ამ ქვეყანაში ყველაზე მაგარი მწერალი ის არი, ვისაც ქართული მართლწერისა არაფერი გაეგება, ყველაზე მაგარი მუსიკოსი ის არი, ვისაც ნოტები ჩინეთის იმპერატორის მიერ გამოცემული ბრძანება ჰგონია, ყველაზე მაგარი რეჟისორი ის არი, ვისაც ფილმის გადაღებისას სცენარი საერთოდ არ სჭირდება და უნიჭოდ დადგმულ სამთავრობო ღონისძიებებზე ახლად დაპეპლილი ინდაურივით დაიბღინძება, ყველაზე მაგარი დეპუტატი ის არი, ვინც მთელი ცხოვრება „შოფერი“ იყო, კალამი ყურის გამოსაწმენდი ჯოხი ჰგონია და საკუთარ ბიოგრაფიას მესამე პირში წერს...
მოკლედ, ეგეთებს მაგრად აფასებენ, თანამდებობებზეც ნიშნავენ, ენის ნაცვლად, ფულსაც უყოფენ და იცით, ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ მშობლიურ ენაში თვით პრეზიდენტიც გვარიანად მოიკოჭლებს.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილი ეს განცხადება, რომელიც „კვირის ქრონიკას“ შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, 1996 წელს არის „გამომცხვარი“, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა, ბატონი პრეზიდენტი ლიტერატურული და ისტორიული ფაქტების დამახინჯებას ჯიუტად განაგრძობს. ჩვენ ამ განცხადებას მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებთ, რომ ამიერიდან აღარაფერი გაგიკვირდეთ.
„ქალაქ თბილისის პოლიციის აეროპორტის განყოფილებას
განყ. უფროსს პოლკოვნიკ თუთბერიძეს
მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მცხოვრები გ. ახვლედიანის 21 ტელ 931084
განცხადება
მოგახსენებთ, რომ 1996 წლის 5 ოქტომბერს „ეარ ჯორჯიის“ რეისით ფრანკფურტიდან დილის 11 საათზე ჩამოვედი. ტრაპის პირველ საფეხურზე ჩამოსვლისას გამახსენდა, რომ თვითმფრინავის სალონში დამრჩა საფულე. როცა მივბრუნდი უკნიდან ვიღაცა ხელით მწვდა და მკითხა „სად მიდიხარ“, მე ავუხსენი თუ სად მივდიოდი. მანაც მომიგო „ახლავე უკან ჩამოეთრიეო“. მეც მივუგე, რომ მას უფლება არ ჰქონდა ასეთი ტონით ელაპარაკა, თანაც დავძინე, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი. ამ პირმა, რომელსაც არც ფორმა ეცვა და არ ჰქონდა რაიმე სხვა ნიშანი ხელი ჩამავლო პერანგში და ორჯერ მიბიძგა. მე ხელიდან დავუძვერი და ზემოთ ავედი. უკან ჩამოსვლისას ისევ ჩამავლო ხელი მხარში და მითხრა, რომ „ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი“, „შემიძლია სადაც მინდა იქ ვუჩივლო“, მომმართავდა სხვადასხვა უხეში გამოთქმებით. („რო შე ჩემის გადანგრეულო“ და ა.შ.) იძულებული ვარ სიზუსტისთვის ყველა გამოთქმა ზუსტად დავაფიქსირო. მე მოვთხოვე თავი წარედგინა და მითხრა, რომ მისი სახელია გობეხაშვილი და ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი და თვითონ ხომ არ მივარდება პარლამენტში და ა.შ..
მუდმივად ხელს მკრავდა. ჩემი მოადგილეს თენგიზ შარმანაშვილის და მისი მეგობრების მცდელობა ხელი გაეშვებინათ უშედეგოდ დამთავრდა. იქვე იდგა ფორმიანი პიროვნება, რომელმაც მოგვიანებით თავი წარგვიდგინა როგორც საავიაციო უშიშროების უფროსმა. მან გაამართლა გობეხაშვილის მოქმედება და განგვიცხადა, რომ იგი მთლიანად სწორი იყო. მთავრობის დარბაზში გამოსვლისას გამოვიძახე პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოვიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ფიზიკური ზემოქმედება არ ატარებდა მძიმე ხასიათს და არანაირი დაზიანება არ მიმიღია, თვითონ მოქმედება იყო შეურაცმყოფელი და მოვითხოვ მიღებული იქნას სათანადო ზომები საჯარო შეურაცხყოფისთვის“.
„კვირის ქრონიკა“ შორს არის იმ აზრისგან, რომ პრეზიდენტმა ქართული ენის გრამატიკა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული ნორმები, რომლის უცოდინრობა სანტექნიკოსსაც არ ეპატიება. ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რამდენიმე უცხო ენის ამთვისებელი ადამიანისთვის მართლწერის შესწავლა რთული არ უნდა იყოს. ვინ იცის, შეიძლება ამის შემდეგ მან გაზეთების კითხვაც დაიწყოს.
სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, წერტილსა და მძიმეს სწორედ სვამდეს, დანარჩენ სასვენ ნიშნებზე აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება განცხადების ტიპურ ფორმას, ეს რომ მეოთხე კლასში ესწავლა, მაშინ აღარ დაგვიწერდა „მანაც მომიგო ახლავე უკან ჩამოეთრიეო. მეც მივუგე, რომ მას უფლება არ ჰქონდა ასეთი ტონით ელაპარაკა, თანაც დავძინე, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი“.
მაპატიეთ, მაგრამ ამდაგვარად მხოლოდ მეორე კლასში მსჯელობენ და წერენ. იცით, ახლა რაზე ვნერვიულობ? მიხეილ სააკაშვილი რომ გადადგება, „იასნია“, ედუარდ ამბროსოვიჩივით მემუარების წერას დაიწყებს. აუუუ!... ეგეთი ქართულით დაწერილ ტომეულებს ვინ წაიკითხავს? აბა, ნახეთ, იურისტი კაცი ოფიციალურ განცხადებაში რას ამბობს: „ მე მოვითხოვე თავი წარედგინა და მითხრა, რომ მისი სახელია გობეხაშვილი და ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი და თვითონ ხომ არ მივარდება პარლამენტში და ა. შ.“ ესე იგი, იმ კაცს ვინაობა გამოვკითხე, მისი სახელი გობეხაშვილია და თანაც, პარლამენტი ფეხებზე ჰკიდიაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არა მჯერა, თუ იმ ადამიანს პარლამენტი ფეხებზე ეკიდა, სახელად გობეხაშვილი კი არა, გობეხა ერქმეოდა. ყოფილი დეპუტატის მიერ დაშვებული შეცდომების ბოლომდე ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ განცხადებაში ყველაზე მეტად ის ადგილი მომეწონა: „რო შე ჩემის გადანგრეულო და ა.შ.“
ეს უკვე კახური ვარიანტია, გობეხა სადღაც კოტაანის მისადგომებთან უნდა ვეძებოთ. ისე ხუმრობა იქით იყოს და... მე მგონი, ჩვენი საქმე „ვერლავეს“ არი, აი!