ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, გია ჭანტურიას ყოფილი მეუღლე და თანამებრძოლი ირინა სარიშვილი პოლიტიკურ პასიურობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აბრალებს:
- დღევანდელი ოპოზიცია და ხელისუფლება ერთი მედლის ორი მხარეა. ხელისუფლება და რეკლამირებული ოპოზიცია (ხელისუფლების ყოფილი თანაგუნდელები) ერთი ბურთით თამაშობენ და სხვა პოლიტიკოსებისათვის ასპარეზი აღარ დარჩა. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სააკაშვილს ბურჯანაძე შეცვლის თუ ალასანია. ჩემი პასიურობის მიზეზი ისიცაა, რომ ტელევიზიებით აზრის გამოხატვის საშუალება აღარ მაქვს. თუ ოფისი არა გაქვს, პრესკონფერენციას ვერ ჩაატარებ. ზოგიერთი პოლიტიკოსივით არ შემიძლია, ტრიბუნა ამოვიდო იღლიაში და ტყე-ტყე და პარკ-პარკ ვატარო პრესკონფერენციები. ჩემს პარტიას ფინანსური საშუალება არა აქვს. ვიცი, რასაც ნიშნავს ფინანსური პრობლემა და მესმის "ეროვნული ფორუმისაც" (რომელიც ქაოსურ ოპოზიციაში ერთადერთი რეალურად მოაზროვნე პოლიტიკური ძალაა), რომელიც უსახსრობის გამო იძულებული გახდა ერთხანს ბურჯანაძეს დასდგომოდა გვერდით. რაკი პოლიტიკურად არ ვაქტიურობ, მთელ დროს ვახმარ შვილებს, რომლებიც სააკაშვილს ამის გამო ძალიან ემადლიერებიან.
გიასთან თქვენი დაკავშირება როგორ მოხდა?
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე რომელიმე პარტიაში თუ შევიდოდი და კოლექტიურ აზრს დავემორჩილებოდი.
დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ხელთ ჟურნალი "მოამბე" ჩამივარდა, სადაც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და გია ჭანტურიას წერილები იყო. მომეწონა და თან გამიკვირდა, რომ თამამ აზრებს ასე თავისუფლად გამოხატავდნენ. რამდენიმე დღეში გაზეთ "კომუნისტში" უშვერად გალანძღეს ამ სტატიების ყველა ავტორი. ვინ მეკითხებოდა, მაგრამ ძალიან აღშფოთებულმა დავწერე წერილი და "კომუნისტის" რედაქციაში მივიტანე. რომ წაიკითხეს, სიცილით დაიხოცნენ, ამას როგორ დავბეჭდავთო. ჩემი ერთი თანამშრომელი მერაბ კოსტავასა და გია ჭანტურიას იცნობდა. გამომართვა წერილი და გიას წაუღო. 1987 წელი იყო, მაშინ არც ისე ბევრნი იყვნენ ეროვნულ მოძრაობაში. გიას როგორც კი წაუკითხავს წერილი, უთქვამს, ამ წერილს კი დავბეჭდავთ, მაგრამ ავტორი სასწრაფოდ მომიყვანეთო. მნახეს, ნორმალურად მეცვა (ანუ საზოგადოების ნარჩენი არ ვიყავი), უმაღლესი დამთავრებული მქონდა, ენები ვიცოდი, დისერტაციაზე ვმუშაობდი და აი, მაშინ ჩამავლეს ხელი... მერე მერაბ კოსტავამ მთხოვა, "საქართველოს მისია" რუსულად მითარგმნეო (აი, ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა ჩემი აგენტობა). ბოლოს ზვიად გამსახურდიაც გავიცანი. ასე ჩამითრია ამ ჭაობმა და დისერტაციაც დაუცველი დამრჩა.
ესე იგი ყველაზე მეტად გიამ იაქტიურა პოლიტიკაში თქვენს ჩასართავად.
