შალვა ნათელაშვილი „სახალხო პარლამენტს“ ქმნის. ვინ გაერთიანდება ამ პარლამენტში?
მანამდე კი ლეიბორისტული პარტია საპროტესტო აქციას აგრძელებს. საღამოს ექვს საათზე მათ დაგეგმილი აქვთ ფართომასშტაბიანი მიტინგი. აქ ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავასაც ელოდებიან. რაც შეეხება ბლოკის მეორე წევრს, ანუ „ტრადიციონალისტებს“, მათი ლიდერები - აკაკი ასათიანი და გუბაზ სანიკიძე აცხადებენ, რომ ქალაქში არ იმყოფებოდნენ. თუმცა ძალზე საეჭვო იყო, რომ არჩევნების მეორე დღეს პარტიის ლიდერებს თბილისი დაეტოვებინათ. არის ვერსია, რომ ტრადიციონალისტებსა და ედპ-ს შორის განხეთქილებაა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ტრადიციონალისტებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ლეიბორისტული აქციის მიმართ. ისინი თვლიან, რომ მემარჯვენე ძალები მემარცხენე ძალებთან არ უნდა იდგნენ.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, ედპ, რომელიც ასევე მემარჯვენე ძალას წარმოადგენს, მემარცხენე ძალების საპროტესტო აქციაზე მაინც მივიდა. ბაჩუკი ქარდავამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა შალვა ნათელაშვილს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, „ალიამ“ ედპ-ს ლიდერს ბაჩუკი ქარდავას რამდენიმე შეკითხვით მიმართა:
- წმინდა ადამიანური მოსაზრებით, მე სოლიდარობა გამოვუცხადე შალვა ნათელაშვილს. მას უკვე მესამედ არ უშვებენ პარლამენტში და სრულიად შეგნებულად. ზღაპარია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამ პარტიას უკვე მესამედ ექცევიან უსამართლოდ.
აქციაზე თქვენთან ერთად არ იყვნენ ტრადიციონალისტები. რატომ?
- ამ შეკითხვაში თუ საეჭვო აქცენტს ბლოკის ერთიანობაზე აკეთებთ, მინდა გითხრათ, რომ ბლოკში არანაირი განხეთქილება არ არის.
მაშინ ერთი ტრადიციონალისტი მაინც რატომ არ მივიდა თქვენთან ერთად ამ აქციაზე?
- მე ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ვარ. ეს თქვენს ყველა ეჭვს ფანტავს. შესაძლოა, ჟურნალისტებისთვის ეს ასე ჩანს, მაგრამ ბლოკში არავითარი უთანხმოება არ არსებობს.
რა ხდებოდა თავად ლეიბორისტული პარტიის ოფისში მთელი დღის განმავლობაში? დღის პირველ ნახევარში პარტიული ოფისი სრულიად ცარიელი იყო, იქ მხოლოდ დაცვის სამსახური იყო, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია, პარტიის ლიდერი როდის მოვიდოდა ოფისში. ლიდერის მსგავსად, ოფისში არ იყო არც ერთი წამყვანი სახე, ჯონდი ბაღათურია, გელა დანელია, ბადრი ნიაური და გაგა გუგავა ცსკ-თან აქციის ორგანიზებით იყვნენ დაკავებული, ამიტომ ისინი მოშიმშილეებთანაც ფრაგმენტულად თუ ჩნდებოდნენ.
შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში 4 საათზე გამოჩნდა და საგანგებო ბრიფინგი მოიწვია. ლეიბორისტულ ლექსიკაში ახალი ტერმინი გაჩნდა - „ნაციონალური მოძრაობა“ „ნიუიორკული მოძრაობით“ შეიცვალა. ნათელაშვილმა სააკაშვილს „გაღიმებული სიკვდილის ფორმულა“ უწოდა.
