ხანგრძლივი საპარლამენტო ჯიკავ-ჯიკავი 2000 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. „რესურსების გადანაწილება“ როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა სხვადასხვა რეგიონულ ჯგუფებს შორის.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დისკუსიებმა ძალიან მკაფიოდ პირველად ნათელყო, რამდენად ძლიერი პოზიციები აქვს ხელისუფლების შტოში „თბილისის დაჯგუფებას“. ეს გავლენა (პოტენციურად) გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ვთქვათ აჭარის რეგიონული დაჯგუფების გავლენა.
„თბილისურმა ელიტამ“ პარლამენტის ხელმძღვანელობაში უკვე „გაიყვანა“ გიგი წერეთელი და საერთოდ, ვანო ზოდელავას „გუნდს“ (თუ იგი ჟვანიას გუნდის შემადგენლობაში შევა) ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ ჯგუფმა ერთგვარი დამაბალანსებელი ფუნქციაც შეიძლება შეასრულოს მოქალაქეთა კავშირში, თუმცა მას თავის ვალდებულებებიც აქვს თბილისის გარკვეული წრეების მიმართ და „რესურსების გადანაწილებისას“ საკუთარ ინტერესებს მწვავედ დაიცავს.
თუმცა, ამ შემთხვევაში მან ყველა ბერკეტი ბოლომდე არ გამოიყენა და, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო კანცელარიაში სერიოზულად შიშობდნენ პარლამენტში ბიუჯეტის „ჩაგდებას“ - სწორედ თბილისურმა დაჯგუფებამ მოახერხა ბოლოს და ბოლოს ამ მრავალტანჯული დოკუმენტის „გატანა“. ოღონდ ამ პროცესში გიორგი ბარამიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგვარი „პოლიტიკური ავტონომია“ მოქალაქეთა კავშირის „ახალგაზრდული გუნდის“ შემადგენლობაში.
გია ბარამიძე თბილისელი მაჟორიტარია და „თბილისური დაჯგუფების“ მეკავშირედ იქცევა, ოღონდ „ჟვანიას გუნდთან“ საერთო სტრატეგიის ფარგლებში.
ნიშანდობლივია, რომ გია ბარამიძემ უპრეცედენტოდ მწვავედ „შეუტია“ ყოფილი საბჭოთა ელიტის ბობოლებს, ე.წ. „ელიტურ-ორდენოსან ინტელიგენციას“, რომელიც ძირითადად „შემოქმედებით კავშირებში“ არიან გაერთიანებულნი.
ეს არის წმინდად საბჭოთა გადმონაშთი, - მწერლებს იგივე პრინციპითა და მოტივით აერთიანებდნენ „ბრიგადებში“, როგორც მშენებლებს.
შეუძლებელია საქართველოში 500 იმ დონის მწერალი იყოს, რომელიც იმსახურებდეს სახელმწიფო დოტაციას. ასეთი რამ არსად ხდება – უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დაფინანსდეს 10-15 მწერალი და საერთოდ... ცნობილი ლექსისა არ იყოს, „ამ ჩვენს მშვენიერ პროზას, თუ გამოვაკლებთ „ოზას“ და დავუმატებთ „უწუნს“ - მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს!
ბარამიძის ეს განცხადება პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია და იგი უეჭველად მოასწავებს სერიოზულ კორექტივებს მთლიანად, საბიუჯეტო პროცესში 2000-2005 წლებისათვის.
რაც შეეხება ოპოზიციას, მისი არაკომპეტენტურობა ამ დისკუსიის დროსაც გამომჟღავნდა. მაგალითად, დაჟინებით მოითხოვდნენ აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების შეწყვეტას რუსეთისათვის, ხოლო ფინანსთა მინისტრი ონოფრიშვილი თავს კვლავ იმით იმართლებდა, რომ „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთში მცხოვრებნი – საქართველოს მოქალაქეები“.
ეს ოფიციალური ვერსიაა. სინამდვილეში, ხელისუფლებას არ შეუძლია ღიად დაასახელოს ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის იძულებული საქართველო იხადოს სეპარატისტთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური: საქმე ის გახლავთ, რომ საფასური ეხება რუსეთიდან – გაგრისა და გუდაუთის რაიონებისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიას. თუ საქართველო ამ ელექტროენერგიის საფასურს არ გადაიხდის, რუსეთი გაგრასა და გუდაუთას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს, რათა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს – არძინბა უმალვე ბრძანებს „საპასუხოდ“ ენგურჰესიდან – საქართველოს დასავლეთ რეგიონებისა და თბილისისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტას, რაც საქართველოში სრულ ენერგეტიკულ კოლაფსს გამოიწვევს.
სწორედ ეს არის ნამდვილი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ასეთი „გულჩვილობისა“ აფხაზეთში დარჩენილი სეპარატისტული მოსახლეობის მიმართ. არადა, ეს მილიონები საქართველოს მშიერ არმიასა და შიშველ-ტიტველ სასაზღვრო ჯარზე გადანაწილდებოდა ან პენსიონერებსა და უხელფასო „საბიუჯეტო მოსამსახურეებზე“.
