მესტიის რაიონში, ეცერში ევგენი აფრასიძის ოჯახზე განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალები საბოლოოდ ჯერაც არ გარკვეულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპერაციის დროს და მის შემდეგ აყვანილი და დაჭრილი პირები ეცერიდან ქუთაისში ვერტმფრენებით თითქმის მთელი დღის განმავლობაში გადაჰყავდათ. ოფიციალური ცნობებით მოკლულია თვითონ ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხი, მესამე ვაჟი, გოჩა, მძიმედაა დაჭრილი, შმაგი კი დაკავებულია.
სვანეთში კარგა ხანს გაუჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ეცერის მაღლობზე ციხესიმაგრესავით გამაგრებულ სახლში 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ლეგენდარულ ფიგურად ქცეული ევგენი აფრასიძე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ეს ის ევგენი აფრასიძეა, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სვანეთში ჩატარებული არც ერთი ანტიკრიმინალური ოპერაცია არ შეხებია. მეტიც, მან და მისმა გარემოცვამ წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, როდის და რა ძალებით მიდიოდა პოლიცია სვანეთში.
გარდა საკუთარი აგენტურული ქსელისა, ამის გაგებას აფრასიძე ტექნიკური მოწყობილობებითაც ახერხებდა. კერძოდ, სახლში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურით იგი პოლიციის რაციებსაც უსმენდა. აფრასიძის სახლამდე შეუმჩნევლად მისვლა შეუძლებელი იყო, რადგან გორაკზე ასვლამდე მთელი სოფელი უნდა გაგევლო და რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში აფრასიძე ავტორიტეტით სარგებლობდა, უცხო პირების გადაადგილების შესახებ მას სწრაფად ატყობინებდნენ.
აფრასიძის საკმაოდ დიდი ეზოს ოთხივე მხარეს სპეციალური კოშკურები იდგა, სადაც ოჯახის წევრები და აფრასიძეებთან შეფარებული სხვა ადამიანები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. აფრასიძეების ოჯახობა კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა: ქალები ცომს ზელდნენ, სარეცხს რეცხავდნენ და ბავშვებს ზრდიდნენ. ხანდახან კი მეზობლებშიც გადადიოდნენ.
თვითონ ევგენი აფრასიძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. დღეში რამდენჯერმე პირადად ჩამოივლიდა საგუშაგოებს, ხოლო ღამით სპეციალური ღამის ხედვის მოწყობილობას ირგებდა, დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას აიღებდა და გარემოს ზვერავდა. მეზობლები და ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ევგენი აფრასიძეს ეს პროცესი დაერღვია, ან თავისი მთავარი პრინციპისთვის ეღალატა: არც ერთი წვეთი ალკოჰოლი. სამაგიეროდ, მამისგან განსხვავებით, ბოჰემურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ შვილები, განსაკუთრებით გოჩა და ომეხი. მამის შიშით მოსახლეობა ხმას ვერ იღებდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ ძმები წმინდა წყლის ყაჩაღები იყვნენ და არაფრით ჰგავდნენ სვან თუთაშხიად წოდებულ მამას.
მესტიის მისადგომებამდე საავტომობილო გზას სწორედ შვილები აკონტროლებდნენ და წილში გადიოდნენ ყველა ყაჩაღური თავდასხმის დროს. ფაქტია, რომ ლახანში, ეცერსა და ბეჩოში მათი ნებართვის გარეშე ვერავინ გაჭაჭანდებოდა. განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ძმებში ომეხ აფრასიძე გამოირჩეოდა. იგი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც იყო და მუდამ გააჩნდა წყარო, რომელიც მას ჰეროინით ამარაგებდა. ძალიან უყვარდა ოქროს სამკაულები და მათ დემონსტრირებასაც არ ერიდებოდა. ძებნილობის პერიოდში იგი ხშირად ჩნდებოდა ხალხში, ანუ ისეთი ძებნილი იყო, რომელსაც არავინ ეძებდა. იმისდა მიუხედავად, რომ ყველამ იცოდა, სადაც იმყოფებოდა სხვა ძებნილებთან ერთად.