ბრიფინგის დაწყებამდე თანაპარტიელები დახურულ კარს მიღმა ლიდერს სთხოვდნენ, ასეთი მეტაფორებისაგან თავი შორს დაეჭირა, ნათელაშვილი მათ დაპირდა, რომ სააკაშვილს და ჟვანიას არც ცხოველებს შეადარებდა და არც მფრინავ თეფშებს, მაგრამ შალვა ნათელაშვილი როგორც კი საუბარს იწყებს, ფანტაზიის გაკონტროლება უჭირს. პარტიის ლიდერი ბრიფინგზე აცხადებს, რომ ის საპროტესტო აქციას არ შეწყვეტს და გააგრძელებს პერმანენტულად.
ცსკ-ს წინ მიტინგი ზუსტად შვიდის ნახევარზე დაიწყო, თუმცა შალვა ნათელაშვილი აგვიანებდა. აქცია თავიდან საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურებოდა, დღის მეორე ნახევარში იქ სულ ოცამდე ადამიანი იდგა. მხარდამჭერთა რიცხვმა საღამოს ექვს საათზე იწყო მატება, ხალხი შალვა ნათელაშვილის მოსვლას მოითხოვდა და როგორც კი პარტიის ლიდერი გამოჩნდა, აქციას სტუდენტთა გარკვეული ნაწილი შემოუერთდა, მხარდამწერთა რიცხვი თანდათან მატულობდა, საბოლოოდ კი, დაახლოებით, მათი ინფორმაციით, ათას ორასი კაცი შეიკრიბა.
„ალია“ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა:
- ახლა რომ დამიჩოქოს სააკაშვილმა, მე იმ პარლამენტში მაინც არ შევალ. აქციის მიზანი სხვა არის: ხალხი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს მტრებისგან. უნდა ამოვისუნთქოთ გიპნოზირებული ვარდების რევოლუციისგან, ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ხსნა სხვების ხელში კი არა, ქართულ ეროვნულ ძალებშია. სააკაშვილმა საზოგადოება ტყუილებით აავსო, ჩემი მიზანი ხალხისთვის სიმართლის დანახებაა. ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება ჩემი და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ის პარლამენტი გინდ ყოფილა და გინდ არა, სააკაშვილის ხელისუფლება მალე დაიმხობა. მას თავად ხალხი დაამხობს.
დღეს ჩემს აქციაზე თუ 1200 კაცი იყო, ხვალ გაცილებით მეტი იქნება, ზეგ - უფრო მეტი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე დავიღლები ანტიეროვნულ ძალებთან ბრძოლაში, მას შალვა ნათელაშვილი კარგად არ სცნობია. მე არ დამღლის არაფერი, ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული ხალხის თანადგომაა და ყველამ კარგად ნახა, რომ მე ეს არ მაკლია. აქციაზე მოსულები ძალით არავის მოუყვანია, არც ავტობუსები და „მარშრუტკები“ დაგვიყენებია კორპუსებთან, ცხვრებივით არავინ ჩაგვიყრია მანქანაში და არავისთვის დაგვირიგებია 20-20 ლარი, ოღონდ ჩვენს აქციაზე მოსულიყო. სააკაშვილის მიტინგობანაზე თუ ათასობით კაცი იდგა, იმიტომ, რომ სააკაშვილს ისინი მანქანებით მოჰყავდა. რა ვქნა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფინანსები, რომ რეგიონებიდან ხალხი მანქანებით ჩამოვიყვანოთ. ცხენით და ფეხით ხომ არ ჩამოვლენ?!
ბატონო შალვა, გამოსავალი მარტო აქცია იქნება?
- არა! ჩვენ შევქმნით ალტერნატიულ პარლამენტს, სახალხო პარლამენტს, სადაც ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიები. მერე ვნახოთ, რომელი პარლამენტი აჯობებს, სახალხო თუ „საახოვური“.
თქვენ დღეს ედპ-მ სოლიდარობა გამოგიცხადათ. რას ფიქრობთ ამაზე?
- ძალიან მიხარია, ეს არის ოპოზიციური პარტიების ერთად, დიდ ძალად წარმოჩენა. მიხარია, რომ ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ასეთი ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ხვალ სხვებიც შემოგვიერთდებიან, ოპოზიციური პარტიები დავდგებით ერთად და სააკაშვილს ვანახებთ, რას ნიშნავს ეროვნული ძალა.