ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გამართა. ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა:
„საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია და ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.
ეს ქვეყანა ავღანეთის მომავალ მისიაში ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან და გრძელვადიან რეფორმებს ახორციელებს. დღეს, თავდაცვის მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერისათვის. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნატო მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში.
ჩვენი პარტნიორობა ღირებულებებზეა დამყარებული".