო პირი იარაღით გაკეთებული ჯვარით მის წინ დაჩოქებულ ადამიანს აკურთხებს.
სიმბოლურია სიმღერის ტექსტიც:
"არ მაქვს ხმა, მოკვდი ან წადი, მოკვდი ან წადი, არჩევანი აღარ მაქვს".
ბენდმა განცხადებებში ღიად დაგმო პუტინის ქმედებები. ჯგუფის სოლისტი, ილია პრუსიკინი, ამატებს, რომ რუსული სამხედრო პროპაგანდის მანქანა მათ გულს ურევს, ამიტომ, მათ ყველაფრის მიტოვება და ქვეყნიდან წასვლა ამჯობინეს.
BBC-ისთან ინტერვიუში ბენდის კიდევ ერთი სოლისტი, სონია ტაიურსკაია, იხსენებს, რომ როცა ომის დაწყების შემდეგ მათ ანტისაომარი განცხადება გააკეთეს სოციალურ ქსელში, დაურეკეს და პოსტის აღება ურჩიეს.
"რუსეთში ხელოვანების შავი სიაა შექმნილი", — ჰყვება სონია, — "და რადგან ჩვენ ომი დავგმეთ, ამ შავ სიაში აღმოვჩნდით".
მომღერალი ასევე ამატებს, რომ რუსეთში ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ, ამიტომ ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, დატოვებული აქვთ. მსგავსად მოიქცა არაერთი რუსი მუსიკოსი.
ილიას თქმით, ჯგუფის წევრები ახლო მომავალში სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებენ. მათი აზრით, ეს მხოლოდ პუტინის წასვლის შემდეგ შეიძლება მოხერხდეს. მანამდე კი, LITTLE BIG ცხოვრებას და საქმიანობას აშშ-ში განაგრძობს. აგვისტოს თვეში ისინი საქველმოქმედო კონცერტის გამართვასაც აპირებენ.