- პირველად გიასთან მიმიყვანეს, სახლში. გამიკვირდა, ახალგაზრდა რომ აღმოჩნდა, მერაბი, ზვიადი და გია ერთი თაობის მეგონა. გია ჩემზე 4 წლით უფროსი ყოფილა და მიკვირდა, როგორ მოასწრო ან პატიმრობა, ან გადასახლებაში ყოფნა, ან ამდენის წაკითხვა-მეთქი. გია ძალზე საინტერესო, უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. არ მახსენდება, რომ კითხვაზე მისგან პასუხი არ მიმეღო. თან, არც ერთი პასუხი არ ყოფილა ზედაპირული. ცოცხალი ენციკლოპედია იყო. მერაბთან კი ძალიან ხალისიანი ურთიერთობა მქონდა. მოკლედ, სანამ ეროვნულ მოძრაობაში ცოტანი ვიყავით, ძალიან კარგი იყო. მერე ჩემი და გიას ურთიერთობა განვითარდა ისე, რომ ვერ წამოვიდოდი, თორემ თავიდანვე რომ ეთქვათ, რომელიმე პარტიაში უნდა შეხვიდეო, გამოვიქცეოდი. ჩემში რაღაც ნაწილი დღემდე აპროტესტებს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ვერ ვიტან მიტინგებზე გამოსვლას, პარტიულ ყრილობებსა და კრებებს. მინდოდა, ჟურნალისტი ან ადვოკატი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა.
რამდენადაც ვიცი, პირველად 1989 წლის აპრილში დაგაპატიმრეს.
- 7 აპრილს ველოდით დარბევას. მიუხედავად იმისა, რომ სიცხიანი ვიყავი და გიაც მეჩხუბებოდა, წადიო, მთელი ღამე მიტინგზე გავათენე. იმ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. 8 აპრილს მთელი დღე და 9 აპრილს 3 საათამდე დასავლეთის სააგენტოებს გადავცემდი ინფორმაციას, საშიშროება ახლოვდება-მეთქი. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვფიქრობდი, რომ ვაბუქებდი... სიცხიანსა და დაღლილს დამეძინა.
ჩემი ძმა მოყვა დარბევაში. დილით მოვიდა შინ და გამაგებინა, მომიტინგეები დაგვარბიესო. ვერც მოვასწარი გამეგო, რა მოხდა, რომ თავზე დამადგნენ და დამაპატიმრეს. მომატყუეს, ხელწერილის დასაწერად მიგვყავხარო. ორთაჭალის ციხეში რომ მიმიყვანეს, ვერ მივხვდი, სად ვიყავი და ვიკითხე, სად ვარ-მეთქი. გამომიცხადეს, სანატორიუმშიო. მერე მითხრეს, თქვენ გამო ხალხი დაიღუპაო და მეგონა, მატყუებდნენ. იმ დღესვე დაიჭირეს გია და მერაბი, 2-3 დღეში კი - ზვიადი. ციხის ადმინისტრაცია პირველ დღეს ძალზე აგრესიული იყო, მეორე დღეს უეცრად შეიცვალნენ, საოცარი მოწიწებით მექცეოდნენ. ეტყობა, იმის გამო, რომ ხალხი ჩვენ გვერდით დადგა, ჩვენ დაგვიჯერა. არავინ ფიქრობდა, რომ 9 აპრილს ხალხის დაღუპვა ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბრალი იყო. ორთაჭალის ციხიდან ე.წ. სპეცმიმღებში გადამიყვანეს, ფიროსმანის ქუჩაზე. მის მოპირდაპირე მხარეს გამოსაფხიზლებელი იყო. სპეცმიმღებში მანამდე ქალი არ ყოფილა. ისეთი საშინელი დაწესებულება იყო, რომ მითხრან, რა გირჩევნია, ორი დღის იქ გატარება თუ ციხეში 20 წლის მოხდაო, ციხეს ავირჩევ. უზარმაზარი, დაახლოებით 100 კვმ სიდიდის საკანი მიწაში იყო ჩაფლული. კედელი მხოლოდ ათიოდე სანტიმეტრით ამოდიოდა მიწის ზედაპირზე. შუქს არ ანთებდნენ. მხოლოდ ერთი ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა სინათლე. საწოლი არ იდგა და მიწაზე ვიწექი. ტუალეტს კარი არ ჰქონდა. რომ გამიყვანდნენ, ბადრაგი ზურგს შემაქცევდა. რადგან იქვე სადგური იყო, მთელ ღამეს ჩამესმოდა მატარებლის გასვლისას მუსიკალური სიგნალი. ეს ხმა დღესაც რომ მესმის, ჟრუანტელი მივლის. ამ საშინელებას ისიც დაერთო, რომ საკანში ვირთხები დათარეშობდნენ. მეშინოდა, ღამით ყური არ მომაჭამონ-მეთქი და ვერ ვიძინებდი. რომ გათენდებოდა, ზედამხედველები საკნის კარს ოდნავ შემოაღებდნენ და დაძინების უფლებას მაძლევდნენ.
