ტერორისტული ორგანიზაციის, "ალ-ქაიდას" ლიდერმა, უსამა ბინ ლადენმა ინტერნეტბადეზე გამოაქვეყნა ახალი მიმართვა, რომლითაც ევროპას ავღანეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
"ჩრდილოეთ ავღანეთში თქვენი ამერიკელი მოკავშირეებისა და მათი დამქაშების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები რომ გენახათ, მიხვდებოდით, რატომ მოხდა სისხლიანი მოვლენები მადრიდსა და ლონდონში," - წერს უსამა ბინ ლადენი.
ამასთანავე, მსოფლიოს უპირველესი ტერორისტი აღნიშნავს, რომ აშშ ევროპას პრობლემების გადაწყვეტაში არ დაეხმარება.
მან მაგალითად მოიყვანა აშშ-ის ტაქტიკა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, 2008 წლის აგვისტოში.
"თქვენთან ახლოს მდებარე სახელმწიფოს - საქართველოს მაგალითზე შეგიძლიათ კარგი გაკვეთილი მიიღოთ: ამ ქვეყნის ხალხს ბომბავდნენ და ამცირებდნენ. მათ ამერიკელებს სთხოვეს, - დაგვეხმარეთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაშიო, მაგრამ ამერიკელები მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლნენ. ქართველებმა დაჟინებით მოითხოვეს კონკრეტული დახმარება. ამერიკელებმა მათ სამხედრო ხომალდები გაუზავნეს, მაგრამ არა ოსეთსა და აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად, არამედ იმისთვის, რომ მათთვის ჩაეტანათ ის, რაც არ სჭირდებოდათ - რამდენიმე კარავი, ცოტა საკვები და სარეცხი ფხვნილი", - ნათქვამია ბინ ლადენის მიმართვაში.
მსოფლიოს უპირველეს ტერორისტს არ ეეჭვება, რომ ავღანეთში მალე შეწყდება ომი და იქ ამერიკელთა კვალიც სამუდამოდ გაქრება.