(იბეჭდება შემოკლებით)
ნიკა სააკაშვილი (მიხეილ სააკაშვილის მამა):
- მამაჩემის დანატოვარ სახლში ვცხოვრობ, მისეული ავეჯი გვაქვს, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. შვილები აგრძელებენ ოჯახის ტრადიციას - ყოველ პირველ იანვარს ჩემთან იკრიბებიან. რაც შეეხება სამსახურს - ბალნეოლოგიურ კურორტს მომავლისთვის თანამედროვე დონის კურორტად ვაქცევთ. სახელმწიფო საკუთრებაა და ხალხს მოხმარდება.
რამდენიმე კვირის წინ მიშამ დაათვალიერა შენობა და დახმარებას დაგვპირდა. დახმარებას ველოდებით ერთ-ერთი ბიზნესმენისგანაც (გვარს ჯერ ვერ დაგისახელებთ).
ბატონო ნიკა, თქვენი ხელმძღვანელობით 27 მაისს ნუნისში ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი. რას უკავშირდება ეს ღონისძიება?
- საქართველო კურორტების ქვერყანაა. ჩვენ სახელი უნდა გავითქვათ არა მარტო შრომითა და ნიჭიერებით, არამედ უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ ეს დარგი - კურორტოლოგია. მსოფლიოს უნდა გავაცნოთ საქართველოს ბუნებრივი რესურსები. ეს სამეცნიერო სიმპოზიუმი ეძღვნება ღვაწლმოსილი კურორტოლოგის ალექსი რობაქიძის 80 წლისთავს. ნუნისში არაჩვეულებრივი მინერალური წყალია, რომელიც ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
თქვენი ვაჟებიდან ვინ აგრძელებს ოჯახის ტრადიციას - ემსახუროს მედიცინას?
- უმცროსმა ვაჟმა გიორგიმ დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მაგრამ ექიმობა არ ისურვა, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერია.
ბატონო ნიკა, რამდენად საამაყოა, რომ თქვენი სამუშაო კაბინეტის კედელს პრეზიდენტის სურათი ამშვენებს და ეს პრეზიდენტი თქვენი შვილია...
- აქ სხვა შვილებისა და შვილიშვილების სურათებიც მაქვს. მე მათით ვამაყობ.
მიშას პატივს ვცემ, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს და მიყვარს, როგორც შვილი. მან იტვირთვა ურთულესი მისია, პასუხისმგებლობა, ერის სამსახურის სიმძიმე. ადამიანურად მეცოდება, მაგრამ ვიცი მისი გასაქანი და მიზანდასახულობა. მჯერა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის, ეს ის ადამიანია, რომელიც საქმეს ხელს თუ მოკიდებს, გააკეთებს. მეც ასეთი ვარ სამსახურში.