მას შემდეგ, რაც საქართველო კორუფციის ჭაობში ჩაიძირა, მართლაც სანთლით საძებარი გახდა პატიოსანი კაცი. „ასავალ-დასავალის“ რესპოდენტებს არ გასჭირვებიათ „შავი სიის“ კანდიდატების ჩამოთვლა, სამაგიეროდ, ათი პატიოსანი კაცის დამსახებელთა რიცხვი ეგზომ მცირეა.
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი რომან გვენცაძე ბრძანდება, რომელიც საქართველოში მოღვაწე 10 პატიოსან ადამიანს დაგვისახელებს.
1. მიხეილ სააკაშვილი რომ უპატიოსნესი ადამიანია, ამაში თავად დავრწმუნდი, როცა საპროცედურო კომიტეტის დავალებით ოთხი თვის განმავლობაში ვსწავლობდი ჟვანია-სააკაშვილის წინააღმდეგ პრესაში წამოყენებულ ბრალდებებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: - საქართველოს ახალი პრეზიდენტი წესიერი და პატიოსანი კაცია!
2. იგივე შემიძლია ვთქვა ზურაბ ჟვანიაზეც. თავს დავდებ მის პატიოსნებაზე.
3. ნინო ბურჯანაძის წესიერება ეჭვის ქვეშ არასდროს დაუყენებია ვინმეს. იგი ისეთ ოჯახშია აღზრდილი, შეუძლებელია, ცუდი პიროვნება იყოს. მართალია, ცოტა ხნის წინ ანზორ ბურჯანაძის წინააღმდეგაც აგორდა ბინძური კამპანია (თურქეთის კრედიტების მითვისებაში სდებდნენ ბრალს), მაგრამ, მერწმუნეთ, ყოველივე ბინძური ჭორია! ეს საკითხიც პირადად მაქვს შესწავლილი და დანამდვილებით ვიცი, მას ლარიც კი არ მიუთვისებია.
4. ჯუმბერ პატიაშვილს კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული ვიცნობ და ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი მის პატიოსნებაში. მოგეხსენებათ, პოლიციაში ვმუშაობდი და იქ არაფერი იმალებოდა.
5. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს იმიტომ ვასახელებ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ვინმეს ვეპირფერები. არა, ბატონებო, კობა დავითაშვილი მართლაც ღირსეული კაცია. მან ეს უმრავლესობაში ყოფნის დროსაც დაამტკიცა.
6. მოხარული ვარ რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი უაღრესად პატიოსანი და წესიერი კაცი - გია ბარამიძე გახლავთ.
7. მართალია, მის წინამორბედზე არცთუ სასიამოვნო ხმები დადიოდა, მაგრამ ვალერი ხაბურძანიას პატიოსნებაში ეჭვი არავის შეჰპარვია, მიუხედავად იმისა, რომ იგი შევარდნაძის გარემოცვიდან იყო.
8. ირაკლი ოქრუაშვილი კრისტალური პიროვნებაა და ღირსეულ ადგილს იკავებს პატიოსან კაცთა ათეულში.
9. ერთ კომპრომატსაც ვერ დამისახელებს ვერავინ, რომელიც დავით მუმლაძის პატიოსნებას ჩრდილს მიაყენებს!
10. ნუგზარ ფოფხაძის პატიოსან კაცთა გალერეაში ღირსეული ადგილი უკავია. იგი მოუსყიდველი ადამიანის ჭეშმარიტი განსახიერებაა.