2000 წლის ბიუჯეტისათვის „ჟანგბადის ბალიშად“ იქცა ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი 10 მილიონიანი საჩუქარი. შარშან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 96 მილიარდი დოლარის გადაჭარბებით შეასრულა – ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ამერიკაში არც ერთ ფინინსპექტორს აზრადაც არ მოუვა ქრთამის აღება, ისევე, როგორც ვერც ერთი მეწარმე ვერ გაბედავს ღიად განაცხადოს: „კანონი არ მომწონს და არ გადავიხდი!“
მიუხედავად ამისა, 96 მილიარდი დოლარიდან ამერიკამ საქართველოსთვის ვერც ერთი ცენტი ვერ გაიმეტა და ვერც გაიმეტებდა, ვინაიდან ამერიკელებს უკვე სერიოზულად აშფოთებთ ნავთობზე ფასების გაუთავებელი ზრდა და ეკონომიკური კრიზისის ეშინიათ. ოღონდ „დასავლური ეკონომიკური კრიზისი“ და „ქართული ფისკალური კრიზისი“ თვისებრივად განსხვავებული მოვლენებია.
სამაგიეროდ, ამერიკელებმა საქართველოს აჩუქეს 10 მილიონი დოლარის ღირებულების 35 ათასი ტონა ხორბალი. წლის განმავლობაში ხელისუფლება შეძლებს ეს საჩუქარი გაყიდოს ხორბლის შიდა ბაზარზე, ხოლო მიღებულით თანხა ჩარიცხოს ბიუჯეტში.
გარდა ამისა, „ქამარი შემოიჭირა“ პრეზიდენტმაც – მისი „სარეზერვო ფონდი“ თავდაპირველი 15 მილიონი ლარიდან – 9 მილიონამდე შემცირდა.
რაც შეეხება 2000 წლის ბიუჯეტის შესრულებას – არავის ეპარება ეჭვი, რომ არც ეს ბიუჯეტი შესრულდება, თუნდაც 90 პროცენტით. იანვარ-თებერვალში „გარღვევამ“ უკვე 32 მილიონ ლარს მიაღწია. აქედან აჭარის უშუალო წილი მხოლოდ 8-9 მილიონი ლარია. დანარჩენის მიზეზი – ისევ და ისევ „საბაჟო საცერი“ ანუ ეკონომიკური საზღვრების დაუცველობა და კორუფციაა.
მართალია თებერვალში მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ მაჩვენებელმა 80 პროცენტს ძლივს მიაღწია. წლის დასაწყისში ასეთი „ჩამორჩენის“ ანაზღაურება კი ძნელად თუ მოხერხდება. მაშასადამე 2000 წლის ბოლოსთვის განმეორდება გასული წლების ვითარება - იმ განსხვავებით, რომ შესრულების მაჩვენებელი ოდნავ უკეთესი იქნება (დაახლოებით 75-80 პროცენტი, ნაცვლად 65-70 პროცენტისა) – ოღონდ ამ „წარმატებაში“ ლომის წილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ერგება, რომელმაც მძლავრი ზეწოლით აიძულა ხელისუფლება, პირველად შეემუშავებინა შედარებით რეალისტური ბიუჯეტი.
მიუხედავად შემოსავლების (ვიმეორებ: შედარებითი) რეალისტურობისა, ეს „რეალური შემოსავლებიც“ კვლავინდებურად გადანაწილდა პრინციპით: ცოტ-ცოტა შეხვდეს ყველას, რათა არავის ეწყინოს.
შედეგად ყველა მაინც ნაწყენი დარჩა, მაგრამ არა იმდენად, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემები შეექმნა: ამაში ხელისუფლება „შორსმჭვრეტელი“ აღმოჩნდა, ოღონდ ასეთ ვითარებაში რაიმე სახელმწიფოებრივ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, ან საერთოდ რაიმე ეკონომიკურ თუ საინვესტიციო (გრძელვადიან) პოლიტიკაზე ლაპარაკი ზედმეტია: ვცხოვრობთ არა მხოლოდ ბიუჯეტიდან-ბიუჯეტამდე.
ერთადერთ იმედად ისღა რჩება, რომ 9 აპრილს დასრულდება „დიდი საარჩევნო“ ციკლი, რომელიც 1997 წელს „თვითმმართველობის არჩევნებით“ დაიწყო და ხელისუფლება (ანუ, როგორც ჩანს შევარდნაძე) ბოლოს და ბოლოს გაბედავს წავიდეს რისკზე და მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები, რაც გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისა თუ „ელიტური წრეების“ გაცოფებას გამოიწვევს, მაგრამ ქვეყანას საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს.
ალბათ იმ დროისთვის სავალუტო ფონდის ახალ განმკარგულებელ დირექტორსაც აირჩევენ – კლინტონის ადმინისტრაცია ამჯერად კამდესიუზე ბევრად მკაცრ და „მკვახე“ კანდიდატურას ეძებს.