„ახალი მემარჯვენე“ დავით საგანელიძე, ჯანდაცვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და დავით გამყრელიძის მოადგილე, რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყებისას ონში ისვენებდა ბავშვებთან ერთად. სწორედ მან მოუყვა „ქრონიკას“, თუ როგორ აიტანა კინაღამ ჰაერში ჭურვმა და როგორ გამოიქცა ბავშვებთან ერთად აალებული ქალაქიდან
- კოშმარი მეგონა, ჩემი თავის დარდი არ მქონდა, ერთს ვფიქრობდი, რამენაირად ბავშვები გამომეყვანა. დღეს ონი, ფაქტობრივად დაცლილია.
რამდენი ჭურვი ჩამოაგდეს რუსებმა?
- ექვსი ჭურვი, თითო 500 კგ-იანი მაინც იქნებოდა. აქედან ერთი დაეცა საცხოვრებელ კორპუსს.
რამდენი ადამიანი დაიღუპა?
- საბედნიეროდ, არ დაღუპულა. ესეც იმიტომ, რომ მანამდე ორი ჭურვი ჩამოვარდა სხიელში, რომელიც ონს არის მოკრული. აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეძრა, ყველა გარეთ გამოვარდა. ონში კორპუსი და საცხოვრებელი არ დარჩენილა, რომ არ დაცლილიყო. ამან გადაარჩინა სწორედ ხალხი.
დანარჩენი ჭურვები სად დაეცა?
- მეოთხე ჭურვი ხიდს დაეცა, უკვე შიგ ონში. ორი დანარჩენი სოფელ ატისში.
ონში სამხედრო ბაზაა სადმე განთავსებული?
- არა, მე ვფიქრობ, ხიდის ასაფეთქებლად იყო ჩამოგდებული.
ექვსივე აფეთქდა?
- არა, მხოლოდ ოთხი.
რამდენი ადამიანია დაჭრილი?
- შვიდი დაჭრილი ჩემი თვალით ვნახე. საშინელი შესახედავი იყვნენ. ექიმებს ვეხმარებოდი მათ ტრანსპორტირებაში.
საჯარისო ნაწილები ანდა ძალოვნები არ ამოსულან?
- არაფერი მაგის მსგავსი. დაჭრილების ტრანსპორტირება იქ მცხოვრებთა საშუალებით მოხდა. პირველი ჭურვი რომ გასკდა, მოსახლეობაში დიდი პანიკა შეიქმნა. ონი და მიმდებარე სოფლები, ფაქტობრივად, დაცლილია ხალხისგან. პირველად ბავშვები და ქალები გაიყვანეს. მე ჩემს მანქანაში ვინც შევძელი, ისინი ჩავსვი და ჩამოვიყვანე.