თვითონ ევგენი აფრასიძე ძებნილი ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში გახდა. მისი კამათი საკუთარ სიძესთან, ამ უკანასკნელის მკვლელობით დასრულდა, მას შემდეგ, რაც არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სიძემ ევგენის დის ცემა არ მოიშალა. ეცერელების თქმით, აფრასიძე სწორად მოიქცა, როცა დის ღირსება დაიცვა და კონფლიქტის დროს შესწრებულმა სიძეს დანით 17 ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ ევგენი ძებნილია, თუმცა იგი სისხლის ამღებებს უფრო ემალებოდა, ვიდრე მილიციას. რადგან მილიციას მაშინ ნამდვილად არ გადაუტყავებია მუხლები აფრასიძის ძებნაში. სანამ იმდროინდელ შსს-ში აფრასიძის დაკავების კონკრეტული გეგმა შემუშავდებოდა, ევგენიმ ძებნილობის პერიოდში სახლის აშენებაც მოასწრო და დაოჯახებაც.
კომუნისტების დროს, მისი დაკავების გეგმა სწორედ სახლის მშენებლობის დასრულებისას შემუშავდა. სატვირთო მანქანაში, რომლითაც აფრასიძისთვის ცემენტი უნდა აეტანათ, შეიარაღებული სპეცრაზმელები მოათავსეს და როცა მანქანა აფრასიძის ეზოს მიადგა, იქიდან ცემენტის ტომრების ნაცვლად შეიარაღებულები გადმოცვივდნენ და აფრასიძემ ხელის განძრევაც ვერ მოასწრო. ომეხი და გოჩა მაშინ პატარები იყვნენ და ტირილის გარდა, არაფერი შეეძლოთ. შმაგი კი ჯერაც არ იყო დაბადებული.
დანაშაულობის ხანდაზმულობისა და ევგენის გამამართლებელი გარემოებების გამო სასამართლომ მას სულ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხიდან გამოსული აფრასიძე ჩვეულებრივ, მაგრამ მისთვის ახალ ცხოვრებას იწყებს. სოხუმის დაცემის შემდეგ მას საკუთარი სატვირთო მანქანით, რომელზეც მძღოლად მუშაობდა, უღელტეხილზე დევნილები გადმოჰყავდა. ხოლო უკან ისევ დევნილებისთვის პროდუქტი მიჰქონდა. ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. სოხუმიდან სხვა დევნილებთან ერთად აფრასიძის ბიძაშვილებიც გადმოვიდნენ. მათ თავიანთი „ნივის“ გადმოყვანა შეძლეს. მანქანა აფრასიძის ეზოში იდგა, თუმცა ერთ დღეს გაქრა. ევგენი აფრასიძე ქურდების კვალმა სოფელ უშხვანარში სვანების ოჯახში მიიყვანა, სადაც მოპარული „ნივა“ აღმოაჩინა. მაშინ ძმებ უშხვანებსა და აფრასიძეს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი უშხვანი დაიღუპა. ამის შემდეგ აფრასიძე ისევ ძებნილი ხდება.
დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ცოცხლად დარჩენილი ძმები უშხვანები ჩახოცა, ევგენი აფრასიძე შევარდნაძის მთავრობამ კიდევ ერთხელ შემოირიგა. პატიების სიგელი, როგორც ჩანს სააკაშვილმა და ბარამიძემ არაფრად ჩააგდეს და სოფელ ეცერში სპეცოპერაცია განახორციელეს, რომელშიც 200-მდე შეიარაღებული პირი და 20 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ჰაერიდან თავდასხმა ევგენი აფრასიძისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მან ვერ მოასწრო იმ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რომლებიც მის ოჯახში ინახებოდა.
შტურმში სოფელ ეცერში წინასწარ გადმოსხმული დესანტიც მონაწილეობდა. ოფიციალური ვერსიით, აფრასიძეს და მისი გარემოცვის წევრებს რუპორით დანებება შესთავაზეს, თუმცა სახლის მეორე სართულზე გამაგრებულმა კრიმინალებმა ბრძოლა მიიღეს და ცეცხლი გახსნეს.
ოპერაციის შედეგად, ოფიციალური ვერსიით, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა, ხოლო ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან. სხვა აყვანილებთან ერთად, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვი, რომელსაც რუსეთის მილიცია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ეძებს.
ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას ევგენი აფრასიძის სიკვდილი არ სჯერა და იმედი აქვს, რომ მან ალყას თავი დააღწია.