სტალინი, მის მიერ შექმნილ უზარმაზარ სივრცეში, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედს მოიცავდა, გავლენის სფეროებით კი თითქმის მთელ სამყაროს, ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, პრესის ყველაზე ინტერესიანი და ერთგული ხელმომწერი იყო. მას მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი. იმავდროულად, ის ჟურნალ „განათლების” მუდმივი თანამშრომელი გახლდათ. ამ ჟურნალში ლიტერატურულ განყოფილებას დიდი რუსი მწერალი მაქსიმ გორკი განაგებდა.
ის იხსენებს, რომ სწორედ მის სახლში, ნიკიტსკის ქუჩაზე იკრიბებოდნენ მწერლები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. მისი ხშირი სტუმარი იყო „პრავდის” ყოფილი მთავარი რედაქტორიც, რომლის დანახვაზეც ხუმრობდნენ, მოვიდა აქტუალურ საკითხებზე სალაპარაკოდო.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მიხეილ შოლოხოვის „წყნარი დონის” მესამე ტომის გამოქვეყნების, ანდრეი პლატონოვისა და მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებების პუბლიკაციის აკრძალვის საკითხს იხილავდნენ. მართალია ზოგი მწერლის მიმართ სტალინი მწყრალად იყო განწყობილი, მაგრამ სამაგიეროდ, სხვებს ყურადღებას არ აკლებდა. მეტიც, განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა მათდამი.
ასეთები იყვნენ ალექსანდრე ტოლსტოი, რომლის „პეტრე პირველი” აშკარად სტალინის დაკვეთით დაიწერა. შოლოხოვი, რომელიც პირადად ბელადის განკარგულებით გადაურჩა რეპრესიებს. ასევე ისტორიკოსი ევგენი ტარლე, რომელიც გადასახლებიდან სწორედ სტალინმა გაათავისუფლა. მისი „ნაპოლეონი“ კი ბელადმა ყურადღებით წაიკითხა და ტენდენციური კრიტიკისგან იხსნა.
გორკის ოჯახში სალონური შეხვედრების დროს, როგორც სახელმწიფო, ისე პირადი საქმეებიც წყდებოდა. ერთხელ, სტალინმა მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას და მოუწოდა კუთვნილი ჰონორარები გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახისთვის ნებაყოფლობით გადაეცათ. იქვე აღნიშნა, რომ დარწმუნებული ვარ, უარს არავინ იტყვისო. ბელადის სიტყვის შემდეგ, ერთმანეთს ასწრებდნენ ფულის შეგროვებას. გორკი ამბობს, რომ ყველამ 500-500 მანეთი გაიღო, მხოლოდ, სტალინმა და ბერიამ 1 000-1 000 მანეთი შემოიტანესო.
1936 წლის დეკემბერში ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა ტალმა, სტალინს შეკითხვით მიმართა, თუ რომელი ემიგრანტული გამოცემები გამოეწერა მისთვის უცხოეთიდან. ყველა! – უბრძანა სტალინმა. შემდეგ ცალკე დაიბარა და სია გადასცა: 1. „უკანასკნელი ცნობები“, 2. „აღმშენებლობა“, 3. „სოციალური მაცნე“, 4. „რუსეთის დროშა“, 5. „ახალი რუსული სიტყვა“, 6. „თანამედროვე ჩანაწერები“, 7. „ილუსტრირებული რუსეთი“, 8. „რუსული აზრი“. ამ ჩამონათვალის გარდა, ბელადს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ლიტერატურაც ჰქონდა გამოწერილი, რასაც ცალკე კარადაში, მისი პოლიტიკური ოპონენტების ნაშრომებთან ერთად ინახავდა. აინტერესებდა ყველაფერი, რასაც მასზე წერდნენ. გარდა ამისა, ყველა წიგნზე, ჟურნალსა თუ გაზეთზე, წარწერებს აკეთებდა და თავის პოზიციას აფიქსირებდა. ჩაკეცილი გვერდები, ფანქრით მოხაზული აბზაცები, კითხვის და ძახილის ნიშნები – ანუ მაქსიმ გორკის რომ დავესესხოთ, „ყველგან სტალინის კვალი იყო. ის წიგნებს არა მხოლოდ კითხულობდა, ჭამდა კიდეც.”
თანაშემწეებს ნაბრძანები ჰქონდათ, პერიოდულ გამოცემათა ნებისმიერი სიახლე შეეტყობინებინათ მისთვის, რასაც შესვენების დროს ეცნობოდა. მწერალი ან გამომცემელი ბევრჯერ დაუბარებია და შენიშვნებიც მიუცია. ამის მაგალითად ბელადის მიერ კორნეიჩუკისთვის გაგზავნილი წერილიც საკმარისია: „ღრმად პატივცემულო ალექსანდრე ევდოკიმის ძევ! წავიკითხე თქვენი „უკრაინის სტეპებში”. ბრწყინვალეა – მხატვრულად მიზნობრივი, მხიარული, სასიამოვნოდ საკითხავი. მაგრამ, მიჩნდება კითხვა, ზედმეტად მხიარული ხომ არ არის? რამაც შეიძლება მკითხველის ყურადღება მოადუნოს და შინაარსს ვერ ჩასწვდეს. სხვათა შორის, 68-ე გვერდზე რამდენიმე სიტყვა ჩავამატე. ვფიქრობ, ასე აჯობებს. ი. სტალინი.” აი, რა ჩაამატა ბელადმა: 1) „ამიერიდან გადასახადს არა საქონლის რაოდენობის, არამედ საკოლმეურნეო მიწის ჰექტრების მიხედვით გადავიხდით. 2) რამდენიც გინდა, იმდენი საქონელი იყოლიე, გადასახადი მაინც იგივე დარჩება.” რას ნიშნავს ეს? იმას, რომ შესვენების დროსაც კი, სტალინი სარგებლობდა შემთხვევით და მხატვრულ ნაწარმოებებს პოლიტიკის პროპაგანდისთვისაც იყენებდა.
