სპორტსმენი რომ იყოს, გრიგოლ ვაშაძე სოჭის ოლიმპიადაზე არ წავიდოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს რატომღაც არ გახსენებია, რატომ არ ჩააბარა რუსეთის მოქალაქის პასპორტი აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ მისწერა თბილი წერილი რუსეთის კულტურის სამინისტროს აგვისტოს ომიდან სულ რამდენიმე თვეში (2008 წლის ნოემბერში) მოსკოვში ქართული დასების საგასტროლოდ მიღების თხოვნით.
რომ არა დუმის დეპუტატი სემიონ ბაგდასაროვი, ვერც გავიგებდით, რომ ვაშაძეს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. იმ პერიოდში ბაგდასაროვი გამოვიდა წინადადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს - გრიგოლ ვაშაძეს ჩამორთმეოდა რუსეთის მოქალაქეობა. მართალია, კოლეგებმა მას მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ უკვე თავად ვაშაძემ, რომელიც მანამდე არ აპირებდა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას, ცხელ გულზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს გადაუგზავნა პასპორტი და მოქალაქეობაზე უარის თქმის თხოვნა, თანაც განმარტა, „ცოტა არ იყოს, რუსეთის დუმას შეაგვიანდა. მე უკვე დავწერე განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე და კონვერტში ჩემი რუსული პასპორტიც ჩავდე“.
არადა, ამ დაგვიანებულ ჟესტს წინ უძღოდა გრიგოლ ვაშაძის რევერანსი დამპყრობლის მიმართ და ვაშაძე არ მალავდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს იმ იმედით ინახავდა, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში იმჟამინდელი არანორმალური მდგომარეობა მაინც გამოსწორდებოდა.
„მიუხედავად იმისა, მექნება თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი, ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება და მე მას ვერავინ წამართმევს“.
სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმაც გაუხსენა გრიგოლ ვაშაძეს, როგორც „დვაჟდი მინისტრს“, რომ, სანამ იგი ვინმეზე საუბარს დაიწყებდა, თავის პასპორტში ჩაეხედა.
ამჯერად კი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ღირსებისა და რეპუტაციის შენარჩუნებაზე „ფიქრობს“.
„ქვეყნის ხელისუფლებაში რომ ვიყო, მტკიცედ ვიტყოდი - წასვლა არ ღირს, რადგან ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი. საქართველოს ხელისუფლებას თავი უნდა შეეკავებინა წინასწარი განცხადების გაკეთებისგან, რომ სოჭის ოლიმპიადაში აპირებს მონაწილეობას. არსებობს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმის რამდენიმე ისეთი საშუალება, რომ საქართველოს ღირსება შეუნარჩუნდეს და არც ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს. მათ შორის, ერთ-ერთი ისაა, რომ ოლიმპიადაში ქართველმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიური კომიტეტის სახელით, როგორც ეს იყო 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის დროს. ამ შემთხვევაში, სპორტსმენები წარმოადგენდნენ მხოლოდ ოლიმპიურ კომიტეტს, თავიანთ თავს და არა - ქვეყანას. სპორტსმენები არ გააცდენდნენ ოლიმპიურ ციკლს, საქართველო კი არ აღმოჩნდებოდა იმ სიტუაციაში, რაშიც დღეს არის“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
მართალია, გრიგოლ ვაშაძემ ვერ დამალა, რომ აგვისტოს ომამდე ნაციონალების ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიადას ხმა მისცა, მაგრამ ომის შემდეგაც მოვლენების განვითარებას ელოდებოდნენ. ახლა კი, ვაშაძეს ვერ წარმოუდგენია აგრესორ ნიჩაევის მიერ ოლიმპიური ჩირაღდნის ხელში აღება, რომელიც გორში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა.
გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებებს უმალვე მოჰყვა გამოხმაურება ინტერნეტსივრცეში. ინტერნეტმომხმარებლისთვის სხვისი მხრიდან ასეთი შეფასებების გაკეთება კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა - გრიგოლ ვაშაძისგან, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები თავის წარსულს შეახსენებენ:
„რუსეთის კგბ-ს ძველი მუშაკი“; „გაეცანით ამ კაცის ბიოგრაფიას და ყველაფერი ნათელია“; „ეს კაცი რუსეთის კალოშია“; „მაინც ყოფილი საბჭოთა აპარატჩიკია“, „სპორტსმენი ვერასდროს გახდება, ბალეტს მიხედოს“ „ამ კაცს ასეთ თემებზე ლაპარაკის უფლება არ აქვს“, - ასეთ შეფასებებს იმეტებდნენ გრიგოლ ვაშაძისთვის.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია იხსენებს, რომ 90-იან წლების პირველ ნახევარში გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა შვეიცარიაში, სავარაუდოდ, მრჩევლის სტატუსით. ამ სტატუსით კი მოღვაწეობდნენ მხოლოდ სპეცსამსახურებიდან წასული დიპლომატები. მეტიც, იმ პერიოდის შვეიცარიაში საკმაოდ ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების აქტიურობა. ეს გამოვლინდა კიდეც 1982-84 წლებში, როცა შვეიცარიიდან მოხდა 300-მდე დიპლომატის გაძევება მათთვის შეუფერებელი საქმიანობისთვის.
ვახტანგ მაისაიას თქმით, გრიგოლ ვაშაძე არც მალავს, რომ საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. ამიტომ, მისი ეს ბიოგრაფიული მომენტი ბევრ რამეზე მეტყველებს, რადგან გაეროს სპეციალიზირებულ ორგანოებში მუშაობდნენ ძირითადად „სუკის“ მთავარ სამმართველოსთან დაახლოებული პირები, ანუ ოპერატიული თანამშრომლები.
„ისევე, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში დადგინდა, რომ ის მსახურობდა „კაგებე“-ს სასაზღვრო ჯარებში, გრიგოლ ვაშაძესაც რანგით მაიორის თანამდებობა შეეფერებოდა შვეიცარიაში მრჩევლობის გამო. მაგრამ მის თანამდებობებს რომ თავი დავანებოთ, მთავარია, მისი განცხადებები. ვაშაძეს შევახსენებ იმ ფაქტს, რომ, როგორც კი ომი დასრულდა 2008 წლის აგვისტოში, მან წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის მაშინდელ კულტურის მინისტრს, კრემლის ფავორიტს, და სთხოვა საქართველოს დღეების ჩატარება მოსკოვში. გარკვეულწილად, ესეც საკვირველი ფაქტია. იმ დროს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კულტურის მინისტრი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. ნაცვლად იმისა, რომ ომიდან რამდენიმე დღეში გამოგვეხტა პროტესტი, ადამიანი მოსკოვის შესაბამის წარმომადგენელს ოფიციალური მიმოწერის ფორმატში თხოვნით მიმართავდა. ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ფაქტები მის შესახებ თავად მეტყველებენ და ღირსებაზე როცა საუბრობს, ეს ფაქტები გაიხსენოს,“ - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობაც ძლივს გააგდებინეს, როგორც ყვავს კაკალი. ბოლო წუთს განაცხადა უარი ამ მოქალაქეობაზე, მანამდე კი ის ინარჩუნებდა დამამცირებელ პოზიციას. ამის მიზეზად ვახტანგ მაისაიას ის პრივილეგიები მიაჩნია, რაც რუსეთის მოქალაქეობას ახლდა. კერძოდ, არცთუ მოკრძალებული პენსია, აგრეთვე, გრიგოლ ვაშაძის ბიზნესინტერესები, რომელიც მას საკმაოდ დიდი ჰქონდა და „დღესაც გაურკვეველია, რა ინტერესები აქვს“. ასევე, ექსპერტს აინტერესებს, სად იმყოფებიან და საიდან ფინანსდებიან ვაშაძის ოჯახის წევრები.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის განცხადებები სერიოზულად არ უნდა იყოს მიღებული. რაც შეეხება ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძემ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. უფრო ზუსტად, იმ პერიოდში იყო სრული „შტილი“, ბრეჟნევისეული „ზასტოი“, ისევე, როგორც მანამდე ბეჟუაშვილის პერიოდი იყო სრული უძრაობა. ეკა ტყეშელაშვილის მინისტრობა კი აბსოლუტური „ადიპლომატია“, ანუ არადიპლომატია.
მეტიც, იმ პერიოდში საქართველოს არანაირი გარღვევა არ ჰქონია საერთაშორისო დონეზე და საგარეო პოლიტიკური კუთხითაც.
პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიურ საქმიანობასთან მიმართებით გრიგოლ ვაშაძის პროფესიონალიზმი ძალზე მოკრძალებული და ქარაფშუტულია. მას წარმოდგენა არ აქვს დიპლომატიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძეს დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში, რასაც პოლიტიკასა და დიპლომატიასთან შორეული დამოკიდებულება ჰქონდა.
ჰამლეტ ჭიპაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძის მინისტრობა აღინიშნა წარმოუდგენელი სიბრიყვეების გაცხადებით. საქართველოს ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, თუმცა ასეთი სიბრიყვე მას არ ახსოვს. მით უმეტეს, ეს არ უნდა ეკადრა მოსკოვის პრესტიჟული სასწავლებლიდან გამოსულ პიროვნებას. თუმცა ჰამლეტ ჭიპაშვილი ღიად ტოვებს საკითხს, როგორ მოეწყო იქ ვაშაძე და „როგორი ჩაწყობით აღინიშნა ეს მოვლენა“.
„მინისტრობისას ყოველი მისი გამოსვლა სისულელეების კორიანტელი იყო. მას ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა დიპლომატიასა და ისტორიაზე. დღესაც უტიფრად აცხადებს ისეთ ფაქტებს, რომელიც საერთოდ არ მომხდარა. მაგალითად, მას მონაწილეობა არ აქვს მიღებული რაიმე ღონისძიებაში და ამ დროს ამბობს, მე ვმონაწილეობდიო. კერძოდ, ირწმუნება, თითქოს, ესწრებოდა შეხვედრას პუტინთან, სადაც სააკაშვილს გარკვეული ფრაზები უთქვამს. თუმცა, სინამდვილეში, ვაშაძე იქ არ ყოფილა. მისი ყველა ნათქვამი ტყუილი და აბსურდია. კაცი დიპლომატობაზე დებს თავს და ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.
მას უკვირს, რომელ ღირსებაზეა საუბარი, როცა გრიგოლ ვაშაძე ნინო ანანიაშვილის „ბლატით“ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. უფრო მეტიც, დღეს როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება საზღვრის გადაწევა და რატომ უნდა ეჭიროს ვიღაც მფრინავს ოლიმპიური ჩირაღდანი, რატომ გვავიწყდება, რომ ეს ომი სააკაშვილს რომ არ დაეწყო, ის მფრინავი გმირი არ გახდებოდა?!
ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, როცა გრიგოლ ვაშაძე ირწმუნება, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მივიღებდიო, რატომ არ ითვალისწინებს, რომ ოთხი წლის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობას არ მიაღებინებენ და ამის გამო საქართველო დაისჯება. თანაც, პოლიტოლოგს უკვირს, ვინ არის გრიგოლ ვაშაძე, რომ გადაწყვიტოს სპორტსმენების ბედი, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ ოლიმპიური თამაშებისთვის?!
„რატომ უნდა გადაწყვიტოს ეს ვაშაძემ? სპორტული ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. სპორტსმენი ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის. ოთხი წლის შემდეგ კი ასაკის გამო ვეღარ მიიღებს ოლიმპიადაში მონაწილეობას. ვაშაძეს ფეხებზე ჰკიდია სხვა ადამიანის ბედი. ეს არის ღირსება?!“ - აინტერესებს ჰამლეტ ჭიპაშვილს.
ასევე, პოლიტოლოგი ყოფილ მინისტრს იმ ფაქტსაც უხსენებს, რომ ვაშაძემ, რატომღაც, 9 მაისი სტალინის სიჯიუტით დაწესებულ დღესასწაულად მიიჩნია და ევროპის წამხედურობით, ამ დღის 8 მაისს გადმოტანა მოითხოვა. თუმცა ჰამლეტ ჭიპაშვილის თქმით, სწორედ 9 მაისს მოხდა ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია ინგლისს, ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის. მართალია, 8 მაისს მოხდა ინგლისისა და ამერიკის წარმომადგენლებთან გერმანიის წარმომადგენლის მისვლა და დოკუმენტზე ხელმოწერა, მაგრამ რეალურად, რატიფიკაცია განხორციელდა მაშინ, როცა სამივე მხარემ მოაწერა ხელი დოკუმენტს, ანუ 9 მაისს.
„ამდენად, კაცი რომ იტყვის, ეს სტალინის აჩემება იყოო, მისი ნათქვამი საეჭვო და სისულელეა“, - ასკვნის ჰამლეტ ჭიპაშვილი.