საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ოპოზიციას უცენზურო მოწოდებით მიმართა და "უზრდელის" შეფასებაც დაიმსახურა. უცენზურო გამონათქვამი - "ერთი ადგილის აწევა" უმრავლესობის წარმომადგენელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას გამოიყენა.
აკაკი ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ ინიციატივას 2012 წლიდან პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გადატანის შესახებ მხოლოდ ის დეპუტატები ეწინააღმდეგებიან, რომლებსაც "ერთი ადგილის აწევა" ეზარებათ როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წასასვლელად, ისე ამომრჩეველთან კონტაქტისთვის.
ბობოხიძეს კორექტულობისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც მოუწოდა და ოპოზიციამაც. ოპოზიციონერმა ლევან ვეფხვაძემ აკაკი ბობოხიძეს ისიც შეახსენა, რომ ქუთაისში სამარშუტო ტაქსების პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ახვლედიანი იმყოფებოდა და არა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ კი, აკაკი ბობოხიძე უზრდელობაში დაადანაშაულა.