"უგულავას 102 მილიონის ამბავი მალე ამოტივტივდება"

უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გადამეტებული აქტიურობა ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მართლაც "მეორედ მოსვლა" იქნება. "დაიცავი საქართველოს" წევრ გოგა ხაინდრავას აზრით, ის, რაც უკრაინაში ქართველების მონაწილეობით მოხდა, რუსეთში დაგეგმილი ოპერაცია იყო:

- ეს იყო რუსეთის დაზვერვის კარგად ჩაფიქრებული და დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მერაბიშვილის მეშვეობით ჩატარდა უკრაინაში. დავამტკიცებ, რომ მერაბიშვილი რუსეთის რეზიდენტია საქართველოს მთავრობაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობაში სწორედ მისი ხელი ურევია. კრემლის სამსახური ახლა უკრაინაში გააგრძელა. ვანო მერაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინელ საზოგადოებას ზონდერბრიგადების გაგზავნით. გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრებითაც ირკვევა, რომ ამ ოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. უკრაინაში 2600 კაცის გადასროლას მინიმუმ 10-15 ჩარტერული რეისი მაინც დასჭირდებოდა. ეს ხალხი ჩაიყვანეს დონეცკსა და დონბასში, რომელსაც პრორუსული ძალები კურირებდნენ და ამდენი ხალხის იქ ჩასვლა გამოეპარებოდათ რუსებს?

ჩანაწერში გივი თარგამაძე იმასაც ამბობს, რომ დონეცკში 8 ათასი კაცით ჩავა და ქალაქს დააქცევს. გგონიათ, ამ მასშტაბის ოპერაცია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ მერაბიშვილის ჩატარებულია? ფე-ეს-ბეს ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოყვანას, დემოკრატიული და პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას. დააკვირდით, ვინ მოიგო ამ ოპერაციით, ვინ არის ყველაზე ჩუმად? - იანუკოვიჩი. ამ ოპერაციით მერაბიშვილმა მეორე ტურში გზა გაუწმინდა იანუკოვიჩს, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ტიმოშენკოსთან საქმეს არავინ დაიჭერს.

არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტიმოშენკოსთან, სადაც ის უკრაინის პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს.

- მას შემდეგ, რაც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი გამომზეურდა, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კარიერა სატელეფონო მოსმენებზე აქვს აწყობილი, არ უნდა ეფიქრა, რომ გივი თარგამაძესთან მის საუბარსაც მოისმენდნენ? თარგამაძეს რომ ეუბნებოდა, იულიას თვითმფრინავები გამოაგზავნინე და ახალაიას მოჭიდავეებს გამოვაშვებინებ უკრაინაშიო, არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, ისიც ჩაეწერათ? მეტიც, ეს საუბარი მერაბიშვილმა თვითონ ჩაწერა და გაავრცელა კიდეც, ისევე როგორც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ტელეფონით ისე ლაპარაკობს, რომ ქურდებიც უნდა მონაწილეობდნენ ფე-ეს-ბეს დაგეგმილ და მერაბიშვილის ჩატარებულ ოპერაციაში.

საქართველოს ხელისუფლებამ ხომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს?

- რურუების, ბოკერიებისა და მათი მრჩევლების მოფიქრებული იყო, ქურდები განზე გავწიოთ და მათი ადგილი დავიკავოთო, რადგან ასე უფრო ადვილი იქნებოდა ყველაფრის გაკონტროლება. რას აკეთებს თარგამაძე 2 წელი უკრაინაში? აქ მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როცა საყეფია. თარგამაძე უკრაინაში არალეგალურ ბიზნესშია და აქაურ წვრილფეხობას ფულს აკეთებინებს. სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილსა და ბეჟუაშვილს დიდი ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მილიარდებზეა ლაპარაკი. ამ საქმეებს მათ ბენდუქიძე უგვარებს. იმიტომ ჰყავთ ის ახლოს, თორემ ოფიციალურად საქართველოში ბენდუქიძე აღარაფერს წარმოადგენს. ბენდუქიძე ტყუის, რომ ამბობს, საქართველოში ბიზნესი არა მაქვსო. სანამ ბენდუქიძე საქართველოში მილიარდებით არ ჩამოვიდა, მისი და მასწავლებელი იყო. 50 წლის ქალს უცებ გონება გაეხსნა და სამშენებლო საქმიანობა წამოიწყო? ბაგებში მთელი მშენებლობა მის დას მიჰყავს.

