საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგვე იყო ცნობილი, რომ ჟერარ დეპარდიე მშობლიურ საფრანგეთს ტოვებდა. თავდაპირველად, ამგვარი განწირული სულისკვეთებით გაჟღენთილი ქცევის მოტივი თითქოსდა ნიკოლა სარკოზის დამარცხებას უკავშირდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ საქმე გაცილებით მიწიერად იყო. რაკი საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა 2013 წლიდან ახალი კანონი აამოქმედა, რის მიხედვითაც, ის, ვისი შემოსავალიც წელიწადში მილიონს აჭარბებს, 75 პროცენტით დაიბეგრება, დეპარდიემ მშობლიურ სანახებს საბოლოოდ უგანა (რადგან, არ უნდა თავისი შემოსავლის 75 პროცენტის ხაზინაში ჩარიცხვა).
თუმცაღა, ბელგიაში ელოდნენ (სადაც იმავე შემოსავლის პატრონები 50 პროცენტით იბეგრებიან), ფრანგ მსახიობს (თუმცა, რაღა მსახიობი, უფრო – ბიზნესმენი) ხელში რფ-ის მოქალაქეობა შერჩა. მოკლედ, მან მიმართა, პუტინმა კი დაუკმაყოფილა და რფ-ის პასპორტიც ჩაახუტა. მაგრამ, ყველაზე საინტერესო მაინც ახალგამომცხვარი, მაგრამ, აწ უკვე რუსეთის მოქალაქე დეპარდიეს წერილია, რომელიც მას რფ-ის საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებისთვის გაუგზავნია (რომლის პათოსიც არაფრით ჩამოუვარდება ზურიკელას მიერ რომულის დახმარებით მერისთვის მიწერილ წერილს).
მომყავს ციტატა: „მე ვაღმერთებ თქვენს ქვეყანას (ბუნებრივია, იგულისხმება რფ), თქვენს ხალხს, თქვენს ისტორიას, თქვენს მწერლებს. მე ვაღმერთებ თქვენს კულტურას, თქვენი აზროვნების თავისებურებას (აი, აქ კი ცოტა შეეშალა!). მამაჩემი თავის დროზე კომუნისტი იყო და უსმენდა მოსკოვის რადიოს (აშკარად მძიმე ბავშვობა ჰქონია!), ეს ჩემი კულტურის ნაწილია.“
„…მე უკვე ვესაუბრე ამის შესახებ ჩვენს პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდს, მან იცის, რომ მე ძალიან მიყვარს თქვენი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ეს გრძნობა ორმხრივია (ვაი?!). მე ვუთხარი მას, რომ რუსეთი უდიდესი დემოკრატიის ქვეყანაა, ეს არ არის ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი თავის მოქალაქეს „უბადრუკს“ უწოდებს (რა თქმა უნდა, რფ-ში მოქალაქეებს პირდაპირ ხვრეტენ!).“
წერილი მთავრდება საბჭოთა პათოსით გაჟღენთილი ლოზუნგით: „დიდება რუსეთს“!
მე არ ვიცი, გამოაცხადებს თუ არა ჩვენი პრეზიდენტი ამ წერილის ავტორს პერსონა ნონ-გრატად ან აკრძალავენ თუ არა ფილმებს ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით (ეს, მართლაც, ჯდება ქართული სახელმწიფოს მოქმედების ბოლოდროინდელ სტილში), მაგრამ, ის კი ზუსტად შევიტყვე, რომ, თურმე, იქ, დალხენილი დემოკრატიის ქვეყნებშიც, საფუძვლიანად „უბერავენ“!