ცნობილი მკვლევარი და სტალინოლოგი ევგენი გრომოვი წერს, რომ პიროვნების კულტთან ბრძოლის დროს, ხრუშჩოვის მითითებით, ბიბლიოთეკა, რომელიც ათასობით წიგნს ითვლიდა, ფაქტობრივად, განადგურდა. მხოლოდ ენთუზიასტებმა, დიდი რისკის ფასად, შეძლეს რამდენიმე ასეული წიგნის გადარჩენა. თითქმის ყველა მათგანზე, ბელადის მინაწერები და მონახაზებია დაფიქსირებული. ეს ვანდალური საქმე ვინმე იური შარაპოვს დაევალა, რომელიც ურცხვად აცხადებს, რომ 1957 წელს, სტალინის სახლის დათვალიერებისას, თვალში ეცა უზარმაზარი შვედური კარადა მოძრავი თაროებით. ბიბლიოთეკა ნებისმიერ პრესტიჟულ მუზეუმს დაამშვენებდა, თუმცა პარტიულ მუშაკს მაკომპრომეტირებელი ინფორმაციების მოპოვება ჰქონდა დავალებული. მანაც ტრადიციული, რუსული სალდაფონური მეთოდებით, დალუქული კუნცევოს აგარაკი დაარბია. მისდა, სამწუხაროდ, იქაც წიგნების გარდა, ვერაფერი იპოვა.
ერთადერთი, რაც გაუკვირდა, აგარაკის ნახევრად მიწურში ჩაფლული სარდაფი იყო, რომელიც ისტორიულ ავლაბრის არალეგალურ სტამბას ჰგავდა. ჩინოვნიკმა მაკომპრომეტირებელი იქაც ვერაფერი ნახა, წიგნების გარდა. ამ ამბავს ვერც სტალინის დაუძინებელი მტერი, ვოლკოგონოვი უარყოფს: „იმის მიუხედავად, რომ სტალინი სხვადასხვა გარემოებების გამო, მეტად დატვირთული იყო, ინტელექტუალური დონის ამაღლებაზე დღენიადაგ ზრუნავდა. ბიბლიოთეკა მას სჭირდებოდა, როგორც ყოველდღიური, მიმდინარე სამუშაოსთვის, ცნობებისთვის, ინფორმაციისთვის, ისე დასვენების დროსაც. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულ და რუსულ კლასიკას. 1925 წლის მაისში სტალინმა თავის თანაშემწეს, ივან პავლეს ძე ტოვსტუხას, დაავალა პირადი ბიბლიოთეკის შევსება. მაგიდას მიუჯდა და 10-15 წუთში უბრალო ფანქრით, ჩვეულებრივ ფურცელზე მიაწერა: „ჩანაწერი ბიბლიოთეკარისთვის. ჩემი რჩევა და თხოვნაა, წიგნების კლასიფიკაცია არა ავტორების, არამედ თემების მიხედვით მოახდინოთ. ამ კლასიფიკაციიდან ცალკე გამოყავით ავტორები: პლეხანოვი, ლაფარგი, ლუქსემბურგი, რადეკი. დანარჩენი ლიტერატურაც ავტორების მიხედვით დაალაგეთ – გვერდზე გადადეთ სხვადასხვა სახელმძღვანელოები, ჟურნალები, ანტირელიგიური მაკულატურა და ასე შემდეგ. 29.05.1925 წელი, ი. სტალინი”.
არქივში შემონახულია კიროვის მეუღლის მოგნებებიც, სადაც იხსენებს, რომ ერთხელ ქმარს ბიბლიოთეკარის მოყვანა შესთავაზა, რათა წიგნები სისტემაში მოეყვანათ. სერგეი მირონის ძეს უპასუხია, ერთხელ სტალინის ცოლმაც მოიწვია ბიბლიოთეკარი, რომელმაც წიგნები ყველა წესების დაცვით დაალაგა. ამის შემდეგ, სტალინი კატალოგის გარეშე ვერც ერთ წიგნს ვეღარ პოულობდა და იძულებული გახდა, ყველაფერი ხელახლა დაელაგებინაო.
სტალინის ბიბლიოთეკა მისი სიკვდილის დროისთვის ასტრონომიულად გაიზარდა და 20 000-ზე მეტ წიგნს ითვლიდა. ყველა მათგანს სპეციალური შტამპი ჰქონდა. წიგნების ნახევარი ისტორიული ლიტერატურა იყო. სამწუხაროდ, დღეს ენთუზიასტების მიერ გადარჩენილი ასეულობით წიგნის გარდა, მუზეუმებში არაფერია. წიგნები ან დაკარგულია და უგუნური მიზნებისთვისაა გამოყენებული, ან გაბნეული. ეს შეგნებული ვანდალიზმი იყო, რადგან მაშინდელ ხელმძღვანელობას, ხრუშჩოვის მეთაურობით, დიდი სურვილი ჰქონდა მომავალი თაობებისთვის ეთქვა, სტალინი დაბალი ინტელექტის მქონე, გაუნათლებელი ადამიანი იყოო.