ჩვენი სტუმარია მწერალი რევაზ მიშველაძე. ბატონი რევაზის სინანულის გრძნობა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მას მონოლოგის სახით შემოგთავაზებთ:
- ვნანობ, რომ ოდნავადაც არ ასრულდა ჩემი და თითოეული ქართველის ოცნება - გვენახა თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო. ჩანს, ისე ჩავალ საფლავში, რომ ნანატრ საქართველოს ვერ მოვესწრები. კომუნისტურ თუ პოსტკომუნისტურ სივრცეში, ყველა, ვინც საქართველოს სათავეში მოექცა (სერგო ორჯონიკიძიდან დაწყებული დღემდე) ქართველ ხალხს ატყუებდა: ახლა კი სწორ გზას დავადექით და მალე ავშენდებითო.
მატყუარობით არც დღევანდელი ხელისუფლება ჩამოუვარდება წინამორბედებს. გაიხსენეთ ვარდებით მოსულთა დანაპირები - აგვისტოში ცხინვალში ვიქნებით და რევოლუციის წლისთავს აფხაზეთში ვიზეიმებთო. თოვლზე დაწერილივით გაქრა ეს დაპირება. ახლა მოლაპარაკებებს დავეშურეთ. ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი დროის გაყვანის პოლიტიკაა. თურმე, თუ კარგ ავტონომიას შევთავაზებთ, აფსუები და ოსები იხუვლებენ და მაშინვე შემოგვიერთდებიან.
ამასწინათ ერთ რუს სახელმწიფო მოხელეს ვესაუბრე, - რატომ არ გვიშვებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში-მეთქი. - ვინ გიშლით, შედით და გააკონტროლეთო, - სადისტურად გაიღიმა. - ხომ შეხვდა ჩვენი პრეზიდენტი პუტინს, ნუთუ არ იყო რუსული კაცური სიტყვა საკმარისი-მეთქი. - კარგი, რა, ბავშვი ხომ არ გგონივართ, ასევე კაცურად გაურიგდა მეორე დღეს ბუშს ჩვენ წინააღმდეგო. საერთოდ კი, - მითხრა რუსის მოხელემ, - რუსეთს მართლა აქვს საქართველოს გაერთიანების სურვილი, მაგრამ არ ხერხდება. იცოდეთ, საბჭოთა მატარებელი წავიდა, ჩრდილოეთი კავკასია თქვენ არასოდეს დაგიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსო.
ასე, კატისგან დარეტიანებული თაგვის როლშია საქართველო და ჩემი უდიდესი სინანულიც ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვასთან არის დაკავშირებული.
გული მწყდება, რომ ნინო ბურჯანაძის პარლამენტმა არ მიიღო ჩემი და გურამ შარაძის მიერ მომზადებული ყოველი ნორმალური სახელმწიფოსთვის აუცილებელი სამი ნორმალური კანონი: „კანონი ეროვნული რეკვიზიტის შესახებ“, „კანონი რელიგიის შესახებ“ და „კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“. ასე რომ, ქართული ეროვნული ცნობიერების გაქრობისათვის ბრძოლას ჩვენი ხელისუფლება კვლავ ძველებურად ეწევა.
გული მტკივა, რომ სააკაშვილის გუნდშიც არაერთი ნაძირალა და მატყუარაა, რომ „ვარდებმა“ ჩვენი იმედები ვერ გაამართლა. თვით სააკაშვილს, მართალია, გამოცდილება აკლია, მაგრამ კორუმპირებული რომ არ არის, ხატზე დავიფიცებ. როგორ ფიქრობთ, რატომ უხდება მას წამდაუწუმ სამინისტროს კარუსელის დატრიალება? - ყველგან კორუფცია მძვინვარებს და იმიტომ.
მარტო თავდაცვის სამინისტროს ცხელი ამბავი გაიხსენეთ. აქვე უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი იმედი ჩემთვის ოქრუაშვილია. იგი ვაჟკაცი ჩანს და მოლაყბეც არ არის. თავი გადაგვჭამეს ამ ერთი წლის განმავლობაში, - ქართული ჯარი ის აღარ არის, შევარდნაძის დროს რომ იყოო. მივიდა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად და განაცხადა, - თურმე უკან წავსულვართ ამ ერთი წლის განმავლობაში და ამერიკის ფულად დახმარებას ამ ხნის მანძილზე ჯიბეში იდებდნენო. დამერწმუნეთ, ასეა ნებისმიერ სამინისტროში.
გული მწყდება იმაზე, რომ მწერლებს სააკაშვილის ჩარევა დაგვჭირდა, რათა კუთვნილი სასახლე - ჩვენი ეროვნული ბუდე შეგვენარჩუნებინა. სანამ განგაშის ზარებს არ შემოვკარით, სანამ ქალბატონი სანდრა არ შევაწუხეთ, სანამ სააკაშვილს არ შევახსენეთ, რომ ეს სწორედ ის შენობაა, სადაც ბაბუამისი გრიგოლ აბაშიძე იჯდა, სანამ სადღეღამისო მორიგეობა არ დავაწესეთ, მანამ მძიმეწონოსანი და მსუბუქად მოაზროვნე მინისტრი ენერგიულად ცდილობდა მწერალთა გამოდევნას მწერალთა სასახლიდან. ეს საქმე ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებისა - მწერალთა კავშირის სასახლის ხელყოფას არ დავუშვებო.
ვნანობ, რომ მწერლებს აღარა გვაქვს ხალხზე ზემოქმედების ის ძალა, ადრე რომ გვქონდა. ამაში ბრალი თავად ზოგიერთ მწერალს მიუძღვის. ახლა საჭიროა, ერი შევანჯღრიოთ, გავამხნევოთ, გავაღვიძოთ და არასრულფასოვნების კომპლექსებისგან გავათავისუფლოთ. ამის ნაცვლად ზოგიერთი მწერალი უწმაწური ლექსებისა და მოთხრობების წერითაა გართული. მწერალი თავის ღვთიურ მისიას მაშინ შეასრულებს, როცა ერთხელ და სამუდამოდ შეიგნებს, რომ იგი ილია ჭავჭავაძის მიერ ნაჩვენები გზით უნდა მიდიოდეს და ფხიზელ გუშაგად ედგეს ეროვნულ ცნობიერებას.
ვნანობ, რომ არაერთხელ მომიხდა ჩაბმა ისეთ კამათში, რასაც მხოლოდ პირადული და არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. და კიდევ ერთი: არაერთგზის ვყოფილვარ იმ ხელისუფალთა მხარდამჭერი, ვის თვალთმაქცობაშიც ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ისინი ქვეყნისთვის საწაღმართოს რაიმეს მოიმოქმედებდნენ. ამას ახლა ძალიან ვნანობ!