საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისი უდიდებულესობის, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, საზღვაო ქვეითთა პორტსმუთის „სამეფო ბენდს“ უმასპინძლა. დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღისა და მისი კორონაციიდან 60 წლისთავის აღსანიშნავად, თავდაცვის სამინისტროს ეზოში ღონისძიება გაიმართა. „სამეფო ბენდ“-თან ერთად მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ბენდმაც მიიღო.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის საზღვაო ქვეითთა პორტსმუთის ბენდს საქართველო პირველად მასპინძლობს. ,,სამეფო ბენდი” მე-18 საუკუნეში დაარსდა. მუსიკალურ და ცერემონიალურ ვალდებულებებთან ერთად, სამეფო საზღვაო ქვეითთა მუსიკოსები და მებუკეები მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებშიც არიან ჩართულები.