თბილისში კომენდანტის საათი რომ გამოცხადდა, რუსი ჯარისკაცები ჩემს საკანთანაც მოვიდნენ. მანამდე როდიონოვის მოადგილე მოვიდა ჩემი ფოტოთი, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად მე ვიყავი დაპატიმრებული. ბადრაგს კარი გააღებინა. ვხედავ ვიღაც კაცს, რომელიც რაღაც ფოტოს დაჰყურებს და მერე მე მაკვირდება... საკანში ძალიან ციოდა, ორპირის გამო უარესად დაუბერა, ნერვები მომეშალა, კარს ფეხი ვკარი და თურმე კარი ცხვირში მოხვდა. კინაღამ გადაირია. მთელი ღამე დარჩნენ რუსები ჩემს საკანთან. ითხოვდნენ, ჩემს საკანში შემოეშვათ, - ატკროიტე, სტრელიატ ბუდემო, მაგრამ ბადრაგის ქართველმა თანამშრომლებმა არ გააღეს კარი. როგორც ჩანს, ბრძანება არ ჰქონდათ, თორემ გამისწორდებოდნენ. არ ვიცოდი, რით დასრულდებოდა რუსი ჯარისკაცების აგრესია. ამიტომ, როდესაც ტუალეტისკენ მივყავდი, კარადიდან ჩანგალი მოვიპარე. თუ საკანში რუსები შემოიჭრებიან, ჩანგლით მაინც დავიცავ თავს-მეთქი. ძილის წინ გვჩხრეკდნენ. ზედამხედველმა ჩანგალი იპოვა და მკითხა, ეს რა არისო... ძალიან იშვიათად ვტირი, მაგრამ შიშისაგან ცრემლები წამსკდა. ზედამხედველმა აღარაფერი მითხრა, ჩანგალი დამიტოვა და გავიდა...
თუ დამიჯერებთ, ის დრო უფრო უკეთესად მახსენდება, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა. დღევანდელ ვითარებას ვერასოდეს გავიხსენებ სიცილით, რადგან ძალიან დათრგუნვილია ყველა. ნეტავ ვინმემ მეხსიერებიდან ამომიფხიკოს ის, რაც დღეს ხდება. ასე მგონია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ. ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც რაღაც უცხო სხეულების კრებულს ვხედავ. სად შეიკრიბა ამდენი ერთნაირი, ერთ ფაბრიკაში გამოზრდილებივით არიან. უეროვნებო, უტრადიციო, ურელიგიო, საქვეყნო არაფერი აწუხებთ. ოპოზიციისა და სააკაშვილის უკან ერთი და იგივე ძალა დგას, მხოლოდ რუსული ან ამერიკული კი არა. ეს რუსულ-ამერიკული პროექტია. ამ სქემაშია ჩართული ყველა, "ეროვნული ფორუმის" გარდა. ოპოზიცია აცხადებდა, ტირანი სააკაშვილის სახე უნდა დავანახვოთ ბაიდენსო და მისი ჩამოსვლის დღეს საკნები აიღეს. თუ გინდა, ხელისუფლების სახე დაანახვო ვინმეს, ან თავი უნდა დაარბევინო, ან ხალხმრავალი აქცია დაახვედრო. ამის ნაცვლად ოპოზიციამ რუსთაველის პროსპექტიდან გუდა-ნაბადი აიკრა და ფილარმონიასთან გამართა აქცია.
თქვით, ოპოზიციამ რატომ არ დაარბევინა თავი ხელისუფლებასო. 1991 წლის 2 სექტემბერს ედპ-მ პროვოცირება გაუკეთა გამსახურდიას, რომ თქვენი მიტინგი დაერბია?
