ამერიკის იურისტთა ასოციაციამ ქართულ სასამართლოზე „მუშაობა“ 2005 წლის სექტემბერში დაასრულა. შედეგები სავალალოა. 30 პუნქტიდან 15 უარყოფითია, 15 ნეიტრალური, მხოლოდ ორია დამაკმაყოფილებელი. ანუ სულ ორი ხუთიანი დაიწერა, ერთი გაზრდილ ხელფასებში, მეორე კი სასამართლო პროცესებზე მედიის და საზოგადოების დაშვებისთვის.
შეფასებები საკმაოდ დეტალურია: არ ვარგა სასამართლო შენობები, კომპიუტერები, რომლებიც სასამართლოებშია, არ არის დაცული ადვოკატების უსაფრთხოება. ხომ შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებით გამწარებული ადამიანი სასამართლოში შევარდეს და მოსამართლე ან ადვოკატი დააზარალოს? შეიძლება, ამიტომ მათ კარგი დაცვა სჭირდებათ. ეს კი არ არის.
ამერიკელი დამკვირვებლის, მერილინ ზელინის განცხადებით, ქართული სასამართლო ჯერ კიდევ დამოკიდებულია ხელისუფლებაზე: „არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევის არაერთი შემთხვევა და მიიჩნევა, რომ მსგავსი ჩარევათა რიცხვი გაიზარდა ბოლო წლებში“. ეს სიახლე ქართველი საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის.
სასამართლო რეფორმის შეფასებაში 30 ფაქტორია ნახსენები. საკითხები 6 ჯგუფად არის დაყოფილი.
მაგალითად, პირველი ქვეჯგუფი განიხილავს მოსამართლეთა განათლებას და ტრენინგებს. მეორე ნაწილში მოსამართლეთა შერჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებია განხილული. შეფასება უარყოფითია. საქართველოში მოსამართლეს 10 წლით ირჩევენ, როგორც ჩანს ამერიკელები გრძელმა ვადამ „დააბნია“. თუმცა ამერიკელებს არც ის მოსწონთ თუ როგორ ითხოვენ სამსახურიდან მოსამართლეებს. ანუ დისციპლინარული დევნა. საკითხს პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს, გადაწყვეტილებასაც ის ღებულობს. როგორც ჩანს ეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, რომელთანაც ხდება შედარება.
ნაწილი მესამე: სასამართლო უფლებამოსილება. უცხოელებს აქაც აქვთ შენიშვნები, თუმცა ყველაზე მეტი შენიშვნა მათ მეოთხე ნაწილში, ფინანსურ სახსრებში აქვთ. აქ ისინი თითქმის ყველაფერს იწუნებენ. არ მოსწონთ ის, რომ სასამართლო ხელისუფლება საკუთარი ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობას არ ღებულობს, არ მოსწონთ მათი კომპიუტერული აღჭურვილობა, ერთადერთი რამ რაც ამერიკელებს მოეწონათ, ეს გაზრდილი ხელფასებია.
დანარჩენი ორი სფერო სასამართლოს სისტემის გამჭირვალობას და ეფექტურობას ეხება. აღმოჩნდა, რომ ქართული სასამართლო ვერ მოქმედებს ეფექტურად. რაც უფრო ამერიკელებისთვის იყო სიახლე ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება გამჭირვალობას, უცხოელმა დამკვირვებლებმა სასამართლო პროცესებზე მედიის და მსურველი საზოგადოების შეშვება წინსვლად ჩათვალეს.
საქართველო ამერიკის იურისტთა ასოციაციის დაკვირვების ერთ-ერთი ობიექტია. ქართული სასამართლოს გარდა ისინი კიდევ 33 ქვეყანაში მუშაობენ.
კვლევა სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით ჩატარდა. კითხვარები საქართველოს იურისტებმა, ექსპერტებმა, მოსამართლეებმა და ადვოკატებმა შეავსეს. სწორედ მათი პასუხებიდან გამოვლინდა არსებული უარყოფითი შედეგები. ამერიკის იურისტთა ასოციაცია ამ შედეგებს ქართულ მხარეს დღეს გააცნობს. და რა მოხდება მერე? შეიძლება არც არაფერი. ჩვენ საკუთარ მინუსებს დაგინომრავთ და წინ დაგილაგებთ, მერე კი რაც გინდათ ის ქენით.
გინდა ეს „მინუსებიანი“ ფურცლები სანაგვე ყუთში გადააგდეთ, გინდა დაიზეპირეთ და პუნქტების მიხედვით შეეცადეთ მის გამოსწორებასო.