გახსოვთ ალბათ, ორიოდე თვის წინ „სარბიელში“ გიორგი დემეტრაძის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც „ალანიას“ ქართველი ლიგიონერი ბომბარდირთა სამეულში მოხვედრას დაჰპირდა ქართველ გულშემატკივარს და აჰა, აასრულა კიდეც დანაპირები: ლამის რუსეთის ჩემპიონატის შუაგულში თამაშდაწყებულმა დემემ ერთიმეორის მიყოლებით შეყარა ბურთები მეტოქეთა კარებში და წინ მხოლოდ როტორელი ვერეტენნიკოვი გაუშვა, თვითონ კი ცსკა-ს ხომუხასთან ერთად თოთხმეტი გატანილი გოლით მ ორე-მესამე გაინაწილა.
აქედან გამომდინარე, გიორგი დემეტრაძე სიტყვის კაცია.
მკითხველისთვის ისიც ცნობილია, რომ პოპულარული რუსული გამოცემა - „ფუტბოლ რევიუ“ ყოველწლიურად აწყობს გამოკითხვას უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების მწვრთნელთა შორის, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშესა და საუკეთესო დებიუტანტს ასახელებენ. როგორც გახსოვთ, შარშან საუკეთესო დებიუტანტად ალანიელი ქართველი ლევან კობიაშვილი აღიარეს. წელსაც ჩაატარა „ფუტბოლ რევიუმ“ ტრადიციული გამოკითხვა და საუკეთესო დებიუტანტი კვლავ ალანიელი ქართველი, ამჯერად გიორგი დემეტრაძე გახდა.
აქედან გამომდინარე, გიორგი დემეტრაძე საუკეთესოა. ერთი სიტყვით, გიორგი დემეტრაძე სიტყვის კაცია და საუკეთესო.
აბა, ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება როგორ იქნებოდა და დემესაც შევეხმიანეთ. გიორგი ჩვეულად, თავაზიანად დაგვთანხმდა და შეხვედრაც შედგა:
გიორგი, „ალანიას“ მესვეურებმა როგორ შეაფასეს განვლილი სეზონი?
- მეპატრონეებმაც და მწვრთნელმაც არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს გუნდის გამოსვლაცა და შედეგიც. ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ და, როგორც გვითხრეს, ბევრ რამესაც შეცვლიან მომავალში. „ალანია“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და გაისადაც ამის გაკეთებას აპირებს. ვლადიკავკაზში უკვე ემზადებიან ამისთვის, ემზადება ყველა - გულშემატკივრიდან დაწყებული, მეპატრონეებით დამთავრებული.
თვითონ გაზაევმა რას, ან ვის დააბრალა წარუმატებლობა?
- არავის და ყველას. გუნდის წარმატებას ან წარუმატებლობას თვითონ გუნდი განსაზღვრავს და არა რომელიმე ცალკეული წევრი. გაზაევმაც ასევე ყველა ჩვენგანს (თავის თავსაც) დააბრალა წარუმატებელი სეზონი.
პირადად შენს თამაშს რა შეფასება მისცეს?
- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და გუნდში საუკეთესოდ მაღიარეს. მწვრთნელმაც, გულშემატკივარმაც, მესვეურებმაც კარგად იცოდნენ, რომ მოსამზადებელი პერიოდი არ მქონდა გავლილი და, ალბათ, ბევრსაც არ მომთხოვდნენ, მიუხედავად ამისა, თამაში მაინც კარგად წამივიდა და სასიხარულოა, რომ ჩემი გარჯა დაინახეს.
გიორგი, თანამედროვე ფეხბურთში გუნდის ლიდერი უმეტესად ბომბარდირია ხოლმე. „ალანიას“ ბომბარდირი გახდი, რას გვეტყვი, არის თუ არა გიორგი დემეტრაძე „ალანიას“ ლიდერი?
- ლიდერობაზე რა გითხრათ. გუნდის ლიდერი ცოტა სხვა რამეა. ლიდერი განსაზღვრავს გუნდის სათამაშო მანერას, თამაშის სტილს. ლიდერმა ნებისმიერი შეხვედრის წაყვანა და თანაგუნდელების აყოლიება უნდა შეძლოს. ჩემს მისვლამდე „ალანიას“ მხოლოდ თხუთმეტი ბურთი ჰქონდა გატანილი, მისვლის შემდეგ კი ოცდაშვიდი გავიტანეთ, აქედან გამომდინარე, ჩემი „ალანიაში“ თამაში სასიკეთოდ წაადგა გუნდს, დასკვნები კი თავად გააკეთეთ.
მოსკოვის „დინამოსთან“ სათასო შეხვედრა ოსური კლუბისთვის სეზონის ბოლო თამაში გამოდგა. ამ მატჩზე რას იტყვით?