- ეს არ ყოფილა ხელისუფლების პროვოცირება. ჩვენ ყოველ კვირას ვმართავდით საინფორმაციო მიტინგებს კინოს სახლთან და ერთ-ერთი ასეთი დღე 2 სექტემბერი იყო. ეროვნულ ძალებს შორის იდეოლოგიური სხვაობა რომ იყო, ეს 9 აპრილს გამოჩნდა. მერე უფრო თვალში საცემი გახდა განსხვავებული პოზიციები. ზვიად გამსახურდია და მისი ოჯახი სექტანტებივით იყვნენ, კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ. ზვიადი ეჭვიანი იყო და მის ამ თვისებას ოჯახიც აქეზებდა. საკმარისი იყო, ვინმეზე რაღაც გადაბრუნებული ეთქვათ ზვიადისთვის, რომ მაშინვე აითვალწუნებდა, მოიცილებდა. ეს გიას დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ თავს იკავებდა. განხეთქილება კონგრესის არჩევნებზე მოხდა. თავიდან ყველა შევთანხმდით, რომ კომუნისტების დანიშნულ არჩევნებზე უარს ვიტყოდით, მაგრამ ბოლოს ზვიადი ჩაერთო და მოულოდნელად მაღალი პროცენტიც მიიღო. ვფიქრობ, ესეც გამიზნულად დაგეგმეს კომუნისტებმა, რათა პასუხისმგებლობა მხოლოდ "მრგვალ მაგიდას" დაჰკისრებოდა. ის, რაც მომავალ დეკემბერ-იანვარში მოხდა, ამ გეგმის ნაწილი იყო.
1991 წელს დაწყებულ სამოქალაქო დაპირისპირებას ხშირად ედპ-ს მიაწერენ.
- ჩვენი დაუძინებელი მტერიც ვერ იტყვის, რომ რომელიმე ჩვენი თანაპარტიელი იარაღით ყოფილიყო მთავრობის სასახლესთან. გია 16 სექტემბერს დაიჭირეს, მას შემდეგ, რაც ედპ-მ დიდი მიტინგი ჩაატარა რესპუბლიკის მოედანზე. ამ მიტინგმა ცხადყო, რომ ზვიადს ვუგებდით. გიასთან ერთად მაშინ მეც დამიჭირეს, მაგრამ ორ დღეში გამომიშვეს. მერე "მრგვალი მაგიდაც" გაიყო, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურიასა და თქვენზე მომხდარი თავდასხმა ვის სჭირდებოდა? მაშინ თქვენ იგორ გიორგაძე დაადანაშაულეთ.
- მე ჩამოვთვალე ის ოთხი კაცი, რომელთაც გია აკრიტიკებდა: ვარდიკო ნადიბაიძე, ავთანდილ მარგიანი, ჯაბა იოსელიანი და იგორ გიორგაძე. ეს განცხადება გიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს გავაკეთე პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდნენ ხელი შეეშალათ. ისიც ვთქვი, შესაძლოა, ეს ოთხი კაცი მეხამრიდად ჰყავს შევარდნაძეს-მეთქი. მაშინ არ მიფიქრია კვირაიაზე, მაგრამ ორ-სამ თვეში ფაქტების საფუძველზე დავრწმუნდი, რომ ამ საქმეში ის მონაწილეობდა.
მაგრამ გია ჭანტურიას მკვლელობისთვის "მხედრიონელები" დააკავეს.
- "მხედრიონელები" შემსრულებლები იყვნენ. ცხადია, ეს ჯაბა იოსელიანმაც იცოდა. მოსმენილი მაქვს თემურ ხაჩიშვილისა და ჯაბა იოსელიანის საუბრის ჩანაწერი, სადაც ხაჩიშვილი ჰყვება, რა მოხდა ჩვენს სახლთან და დასძენს, მგონი, ირინა გადარჩაო. ამაზე ჯაბა იოსელიანი პასუხობს, აუ, ეს რა ქენით, ახლა მაგის ჭიჭყინს რა გაუძლებსო.