"საქართველოს ეკონომიკური რეფორმის მამას" ისე უყვარს საქართველო, რომ ნახევარი კახეთის ტყე იყიდა. ასეთი საშუალებები ბენდუქიძეს იმიტომ ეძლევა, რომ ქვეყნის პირველი პირების ქონება მისი ხელით არის დაბანდებული ოფშორულ ზონებში.

წვრილფეხობამაც (ცისკარიშვილი, წერეთელი, გაბაშვილი) ხომ უნდა ითუხთუხოს? მათ არალეგალურ ბიზნესს გივი თარგამაძე კურირებს უკრაინაში და ამიტომ არიან ამ საქმეში ჩართული ხმელო და ლაშა შუშანაშვილი. მათ არასოდეს უარუყვიათ, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან, მაგრამ რატომ აკვარახჭინებენ მათთან ერთად საქმეებს ხელისუფლების წარმომადგენლები? გუბერნატორ გოროზიას რა უნდოდა უკრაინაში?

"ოდნოკლასნიკებში" გოგოები გავიცანი და მათ სანახავად ჩავედი უკრაინაშიო, ამას ამბობს მხარის გუბერნატორი, ცოლშვილიანი კაცი! უკრაინაში ჩავიდნენ დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, ვასილ სანოძე და მათი ზონდერები... და კიდევ ერთი ნიუანსი, 2600 "დამკვირვებელს" შორის არც ერთი ქალი არ ყოფილა.

ამას წინათ "პირველი კავკასიური" არხის თაობაზე შემაშფოთებელი განცხადება რის საფუძველზე გააკეთეთ?

- არხმა უნდა გააშუქოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო კავკასიაში, რომლის წევრებსაც რუსეთი ბოევიკებს უწოდებს, მსოფლიოს კი ისინი ტერორისტებად ჰყავს შერაცხილი. როგორც კი წინააღმდეგობის მოძრაობა გაშუქდება არხზე, ამუშავდება რუსული პროპაგანდაც, საქართველო ტერორისტებს თანაუგრძნობს, ამ არხით ისლამისტ ექსტრემისტებს უჭერს მხარსო. მაშინ, როდესაც რუსეთის სათავეში პუტინია, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ამ ფაქტს წერტილოვანი დარტყმების საბაბად გამოიყენებს. დაგარტყამენ, მერე კი იტყვიან, თბილისში ტერორისტი ისლამისტების რუპორი ჩავახშვეთო. რატომ შეიქმნა თბილისში არხი, რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ვერავინ უყურებს? სინამდვილეში ეს რუსების მაპროვოცირებელი იარაღია. ამ არხზე ალა დუდაევა მუშაობს. ესეც გამაღიზიანებელია რუსეთისთვის. ამ საკითხებზე რომ ვილაპარაკე, ტელევიზიებმა გამოაცხადეს, ხაინდრავამ რუსეთს თბილისის დაბომბვისკენ მოუწოდაო. კი მაგრამ, თუ ეს მართლაც მოვუწოდე რუსებს, მე და ჩემი ოჯახი ჩელიაბინსკში ვცხოვრობთ თუ თბილისში? "ნაციონალების" ბელადისგან განსხვავებით, არსაიდან გამოვქცეულვარ და არც სხვა "ნაციონალებივით" გადავსულვარ ომის დროს აზერბაიჯანში. ხელისუფლებისაგან განსხვავებით არცერთი ოპოზიციონერი არ გასულა ომის დროს საქართველოდან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შავი ჭირივით ვერ იტანს ხელისუფლებას, რუსებმა ერთი კაცი ვერ იპოვეს აგვისტოს ომის დროს, ვინც მათ ინტერესებს გაატარებდა. რუსეთი აქამდე ყოველთვის ახერხებდა "შულავერის კომიტეტის" შექმნას საქართველოში, მაგრამ აგვისტოში ამას ვერ მიაღწია. ამიტომაც დასაყრდენი ისევ საქართველოს ხელისუფლებაში მოძებნეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბენდუქიძისა და თემურ ალასანიას სახით.

