ქართველი დიპლომატების საბედისწერო შეცდომა სტამბულში

ქართველი დიპლომატების საბედისწერო შეცდომა სტამბულში

სტამბულში, ეუთოს კონფერენციაზე საბოლოოდ შეთანხმდა და დამტკიცდა „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების  1990 წლის ვენის ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი“.

ეს ამ სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე თვით „ახალი ევროპის ქარტია“ ან დეკლარაცია „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის იდეალთა შემდგომი განხორციელების“ თაობაზე.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, რომელსაც საქართველო და რუსეთი აწარმოებდნენ, ხელშეკრულებას დაერთო რუსეთ-საქართველოს ერთობლივი განცხადება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოდან რუსეთის ჯარების თანდათანობით, ეტაპობრივ გაყვანას.

თავის დროზე (1990 წლის ვენის ხელშეკრულება) აუცილებელი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის მხრიდან სამხედრო საფრთხის შემცირების მექანიზმი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ხელშეკრულებამ ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა.

დოკუმენტის „ადაპტირებული“ (ანუ სსრკ-ის დაშლის შემდეგ შექმნილი ვითარების შესაბამისი) ვარიანტი ითვალისწინებდა გარკვეულ ქვოტებს ყველა სახელმწიფოსათვის. იგი ფაქტობრივად კრძალავდა ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა განლაგებას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე.

გამონაკლისია მხოლოდ „დროებითი განლაგება“ განსაზღვრული ვადით.

მაშასადამე, ევროპაში ჩვეულებრივი შემცირების ხელშეკრულება ზღუდავს გაეროს წესდებით განსაზღვრულ უფლებასაც, რომლის მიხედვით ერთ ქვეყანას შეუძლია სთხოვოს მეორეს განალაგოს მისი ბაზები „საკუთარ“ ტერიტორიაზე.

ბუნებრივია, ეს დებულება უპირველესად მიმართულია პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის ჰეგემონობისა და ერთიანი სახელმწიფო წარმონაქმნის ჩამოყალიბების მცდელობათა წინააღმდეგ.

ისიც ბუნებრივია, რომ რუსეთს შეეძლო საერთოდ არ მოეწერა ხელი ადაპტირებული ხელშეკრულებისათვის, მაგრამ ეს მეტისმეტად მწვავე კონფრონტაციის მანიშნებელი იქნებოდა როგორც დასავლეთიდან, აგრეთვე პოსტსაბჭოური და პოსტსოციალისტური სივრცის ქვეყნებთან.

ამრიგად, საქართველოს ჰქონდა რამდენიმე კოზირი, რომლებიც, ამ შემთხვევაში, მაქსიმალური „მარგი ქმედებით“ უნდა გამოყენებულიყო, რაც არ მოხდა.

თავდაპირველად რუსები ცდილობდნენ ოთხივე ბაზა შეენარჩუნებინათ, თანაც ისე, რომ არ დაერღვიათ თვით ხელშეკრულება და დასავლეთს მათთან პრეტენზიები არ ჰქონოდა. რუსული გენერალიტეტის წინადადება შემდეგი იყო: შევამცირებთ შეიარაღების ოდენობას საქართველოს ტერიტორიაზე, მოგიყვანთ ამ ოდენობას შესაბამისობაში ვენის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ოდენობასთან, მაგრამ ბაზებს არ გავაუქმებთ.

უფრო მეტად გასაგები რომ იყოს: დავუშვათ, ხელშეკრულება საქართველოსათვის ითვალისწინებს 100 ტანკის ქვოტას. ამ 100 ტანკიდან საქართველოს ჰყავს (ვთქვათ) 40 მაშასადამე, იმავე დოკუმენტის შესაბამისად, მას შეუძლია დანარჩენი 60 ტანკის საქართველოში განლაგების უფლება დაუთმოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ოღონდ „დროებით განლაგების რეჟიმში“.

დავუშვათ, რუსეთს ამჟამად საქართველოში ჰყავს არა 60, არამედ - 230 ტანკი. რუსული დელეგაცია ქართველ კოლეგებს სთავაზობდა შემდეგ სქემას: მოგვეცით 60 ტანკის „დროებითი განლაგების“ უფლება, ჩვენ მათ გადავანაწილებთ ოთხივე სამხედრო ბაზაზე (ახალქალაქში, გუდაუთაში, ვაზიანსა და ბათუმში), ამით ქვოტას არ დავარღვევთ, მაგრამ ოთხივე ბაზას შევინარჩუნებთ, დანარჩენ 170 ტანკს კი გავიყვანთ. იმთავითვე ნათელი იყო, რომ რუსებს არც ერთი ბაზის „დახურვა“ არ უნდოდათ.

ქართულმა მხარემ რუსებს შესთავაზა (და საბოლოოდ „გაიტანა“) სხვაგვარი სქემა: „ჩვენ გაძლევთ ჩვენი ქვოტის ფარგლებში 60 ტანკის საქართველოში განლაგების უფლებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს 60 ტანკი გადანაწილდება მხოლოდ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე, ხოლო ვაზიანსა და გუდაუთის სამხედრო ბაზები გაუქმდება. თუ ამაზე არ დაგვთანხმდებით, საერთოდ არ გაძლევთ უფლებას „დროებით განალაგოთ“ თქვენი შეიარაღება ჩვენს ტერიტორიაზე“.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რაოდენობა მხოლოდ მაგალითად მომყავს. რეალურად ტანკების, ვერტმფრენების, არტილერიის ოდენობა შეიძლება სხვაგვარი იყოს, მაგრამ თვით პრინციპი საბოლოო შეთანხმებისა, სწორედ ზემოთ აღწერილი სქემიდან გამომდინარეობს: 2001 წლის 1 ივლისამდე რუსეთი კისრულობს ვალდებულებას გააუქმოს ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზები, ხოლო 2000 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს მოლაპარაკება დანარჩენი ორი ბაზის ფუნქციონირების ვადების თაობაზე, ვინაიდან „დროებითი განლაგება“ ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები უნდა გაუქმდეს.

მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ქართულმა დიპლომატიამ უმძიმესი, ვაითუ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მხარეები“ მოლაპარაკების შედეგად განსაზღვრავენ ვაზიანისა და გუდაუთის ობიექტთა შემდგომი (სხვათა შორის ერთობლივი) ექსპლუატაციის წესს. არსად წერია, რა ობიექტები იგულისხმება კონკრეტულად. ამიტომ, რუსებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ იგულისხმება ვაზიანისა და გუდაუთის აეროდრომები, საიდანაც ტექნიკას კი გაიყვანენ, მაგრამ დატოვებენ ცოცხალ ძალას (ამით ხელშეკრულება არ ირღვევა, ვინაიდან ვენის ხელშეკრულება მხოლოდ ტექნიკას ეხება) „ობიექტის დასაცავად“, ხოლო ამ ობიექტების „ერთობლივი ექსპლოატაციის“ წესზე მოლაპარაკებას, რა თქმა უნდა, „მეორედ მოსვლამდე“ გაგვიჭიმავენ;

არადა, გუდაუთასა და ვაზიანში რუსებს მხოლოდ და მხოლოდ აეროდრომები აინტერესებთ, სადაც ყოველთვის შეიძლება დესანტის (ან სპეც-ჯგუფების) გადმოსხმა.