გასულ კვირას უკვე სრულიად საქართველომ შეიტყო, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს აღარ უშვებენ (თანაც, 6 მაისიდან). თუმცა, კარგა ხანია, ვიცით, რომ აზერბაიჯანს არა მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, არამედ, საინგილოს ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებიც ალბანური კულტურის ძეგლებად აქვს გამოცხადებული (მთლად დავით გარეჯზე ჯერჯერობით არა, მაგრამ, საინგილოში არსებულ ეკლესია-მონასტრებს ამშვენებს ალბანეთთან კუთვნილების დამადასტურებელი აბრები).
იმის გამო, რომ ფაქტმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია (როდესაც მეორე ნაწილი გეი-აღლუმის ჩაშლის ფაქტით იყო აღშფოთებული), გასული კვირის მიწურულსვე გაირკვა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს, ოღონდ, ქართველ მომლოცველებს ახლა უკვე, ქართველი მესაზღვრეები აღარ უშვებდნენ (კოლეგა აზერბაიჯანელების მოტივით, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის კუთვნილებააო). ისიც საქმეა, რომ ჯერჯერობით გვიმართლებს და ქართველ მესაზღვრეებს მაინც სჯერათ, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია. აი, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ-ნი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რაკი საბჭოთა დროს აზერბაიჯანს ეკუთვნოდა (მართალია, მოგვიანებით, ქ-ნი კალანდაძე ირწმუნებოდა, რომ ეს ის არ იყო, რაც ჩვენ გვეგონა).
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათქვამში ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც რკინისებურ მტკიცებულებად საბჭოთა კავშირის მოხმობაა, რადგან, ჩნდება ეჭვი (ხალხის რჩეულ თორთლაძის აწ უკვე კანონად ქცეულ ინიციატივას ვგულისხმობ საბჭოური სიმბოლიკის მოშთობის შესახებ), რომ იქ, ზემოთ, საბჭოური მხოლოდ ნამგალი და ურო ეხამუშებათ!