რუსეთთან კეთილგანწყობა სწორედ ოპოზიციას ჰბრალდება, განსაკუთრებით ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.

- ხე ნაყოფით იცნობა. სააკაშვილმა ბევრი რამ შეიძლება თქვას, რადგან ავად არის. ათას სისულელეს როშავს და ძალიან მეცოდება. ბოროტმოქმედები ის ადამიანები არიან, ვინც მის ზურგს უკან დგანან. მათ კარგად იციან სააკაშვილის ფსიქიკური აშლილობის ამბავი და ამას სათავისოდ იყენებენ. კაცს სახეზეც ეტყობა, რომ ჭკუაზე არ არის.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოდან ჩაყვანილი 2600 კაცი საუკეთესო სასტუმროებში ჰყავდათ. ამდენი კაცის ერთი კვირა უკრაინაში რჩენა მერაბიშვილმა აიღო საკუთარ თავზე და არ იკითხავთ, საიდან აქვს ფული? - ნარკოტიკებიდან. საქართველოში ნარკოტიკის გავრცელებასა და ტრანზიტს ერთი წყარო აქვს. მას მერაბიშვილი აკონტროლებს. შეხედეთ სააკაშვილს სახეზე. ეჭვს იწვევს, რომ ეს კაცი ნარკოტიკის მომხმარებელია? ამას წინათ (მიუნხენის ვიზიტის შემდეგ) თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ თოდუას კლინიკაში რომ გააქანეს და "ნარკანები" უკეთეს, განა დაიმალებოდა? თოდუამაც მთლად ვერ უარყო, რომ პრეზიდენტი მის კლინიკაში მოხვდა და განაცხადა, მეორე სართულის დასათვალიერებლად მოვიდაო. რა იყო ასე საჩქაროდ სანახავი, რომ თვითმფრინავიდან გააქანეს მის კლინიკაში? არც ის იმალება, სააკაშვილი ბობოყვათში ორგიებს რომ აწყობს.

საინტერესოა, ამ ქვეყანაში თავმოყვარეობა, ღირსება ან თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩა ვინმეს? ვერ ხედავთ, საით მიგვაქანებს ამ გიჟების და დამნაშავეების გაერთიანება?

პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განათლების რეფორმა გააკრიტიკა და მის ავტორებს უვიცები უწოდა. ეს მორიგი საკადრო ცვლილებების მიმანიშნებელი ხომ არ არის?

- განტევების ვაცი ყოველთვის მოიძებნება. ახლა ლომაიაა გამზადებული. იმ უბედურ დღეზე გაჩენილს ხომ არ ჰგონია, რომ 40 მილიონის ამბავი ვინმეს დაავიწყდა? საბუთები არ იწვის და ლომაიასაც მოუწევს პასუხისგება იმის გამო, რომ თავის მოადგილესთან ერთად 40 მილიონი გაფლანგა. ასევე ამოტივტივდება უგულავას გაფლანგული 102 მილიონის ამბავი. ამ გაფლანგვების დოკუმენტები რომ დადო, ამას გადაჰყვა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელია. რა სჭირდა სასიკვდილო, ახალგაზრდა კაცი იყო?! მას შემდეგ, რაც ამ მასალებზე დიდი ამბავი ატყდა, სოსელია მოხსნეს და რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა კიდეც. ისიც საკითხავია, რით და როგორ!

გიგი უგულავა აპირებს, თბილისის არჩეული მერი გახდეს და საინტერესო პროექტებიც წამოიწყო...

