თავში ვაშლის დაცემამ ისააკ ნიუტონს მსოფლიოში გაუთქვა სახელი და გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში. დეკემბერ-იანვრის ცნობილი გადატრიალებაც ვაშლივით დაეცა თავში მაშინ ყველასათვის უცნობ რამდენიმე ახალგაზრდას. მათ რეკორდულ ვადებში განვლეს დარვინისეული ევოლუციის საფეხურები და რამდენიმე წელიწადში ზურაბ ჟვანიამ სტრასბურგიდან ამაყად გვაუწყა, რომ იგი უკვე ევროპელია.
ჩვენმა რეფორმატორებმა დროის ეკონომიის მიზნით გამოტოვეს პოლიტიკური ევოლუციის ისეთი მნიშვნელოვანი საფეხურები, როგორიც ხალხში ნდობის მოპოვება, ეროვნული თვითშეგნება ან, სულაც, ქართველობა გახლავთ.
პოლიტიკური ევოლუციის ფავორიტის, პირველი ქართველი ევროპელის - ზურაბ ჟვანიას გეგმებიც, ალბათ, ამიტომ აწეწ-დაწეწა ოპოზიციამ და პრემიერის პოსტი მისთვის მირაჟად აქცია.
სხვაზე მეტად სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეა დღეს საგონებელში ჩავარდნილი, რადგანაც ოპოზიციის მოქმედებაში ვიღაცის ფარული ხელი ურევია და ამ ვიღაცის ხელწერა ძალიან ჰგავს ქვეყნის პრეზიდენტის ხელწერას...
ყველაფერი გააკეთა ზურაბ ჟვანიამ იმისათვის, რომ დასავლეთს იგი თავისიანად, შევარდნაძის შემცვლელად დაეგულებინა. ასეც მოხდა, მაგრამ მწვანეთა ყოფილი ლიდერის ზედმეტმა აქტიურობამ უკუშედეგი გამოიღო - ხალხმა მისი აქტიურობა ეროვნულ ღირებულებათა წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვა.
მიხვდნენ რეფორმატორები, რომ გადაამლაშეს დასავლეთისათვის თავის მოწონების საქმეში და დასავლურ ფასეულობათა უხეირო პროპაგანდით ოპონენტები გაამდიდრეს. მიხვდნენ რეფორმატორები, რომ სწორედ მათ მიერ არამართებულად წარმოებული პროდასავლური პროპაგანდის შედეგად მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტი ენდობა ამერიკას, ხოლო 63 პროცენტი - რუსეთს.
სოციოლოგიური გამოკითხვის ეს მონაცემები დასავლეთშიც იციან, ამერიკაშიც მიხვდნენ, რომ სწორედ მათი ქართველი პარტნიორების ბრალია პრორუსული განწყობის აღზევება.
ჟვანიაც მიხვდა ყოველივეს, მაგრამ... პარლამენტის თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა დაასწრო. მიხეილ სააკაშვილმა მისაღებში ილიას პორტრეტი ჩამოკიდა, კორუმპირებულ კადრებს დაერია, ვიღაც-ვიღაცეების დაჭერა და ქონების კონფისკაცია მოითხოვა, მერე კი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ ხელშეკრულებას დაუჭირა მხარი და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შერისხული მართლმადიდებელი მრევლის პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გვერდით დაუდგა.
ერთი სიტყვით, რაც ერთმა ქართველმა რეფორმატორმა - ზურაბ ჟვანიამ წლების მანძილზე ქულები დაკარგა, მიშა სააკაშვილმა, ანუ მეორე ქართველმა რეფორმატორმა ერთი ხელის მოსმით ჯიბეში ჩაიდო. ძალიან კარგიც ქნა, აბა ამხელა სიკეთე ქვაზე დადო ჟვანიამ და არ აეღო სააკაშვილს?!
თანაც ჟვანია ოპოზიციამ უკვე გამოიჭირა რამდენიმე არადემოკრატიულ ჟესტში - კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისადმი წაყრუებაში და ადგილობრივ არჩევნებში მერებისა თუ გამგებლების პირდაპირი გზით არჩევის დაბლოკვაში.
ერთ რამეშიც აჯობა იუსტიციის მინისტრმა სხვებს - ამ ხნის მანძილზე ზურაბ ჟვანიასათვის, ერთადერთი, ქართული დემოკრატიის მამა და აზროვნების გიგანტი არ უწოდებიათ, სხვა ყველა ეპითეტი ოქროს ხონჩით მიართვეს, სააკაშვილმა კი, ზურაბისგან განსხვავებით, საკუთარი გვარი რეფორმათა სინონიმად აქცია.
სადღეისოდ სააკაშვილი რიგითი ამომრჩევლისათვის დისციპლინას, წესრიგს, ხაზინის ქურდების მოთოკვას და სამართლიან სახელმწიფოს ნიშნავს, რაც საუკეთესო წინაპირობაა რეფორმატორი მინისტრისაგან პრეზიდენტობის პერსპექტიული კანდიდატის გამოსაძერწად.
ოპოზიცია, მათ შორის ახალშექმნილი პარტიებიც, გახარებული არიან - აქაოდა, ჟვანიას დაისი მოახლოვდაო.
ცოტა ნაადრევი ხომ არ არის ეს სიხარული?! ხომ არ აჯობებდა, იმისთვისაც მიექციათ ყურადღება, რომ რაც ერთმა რეფორმატორმა - ჟვანიამ - პოლიტიკური დივიდენდები დაკარგა, ორი იმდენი დივიდენდი მეორე რეფორმატორმა - სააკაშვილმა შეიძინა და ტოლს არავის დაუდებს, არც - ოპოზიციას, არც - მემარჯვენეებს, არც - ახლებსა და არც - ძველებს.
საბოლოო ჯამში ყველა ცვლილება, გაერთიანება ან, გნებავთ, იგივე პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება ხომ ერთ მიზანს - მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებასა და შევარდნაძის შემცვლელის გამოვლენას ემსახურება.
ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, აირჩევენ თუ არა პირდაპირი გზით გამგებლებსა და გუბერნატორებს, ასევე მნიშვნელოვანია, გვექნება თუ არა მინისტრთა კაბინეტი და ვინ გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ მთავარია, ვინ შეძლებს ხალხის გულის მოგებას, ვინ იქნება პერსონალურად სხვაზე პოპულარული კანდიდატი და ვის დაუჭერს დასავლეთი მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ხალხი შევარდნაძეზე მეტად ენდობა და მხარსაც უჭერს მედასავლეთე, მაგრამ ბოლშევიკური მეთოდების მოყვარულ სააკაშვილს, ხოლო დასავლეთი ენდობა და მხარს უჭერს ზურაბ ჟვანიას, თუმცა არც სააკაშვილის მფარველობაზე ამბობს უარს...
ერთი სიტყვით, რეფორმატორთა გუნდს სააკაშვილის სახით ხალხის მხარდაჭერა აქვს, ჟვანიას სახით კი - დასავლეთის მხარდაჭერა, ანუ იგი საპრეზიდენტო ორთაბრძოლისათვის კბილებამდეა შეიარაღებული.
და კიდევ ერთი რამ - ჯერ კიდევ საკითხავია, დასავლეთი ჟვანიას ამზადებს პრეზიდენტ შევარდნაძის მემკვიდრედ თუ პირიქით - მიხეილ სააკაშვილს ამზადებს ჟვანიას ალტერნატივად?!