საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და ესტონეთის ელჩი პრიტ თურქი მიესალმნენ.
„კურსის მიზანია, საზოგადოებას და სამინისტროების წარმომადგენლებს ვესაუბროთ იმაზე, თუ რამდენად კომპლექსურია საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, როგორ არის ის ფორმირებული და რა როლს ასრულებს თითოეული უწყება და საზოგადოების სხვადასხა ჯგუფი ამ სისტემის განმტკიცებაში. კურსი მაღალდონეზეა ორგანიზებული. იქნება პრაქტიკული მეცადინეობაც. დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეებს რამდენიმე ძალიან საინტერესო დღე ელოდება“ - აღნიშნა თამარ ქაროსანიძემ.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე ტრადიციად იქცა ეროვნული თავდაცვის უამღლესი კურსის ჩატარება საქართველოში. მსგავსი კურსი უკვე რამდენიმე წელია ტარდება ესტონეთში და თავდაცვის პოლიტიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლი შეაქვს. კურსი ასევე, შეეხება ეროვნული უსაფრთხოების გამტკიცების საკითხებს ქვეყნის სხვადასხვა უწყებებს შორის - ეს იქნება სამთავრობო, არასამთავრობო, თუ სამოქალაქო სექტორი“ - განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ თურქმა.
სემინარი ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სემინარის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო, კომერციული სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს, გაანალიზებენ საკუთარ როლს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში და მიიღებენ პასუხებს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. პარალელურად, მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.
სემინარზე მომხსენებლებად მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის უმაღლესი პირები, საერთაშორისო ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეორედ ტარდება. კურსი ნატოს პროფესიული პროგრამის განვითარებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და ლიდერიზმის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.