„ვარდების მოედანზე“, ანუ იქ, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ, სასტუმრო „ივერიაში“, აფხაზეთიდან დევნილნი ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში, ანუ იქ, სადაც ამაყად იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, ანუ იქ, სადაც 1992 წელს შევარდნაძე ბეიკერს ხვდებოდა, ანუ იქ, სადაც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს „ბეიკერის ძაღლები“ მიუქსიეს 1992 წლის 26 მაისს, ანუ იქ, სადაც ე.წ. „ანდროპოვის ყურებიდან“ პარტიული ამხანაგები საბჭოთა მარჯვენას უქნევდნენ საპირველმაისო პარადებზე გამოსულ მშრომელებს, ანუ იქ, სადაც... მოკლედ გეტყვით: იქ საზოგადოების თვალსაჩინო თუ „თვალსაჩინო“ წარმომადგენლები რაღაცას ზეიმობდნენ!
დიახ, ძვირფასო მკითხველო!
სამაჩაბლოს ომის დაწყებიდან მეორე დღეს და სამაჩაბლოში ომის წაგების პირველ დღეს ცნობილი საზოგადო მოღვაწეები მთელი დღის განმავლობაში ნაგროვებ-ნალოლიავებ ხალხს აზეიმებდნენ!
თვალწინ ის მოხუცი ქალი დამიდგა, ორად-ორჯერ რომ აჩვენეს ქართულმა ტელეარხებმა - წაქცეული, დაჩოქილი, შეურაცხყოფილი დედა რომ დასტიროდა პირქვე დამხობილ და გულგანგმირულ ახალგაზრდა მამაკაცს. „ხალხო, მიშველეთ“, - დაბლა ჩვენ გვესმოდა მისი კივილი და მაღლა ღმერთს ცაში... მშველელი არავინ იყო! ყველას თავისი თავი გასჭირveboda da micvalebulebsa თუ დაჭრილებს ვეღარ ითვლიდა ვერავინ.
ჩემო ძვირფასებო, ვეღარ გავიგე ვერაფერი. ერთნი აცხადებენ, ქართულმა ჯარებმა დატოვეს საბრძოლო ტერიტორიებიო და მეორენი ამაყად გაჰკივიან - „ქართული შენაერთები ტოლს არ უდებენ რუს აგრესორებს და ბოლომდე იბრძვიანო!“
თემურ იაკობაშვილი აცხადებს (რეინტეგრაციის მინისტრი რომ არის და ანეკდოტებს რომ ჰყვება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების ბრიფინგზე).
- „გადაჯგუფება მოხდა, თორემ ბრძანებულებას კონფლიქტის ზონიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე დილის 5 საათზე მოაწერა პრეზიდენტმა ხელიო,“
კახა ლომაია: „კი (ეს ის ლომაიაა, განათლების „რეფორმით“ რომ დაანგრია ქართული განათლების სისტემა და მერე, თვით მიხეილ სააკაშვილმაც რომ „აუგო ანდერძი“ განათლების ლომაიაზერებულ რეფორმას!) ბრძოლები მიმდინარეობს და ეს ყველაფერი ჩვენი ერის ღირსებაზე მეტყველებსო...“
ვაჰ, დრონი, დრონი...
1121 წელი რომ იყოს და მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად დიდი დავით აღმაშენებელი მეფობდეს, ლომაიასნაირ უშიშროების საბჭოს მდივანს, მინიმუმ, ცხენის კუდზე გამობმულს ატარებდნენ!!!
მაგრამ არ არის დღეს 1121 წელი!
არც მიხეილ სააკაშვილია დავით აღმაშენებელი!
არც დიდგორის ბრძოლა მოგვიგია გასულ კვირაში!
საუბედუროდ, სამაჩაბლოში, ქართული მიწის დაცვისთვის ბრძოლაში, ჩემი კბილა ბიჭები ჩაიხოცნენ!
მათი სისხლით მოირწყა თამარაშენი, კეხვი, ქურთა, გორი, ცხინვალი, დმენისი, ნიქოზი, ავნევი...
ქართული მიწა ქართველი გმირების გვამებით დაიფარა!
აქ კი...
აქ ჟივილ-ხივილით, გამარჯვებულის პოზებით, სასიმღერო ტონითა და გაკრეჭილ-დაკრეჭილი პოლიტიკოსებით ავიკელით თბილისი!
დროშების ფრიალითა და მანქანების სიგნალ-საყვირებით ავიკელით არემარე! არადა, საავადმყოფოების დერეფნებში ისე ვერ გაივლი, გვერდი არ წაჰკრა ქართველ გმირთა დაღლილ-ნაწამებ სხეულებს!
აფერუმ, ერო!
დაინტერესდით: ქალაქ თბილისის მერიასთან, იქ, სადაც, წესით, ქალაქის მერი, გივი უგულავა უნდა იჯდეს - ასობით ნაწამები და საკუთარი მიწიდან დევნილი მოხუცი და ბავშვი ათენებს ღამეებს! და ათენებენ მიწაზე! დიახ, მიწაზე წვანან, ჩემო ძვირფასებო! მათ ცრემლიან სახეებს შეხედეთ და შემდეგ შეიკრიბეთ „ვარდების მოედანზე“ სასიმღეროდ!
რუსეთის აგრესიულმა და პროვოკაციულმა ნაბიჯმა, მათ მიერ წარმოებულმა ომმმა აფხაზეთის ჭრილობა გაგვიათმაგა!
ჩემო ამაყო და შეუდრეკელო ქართველებო! კარგია, როცა ღირსებას არ ვკარგავთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ გარდაცვლილთა სულთა მოსაგონრად თითო-თითო სანთელს მაინც ავანთებთ ტაძრებში!