თავდასხმამდე გია რამდენჯერმე გააფრთხილა იგორ გიორგაძემ (კაცი გამოუგზავნა), რომ ტერაქტი იგეგმებოდა და ურჩია, განცხადება გააკეთე თავდაცვის მიზნითო, მაგრამ გიამ არ დაუჯერა. სამი თვით ადრე მე დამყვებოდნენ უშიშროებისნომრებიანი მანქანები. ზოგჯერ მანქანიდან ავტომატგადმოშვერილი ხალხი მხვდებოდა სახლთან. ალბათ, იმიტომ, რომ ეჭვი გიორგაძეზე მიგვეტანა და მისი საწინააღმდეგო განცხადება გამეკეთებინა. გიას არ უთქვამს, რომ გიორგაძემ თავდასხმის თაობაზე გააფრთხილა, მაგრამ უცნაურად კი იქცეოდა. მარტო აღარსად მიშვებდა. ცდილობდა, სულ სახლში ვყოფილიყავი. სხვებისგან რომ გავიგე, გია იგორ გიორგაძემ გააფრთხილაო, შევარდნაძესთან შევედი და დაცვა მოვითხოვე. შევარდნაძემ, რა სისულელეა, თქვენზე ვინმე ტერაქტს ამზადებსო და დაცვის დანიშვნის საკითხი პარლამენტში გაიტანა. პარლამენტმა უარი თქვა.
3 დეკემბერს გია, მე და ჩვენი მეგობარი მერაბ ბარამია ავტომანქანაში ჩავსხედით. მანქანა რომ დაიძრა, გიას სიგარეტი ვთხოვე და ამ დროს მომესმა ასფალტიდან ასხლეტილი კენჭების ხმა. უცებ ბათქაბუთქი ატყდა, სამი მხრიდან გვესროდნენ. ერთი მხრიდან ხელის ტყვიამფრქვევით ისროდნენ, წინიდან და უკნიდან - ავტომატებით. მოწმეების ჩვენებით სროლა 8 წუთს გრძელდებოდა. მთელი ხმით ვყვიროდი. მანქანა გაჩერდა, გიას იარაღი ჰქონდა და მანქანიდან იარაღმომარჯვებული გადავიდა. ფაქტობრივად, ამან გადამარჩინა, რადგან მთელი ყურადღება გიასკენ გადაიტანეს. მანქანის უკანა სავარძელში ჩავწექი. როგორც კი თავს წამოვწევდი, სროლას აახლებდნენ. მერაბი მეძახდა, არ გაინძრეო, რომ ვეღარ გამაჩერა, უკან გადმოძვრა და ზემოდან გადამეფარა. ერთიანად დაუცხრილეს ზურგი... განიერი პალტო მეცვა, მერე მასზე 40-ამდე ნატყვიარი დავითვალეთ. მე მხოლოდ 4 ტყვია მომხვდა. ერთს, რომელიც გულიდან 3 მილიმეტრით არის დაცილებული, დღემდე ვატარებ და მისი წყალობით მშვენივრად შემიძლია ამინდის - წვიმის, სეტყვის, მიწისძვრის პროგნოზირება.
გიას გარეშე როგორი იყო ცხოვრება?
- ძალიან ძნელი... მარტო აღმოვჩნდი უამრავი პრობლემის წინაშე. ის თანაპარტიელები, რომლებიც ჩვენთან ხშირად დადიოდნენ, გიას სიკვდილის შემდეგ დაიფანტნენ. ბევრს არც ვიცნობდი, მამუკა გიორგაძე კი თავიდანვე ვერ მიტანდა. პარტიაში წელიწადში ერთხელ გადატრიალებას მიწყობდნენ. არც მინდოდა თავმჯდომარეობა, თავიდანვე გიას გამო ვიყავი ედპ-ში, მისი სიკვდილის მერე კი ვალდებულების გამო. ვარდების რევოლუციის მერე ერთ დღესაც ბაჩუკი ქარდავამ (რომელიც ჩემი მარჯვენა ხელი მეგონა, მაგრამ თურმე ყველა გადატრიალება მისი მოწყობილი ყოფილა) გამომიცხადა, უნდა წახვიდე პარტიიდან, თორემ ყრილობა ჩატარდება და გადაგირჩევთ. რადგან ხელისუფლებაში შენი მტრები მოვიდნენ, სანამ შენ იქნები თავმჯდომარე, დაღუპული ვართ, თუ წახვალ, წინ წავალთო. ვუთხარი, შეცდომას უშვებთ-მეთქი და წამოვედი.