- ეს მატჩი ცალკე სალაპარაკო თემაა. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ყველაფრის ჩვენს გუნდზე დაბრალებაც არ იქნება მართალი. წაგებაში მთავარი როლი სათამაშო მოედანმა შეასრულა. მატჩამდე დაგვპირდნენ, რომ მინდორზე ხელოვნურ გათბობას ჩართავდნენ, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა, თამაშმა ფაქტობრივად მთლიანად გაყინულ მინდორზე მოგვიწია, ბუცები სრიალებდა და ბურთის თამაშზე მეტად იმას ვცდილობდით, არ წავქცეულიყავით.
გიორგი, „ალანიამ“ რომ საგაისოდ დიდი გეგმები დაისახა, ამაზე უკვე გვითხარი. დიდი გეგმების განხორციელებას სათანადო შემსრულებლები სჭირდება, თუ აპირებენ გუნდის მესვეურები ფეხბურთელების დამატებას? კერძოდ, რომელი სათამაშო რგოლის გაძლიერება სურთ?
- გუნდში რომ ბევრი რამ შეიცვლება, ეს ვიცი, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. თვითონ გაზაევმა გვითხრა, რომ 12-დან 15 ნოემბრამდე ყველაფერს გაგვაგებინებს. კერძოდ, გვეცოდინება, ტრანსფერზე ვის დააყენებენ და რომელ ფეხბურთელს დაიმატებენ. ერთი რამ ნათელია, „ალანიას“ ყველაზე მეტად მეკარე უჭირს და აუცილებლად შეიძენენ ვინმეს.
მორიგი სეზონისთვის როგორ აპირებს გუნდი მომზადებას?
- „ალანიას“ სამთვიანი მოსამზადებელი ციკლი აქვს დაგეგმილი. შეკრება 21 დეკემბერს დაგვეწყება და 27 დეკემბრამდე ბაზაზე ვივარჯიშებთ. ამის მერე საახალწლოდ ყველას შინ დაგვითხოვენ და ახალი წლის მერე ისევ შევიკრიბებით. ორ თუ სამ იანვარს მივფრინავთ ისრაელში შეკრებაზე. საერთოდ, მრავალფეროვანი შეკრებები დაუგეგმეს „ალანიას“. ისრაელიდან პორტუგალიაში წავალთ, მერე კი ჰოლანდიაში, იტალიაში და, ალბათ, ისევ ისრაელში. ერთი სიტყვით, ერთობ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გველის.
გიორგი, ამჟამად „ალანიას“ კი ეკუთვნი, მაგრამ რაიმეს შეცვლას ხომ არ აპირებ სამომავლოდ? იქნებ კონტრაქტის ახლებურად დადება გსურს, ან მიღწევები ხომ არ გაგიჩნდა?
- არა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მე კვლავ გუნდში ვრჩები და ცვლილებებიც ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუმცა ერთ კვირაში, როცა ოსეთში ჩავალ, შეიძლება დამხვდეს კიდეც რაიმე სიახლე. ვინ იცის, იქნებ რომელიმე უცხოური გუნდი სერიოზულად დაინტერესდეს ჩემით. ისე არ გამიგოთ, რომ გუნდის დატოვებას ვეშურებოდე, მაგრამ თუ მოწვევები მექნა, შეიძლება გადავხედო ჩემს კონტრაქტს „ალანიასთან“.
გიორგი, ამჟამად ბევრი იწერება რუსულ ფეხბურთში არსებული გარიგებული და ჩაწყობილი თამაშების შესახებ. შენი აზრი უდავოდ საინტერესო იქნება მკითხველისთვის. ამის შესახებ რას იტყოდი?
- ბევრს ვერაფერს, „ალანიას“ რომ თამაშები ჩაეწყო, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევდით ჩემპიონატზეც და თასზეც. სხვებთან შედარებით მოსკოვური გუნდები ნამდვილად სარგებლობენ მსაჯთა სიმპათიებით, მაგრამ რომ ვთქვა, ყველაფერი წინასწარაა გათვლილი და დაგეგმილი-მეთქი, არ ვიქნები მართალი.
„ალანიას“ ბრაზილიელი ლეგიონერების თამაში როგორ შეაფასეს საბოლოოდ?
- ისე რა... დამაკმაყოფილებლად.
დაბოლოს, გიორგი დემეტრაძე რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტი გახდა...
- ალალად გეტყვი, გამიხარდა კიდეც და მეტი თვითდაჯერებაც ვიგრძენი. თითქმის ნახევარი სეზონი ვითამაშე, მეტი არა და აი, მაღიარეს. რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტია. თუ მწვრთნელთა ჩამონათვალს შეხედავთ, შენიშნავთ, თვით სერგეი ანდრეევმაც კი მამჯობინა სხვებს, მაშინ, როცა მისი ქართველებთან დამოკიდებულების შესახებ ყველამ იცის. ისე, დავით ყიფიანმა მესამე ადგილი მომანიჭა.
ერთი სიტყვით, ისე გაიმარჯვა ქართველმა კაცმა, მეორე ქართველის დახმარება და ბიძგი არ გასჭირვებია. ვერაფერს იტყვი, ღირსეული წინსვლაა, ჩვენც რა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ გიორგი დემეტრაძეს.