- რომელ პროექტებზე ლაპარაკობთ?! გაიხსენეთ არჩევნებამდე 200-200 ლარი რომ დაურიგეს უმუშევრებს, რიგებში ლამის ერთმანეთი დაახოცვინეს ხალხს. სად არის ეს პროექტი დღეს? უგულავა მერობის კი არა, ციხის კანდიდატია. ისევე უნდა დაიტანჯონ ჯურღმულებში, როგორც ახლა ოპოზიციონერ ბიჭებს ტანჯავენ. ლევან გოგიჩაიშვილს ისევ 7 წელი დაუტოვა სააპელაციო სასამართლომ. ესენი მოსამართლეები კი არა, მანტიაში გახვეული მგლები არიან. მოსამართლემ გოგიჩაიშვილის ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილს ასგვერდიანი დასკვნის წასაკითხად და სიტყვის მოსამზადებლად 1 საათი მისცა.

როდესაც ადვოკატმა უთხრა, ამ დროში წაკითხვასაც ვერ მოვასწრებო, მოსამართლემ უპასუხა, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო. ამომასხა, თეთრზე შავს რომ იძახდნენ და ვუთხარი, სწორედ თქვენი და მთელი საქართველოს პრობლემაა, ასეთ უკანონობას რომ სჩადიხართ და ამ პრობლემის არსს მაშინ ჩასწვდებით, როდესაც გოგიჩაიშვილის ადგილზე მოგიწევთ დაჯდომა-მეთქი. ეს სასამართლოს შეურაცხყოფად ჩამითვალეს, დარბაზიდან გამაძევეს და 500 ლარით დამაჯარიმეს.

კი ამიკრძალა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ცოტნეს ხსენება, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ უდანაშაულო კაცს ციხეში კლავენ. ვის დაჭრასაც აბრალებენ, ის კაცი ამბობს, ცოტნე იმ დღეს თვალით არ მინახავსო. სააკაშვილი ზვიადის შვილს ერჩის, ვერ იტანს მამის გამო.

თუ ასეა, კონსტანტინე გამსახურდიასაც უნდა ერჩოდეს.

- კონსტანტინე კონფორმისტია და იმიტომ, ცოტნე კი პრინციპული და ამოიჩემეს. ამათთან თანამშრომლობას არ დათანხმდა და არც პარლამენტი ინდომა. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, კონსტანტინესავით ზღაპრებს კი არ იგონებს, მამაჩემის საქმის გამოსაძიებლად შევედი პარლამენტში და ახლა გიორგაძესთან უნდა ჩავიდე მოსკოვშიო. ამას ვინ ჭამს?

მინდა ოპოზიციაზეც გკითხოთ, რატომ ვერ ერთიანდებით?

- ძირითადი ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდებიან, მაგრამ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს თბილისში? უკრაინაში რას სჩადის მერაბიშვილი და აქ რას იზამს, ძნელი წარმოსადგენია? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების არ მჯერა, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომლებიც არჩევნებზე გადიან. პოლიტიკოსი, რომელიც განწირულ ნაბიჯზე მიდის, პატივისცემის ღირსია. გგონიათ, "ალიანსი საქართველოსათვის" ვერ ხვდება, რომ არაპოპულარულ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მაინც მიდის არჩევნებზე, რადგან პოლიტიკოსები არიან.

სააკაშვილს ორი არჩევნები მოვუგეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე გაჩეჩილაძემ თბილისში გადატკეპნა სააკაშვილი და იგივე იქნება ახლაც. ოპოზიცია თბილისში ახლაც გაიმარჯვებს, მაგრამ ამას სააკაშვილი არ გააფორმებს.

ადგილობრივ არჩევნებზე ყველანაირად დავეხმარები "ალიანსს", მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არჩევნები უპერსპექტივოა. ამ არჩევნებზე პატარ-პატარა შეტაკებები იქნება, ამას კი გენერალური ბრძოლა მოჰყვება და სააკაშვილის რეჟიმს უსათუოდ დავამარცხებთ.