მახსოვს, რომ სააკაშვილთან ურიგო ურთიერთობა არ გქონიათ. პარლამენტში 7%-იანი ბარიერის საკითხის გატანის მერე გადაგკოცნათ კიდეც.
- როგორ შეიძლება მიშა სააკაშვილთან ცუდი ურთიერთობა მქონოდა? მაგაზე უკეთესი გასართობი არც მყოლია პარლამენტში. სტრასბურგში 4-კაციანი დელეგაცია დადიოდა პარლამენტიდან, სადაც მე და მიშა ვიყავით. თუ მიშა არ მოდიოდა, ძალიან მოვიწყენდით ხოლმე. ძალიან გვახალისებდა იმით, რომ 8 ჩემოდნით მოდიოდა, ალბათ, ყველა სეზონის ტანსაცმელი მოჰქონდა. როგორ არ ეზარებოდა? ერთი კვირის განმავლობაში ექვს სასტუმროს იცვლიდა. წინ და უკან დარბოდა. მაგის ოთახში რომ შეხვიდოდი, ქაღალდები და საჭმელი თავზე ეყარა, გამალებული მუშაობდა. ჩვენ რომ კაფეში ვისხედით, მიშა აფრიკული ტომებისა და კენიის საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობდა. სულ მოუსვენარი იყო, არც ვიცი, როდის იძინებდა. მოკლედ, მიშასთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
ალბათ, ამიტომაც არ დაგიჭირათ მაშინ, როდესაც თქვენი თანაპარტიელები დააპატიმრეს.
- ახლა ვხვდები, რატომაც არ დამიჭირეს. ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგეს, სრულ იზოლაციაში დამტოვეს. მე რომ დავეჭირე, თინა ხიდაშელსა და ნინო ბურჯანაძეს უნდოდათ თუ არა, ვუყვარვარ თუ არა, მაინც მოუწევდათ ამაზე ხმის ამოღება. ირინა სარიშვილის დაპატიმრებას ვერავინ მოუყრუებდა და მეც თუ გისოსებს მიღმა ვიქნებოდი ჩემს 12 თანაპარტიელთან ერთად, ბევრად მეტ ზიანს მივაყენებდი ხელისუფლებას, ვიდრე ახლა. ახლა რა შემიძლია დავუშავო ხელისუფლებას? მეგაფონით ხომ არ ვივლი ქუჩაში? "რუსთავი 2"-ში ორჯერ მიმიწვიეს, ისიც "ვირთან" ინტერვიუზე, მაგრამ ეს ისეთი ფორმატის გადაცემაა, სერიოზულ თემებზე რომ ვერ ილაპარაკებ. ერთი პოლიტიკური ძალაც არ არის, რომელთანაც ვითანამშრომლებდი.
ალბათ, იგორ გიორგაძის პერსონის გამო.
- შესაძლოა, ამიტომაც, მაგრამ სხვა მიზეზიც არის... გიას თანამოაზრეებზე მეტი დამტირებელი ჰყავდა. ედპ ყოველთვის აფრთხობდა ყველას და ეს ჩემზეც გავრცელდა.
როგორც წესი, პოლიტიკურ პროგნოზებზე უარს არ ამბობთ ხოლმე, ამჯერად რას იტყვით?
- ძნელი წარმოსადგენია, 2013 წლამდე სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს. არ გამოვრიცხავ, როგორც შევარდნაძის დროს, სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის გასვლამდეც რამდენიმე თვით ადრე გათამაშდეს რუსულ-ამერიკული სცენარი და ხელისუფლებაში სააკაშვილის რომელიმე ყოფილი თანაგუნდელი (ალასანია ან ბურჯანაძე) მოვიდეს იასამნის რევოლუციით. საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ყოველთვის წინ უსწრებდა განხეთქილება მმართველ გუნდში. ასე იყო "მრგვალი მაგიდისა" და "მოქალაქეთა კავშირის" დროსაც, იგივეა მოსალოდნელი დღევანდელ მმართველ გუნდშიც. სააკაშვილსაც ყოფილი თანაგუნდელები გადაატრიალებენ. თუ ღმერთმა არ გადმოგვხედა, წინ კიდევ ერთი ხავერდოვანი რევოლუცია გველის.